სვანეთში უდიდესი კატასტროფა დაატრიალა… თუ იქ იმ მდინარის ტალღა დაარტყამს, გაგლიჯავს ენგურჰესს და ტალღა წალეკავს არა მარტო დასავლეთ საქართველოს, არამედ ტრაპიზონს და სტამბოლსაც.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებზე „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ რაც დღეს სვანეთში ხდება, ეს არის ნიშანი გეოპოლიტიკური კატასტროფის დაწყების, რადგან, როგორც ნათელაშვილი ამბობს, თუ ეს მოვლენები გაგრძელდა, მდინარის ტალღამ შესაძლოა ენგურჰესი გაგლიჯოს და საფრთხე არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მეზობელ თურქეთსაც დაემუქროს.

 

 

ნათელაშვილი ზემო სვანეთში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებში ივანიშვილს, კალაძეს და მმართველ პოლიტიკურ გუნდს ადანაშაულებს. ის აღნიშნავს, რომ არსებული ჰესების მშენებლობა სწორედ ივანიშვილს და კალაძეს სჭირდებოდათ შავი ფულის გასათეთრებლად.

 

 

„მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო და მოკითხვა გადავცე სვანეთის მოსახლეობას, სადაც ახლა ივანიშვილის მიერ დანთებული ცეცხლი, სტიქია წყლის სახით მძვინვარებს. ეს ყველაფერი არის იმ დანაშაულებრივი პოლიტიკისა და საქმიანობის შედეგი რასაც ივანიშვილი-კალაძე ახორციელებდნენ წლების განმავლობაში. მათ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, საქართველოს ძირითად ხეობებში და დედამიწის სამოთხეებში დაანთეს ცეცხლი. ივანიშვილის ხელისუფლებამ, გაანადგურა ჭოროხის ხეობა, გააქრო თერგი, მათ ააფეთქეს და დაძრეს დევდორაკი, ჩაკეტეს საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი. ისინი აგრძელებენ ახლა ლეჩხუმის დაპყრობას და რაც მთავარია, მათ თვალი დაადგეს განსაკუთრებით სვანეთს, ამ ულამაზეს ადგილს, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს დედამიწაზე და სწორედ ამ შავი ფულის გასათეთრებლად შემოსული მილიონები, რომელიც დაბანდებული იყო ოფშორებში ივანიშვილის და კალაძის მიერ და ვერ ათეთრებდნენ ვერაფრით, დარეგისტრირდა რაღაც უცხოური კომპანიების – ინდოელების და კორეელების სახელზე და დაიწყო საქართველოს დანგრევა, საქართველოს განადგურება და აი, რა უბედურება მოიტანა პოლიტიკურმა შეცდომამ.

 

 

ამ მდინარემ რამდენიმეჯერ შეიცვალა კალაპოტი, მიუშვეს უმძიმესი ტექნიკა, თხარეს, მიიტანეს უზარმაზარი მილები, სადაც აპირებდნენ ამ მდინარის ჩაგდებას. რა თქმა უნდა, ბუნებრივია ახლა, მდინარეც, ადამიანის ორგანიზმიც, ბუნებაც და კოსმოსიც, ვერ იტანს უხეშ ჩარევას, აფეთქებებით, მძიმე ტექნიკით, კრიმინალურად და შესაბამისად, დაიწყო ეს მთათა ნგრევის პროცესები და იმ მთასაც ნაწილი მოსწყდა.

 

განმაცვიფრა სოზარ სუბარმა, ეტყობა ახლა მინისტრის პორტფელს კარგავს და ცოტა შოკშია ამის შედეგად. აცხადებდა, ახლა თქვენთან, რომ „თუ წვიმა არ მოვიდა ყველაფერი კარგად იქნებაო“. შე მამაცხონებულო, წვიმის დროს უნდა იყოს მოსახლეობა უსაფრთხოდ, თორემ თაკარა მზეში ყველა არის კარგ ხასიათზე და არაფერი არ ხდება. ასე, ცუნამი რომ არ ყოფილიყო ინდოეთის ოკეანეში, 300 000 კაცი ცოცხალი იქნებოდა.

 

ეს არის უდიდესი გეოლოგიური და ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც დაატრიალა „ივანიშვილის ხროვამ“, იმისათვის რომ რაც შეიძლება მეტი მილიარდები და ქონება გამოგლიჯონ საქართველოს გულიდან, საქართველოს მთებიდან, ჩვენი ხეობებიდან, ჩვენი ოჯახებიდან, ჩვენი ხალხისგან და ეს დაიწყო საყდრისის აფეთქებით, გაგრძელდა საუკუნოვანი ხეების თხრით და დედამიწისთვის სახის შეცვლით. თუ კოსმოსიდან გადახედავ Google-ის სურათებით და Map-ით, სახეშეცვლილი საქართველო ჩანს, რომელიც გახრწნილი და გაუბედურებულია. დასაწყისია, რასაც ჩვენ ვხედავთ, ჯერ ყველაფერი არის წინ, ამიტომ უდიდესი ამოცანაა თითოეული ჩვენგანის – გაერთიანება, შეკავშირება და ამ რეჟიმის მოსპობა, მისთვის იმ ადგილის მიჩენა, რაც ეკუთვნის და მათ ეკუთვნით პასუხისმგებლობა პოლიტიკური, მორალური, სამართლებრივი და იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მათ მოგვაყენეს, ეს ზარალი ტრილიონებში გადადის და ძალიან ბევრ რაღაცას, ჩვენ ვერ გამოვასწორებთ. იგივე ვთქვათ, თერგს ჩვენ როგორ დავაბრუნებთ, წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ თერგი აღარ არის ხეობაში, პირდაპირ პატრიარქის სოფლის გვერდზე მდინარე აღარ არის, რომ ჩაივლი.

 

 

ახლაც, რაც ხდება სვანეთში, ვიმეორებ, ეს დასაწყისია და ეს გეოპოლიტიკური კატასტროფის ნიშანიც არის იმიტომ, რომ თუ იქ იმ მდინარის ტალღა დაარტყამს, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ჩვენც ხელი უნდა გავანძრიოთ, მარტო ღმერთი ვერ გვიშველის, ის გაგლიჯავს ენგურჰესს და ტალღა წალეკავს არა მარტო დასავლეთ საქართველოს, არამედ ტრაპიზონს და სტამბოლსაც კი დაარტყამს“, აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ხარაგაულში გვირაბების მშენებლობებთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს. მისი თქმით, ნაშალი მასალა მიაქვთ ხეობაში, მისალით იხერგება მდინარე და თუ მდინარემ ეს მასალა მოწყვიტა და წამოიღო, იქაც უდიდესი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით.

 

 

„იგივე რაც გააკეთეს ხარაგაულში, დაიწყეს გვირაბების გათხრა იმისათვის, რომ ბახტაძეს ეშოვა მილიონები – „ახლადგამოჩეკილ გოგლი-მოგლა“ პრემიერ მინისტრს, დაიწყეს გვირაბების აფეთქება. აპარატით კი არ თხრიან, მიწას აფეთქებენ და სოფლები ცვივა ამ გვირაბში, ნაშალი მასალა კი მიაქვთ ხეობაში, ჩაკეტეს მდინარე, რომელიც თუ გადმოსკდა, მოგვენატრება მერე ის, რაც დღეს მოხდა, რადგან წყლის ეს ნაკადი წაიღებს მთელ ხარაგაულს, ზესტაფონს, კოლხეთის დაბლობს და ჩაიტანს, სადღაც მოსკოვის სრუტეში“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“.
Guardian.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.

კომენტარები ფეისბუქიდან