ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისშია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკვე თბილისშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. 

ნატო-ს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს: საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთანდა პარლამენტის წევრებთან.

სტოლტენბერგი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში 25 მარტს დასრულდება. ასეთი დატვირთვით ნატო-ს დღის წესრიგში ყოფნა მიანიშნებს, რამდენად პრიორიტეტულია საქართველო ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტზე ისაუბრა.

“დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს იქიდან გამომდინარე, რომ ვიზიტი იმართება ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ და მთლიანად ერთი კვირა არის უაღრესად ინტენსიური ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში. ნატო-ს გენმდივნის ვიზიტი ასევე ემთხვევა ნატო-ს სწავლებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე კვირაში ჩვენ გვაქვს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა. საქართველოს ეწვევა ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო გენერალიტეტის წარმომადგენლობა. ამავე კვირაში მე მექნება ბრიუსელში, ნატო-საქართველოს საბჭოს ფარგლებში ცალკე შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ერთი კვირის განმავლობაში ასეთი დატვირთვით ნატო-ს დღის წესრიგში ყოფნა მიანიშნებს, რომ რაოდენ პრიორიტეტულია საქართველო ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში”, – განაცხადა ზალკალიანმა.

info9.ge. ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.