“იქ საუბარიც კი არ ყოფილა არანაირ ნარკოტიკზე”- ირალი ნოზაძე

მომღერალმა ირაკლი ნოზაძემ ოპერაციის შემდეგ მის დაჭრის ფაქტთან დაკავშირეით “რუსთავი 2-თან” ისაუბრა. “პიკასოს” განცხადებით, სისულელეა თითქოს მას ნარკოტიკებთან ქონდეს კავშირი.

“ეს არის გრანდიოზული სისულელე და ერთადერთი ის არის, რომ შეიძლება, ყველაფერზე წავიდეს, ალბათ, თავდაცვის მიზნით ახლა, რომ ან შემოატრიალონ ან კვალიფიკაცია შეცვალონ. მეგობრები არიან და ალბათ, ლოგიკურია, რომ ერთად ან მოილაპარაკეს ან რაღაც მსგავსი მოხდა, თორემ იქ საუბარიც კი არ ყოფილა არანაირ ნარკოტიკზე”, – აცხადებს ნოზაძე.

მისი განცხადებით, უბრალოდ, თანხა ისესხა და ისე მოხდა, რომ ვერ მოახერხა დაბრუნება და სწორედ ამ პერიოდში მოყვა შელაპარაკება.

„თანხა ვისესხე, დღის განმავლობაში მეგონა, ჩამერიცხებოდა ჩემი ჰონორარი და უნდა დამებრუნებინა უკან. დღის განმავლობაში ისე წავიდა საქმე, რომ ვერ მოვახერხე დაბრუნება და ამ პერიოდში დარეკა და აუგი სიტყვებით მომიხსენია. შელაპარაკება გვქონდა ტელეფონზე იმიტომ, რომ ცუდად მომიხსენია ტელეფონზე, რა თქმა უნდა, მეც პასუხი გავეცი, მოვიდა ისეთი აგრესიით, რომ შემოვარდა ეზოში ყვირილით-წივილით, მანქანის ბღუილით და ა.შ. მანქანის ჩემ მხარეს შუშაზე დავინახე, რომ რაღაც მუშტით ეჭირა ხელში და შუშის ჩამტვრევას ცდილობდა და მაგ დროს მეც შესაბამისი რეაქცია მქონდა და თავის დაცვის მიზნით კარი გავაღე და კარებით მივაწექი, გავწიო მეთქი იქით და მაგ დროს რომ გადმოვედი, დავინახე, რომ ხელში დანა ეჭირა. რაღაც მოგერიების მიზნით ხელი მოვუქციე და ამასობაში უკვე ვიგრძენი, რომ ერთხელ დამარტყა და ხელი მივიფარე და მეორედ გამოვიდა კიდევ დარტყმა და ეს მყესიც მაგ დროს გადამეჭრა,“ – განაცხადა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს თამთა ჯანჯღავამ დაჭრა, რომელიც მეგობართან ერთად შსს-მ დააკავა. ნოზაძეს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს.

თამთა ჯანჯღავას სასამართლომ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის პატიმრობა შეუფარდა. ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პატიმრობა შეეფარდა ნათია თოფურიასაც.

ჯანჯღავას განცხადებით, თანხის სანაცვლოდ ნოზაძეს მისთვის ნარკოტიკული საშუალება “ამფეტამინი” უნდა გადაეცა, მაგრამ როდესაც დაურეკა მომღერალმა უთხრა, რომ არც თანხა ქონდა და არც ნარკოტიკული საშუალება, რასაც  მათ შორის შელაპარაკება მოყვა. კამათმა კი ნოზაძის სახლთან გადაინაცვლა, რა დროსაც მოხდა მომღერლის დაჭრა.