ინგუშეთში დაშალეს ბატალიონი, რომელმაც მომიტინგეთა დარბევაზე უარი განაცხადა.

ინგუშეთში დაშალეს რესპუბლიკის ცალკეული სასაზღვრო ბატალიონი, რომლის 19–მა წევრმა 26 მარტს ქალაქ მაგასში მიტინგის დაშლაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და აქციის მონაწილეთა მხარეს დადგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკის ხელმძღვანელ ევკუროვის ყოფილმა პრეს–მდივანმა კალოი ახილგოვმააცნობა.

მისივე მტკიცებით, ბატალიონის წევრებმა „როსგვარდიის“ თანამშრომლებს აქციის გამართვის ადგილთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს, რითაც რესპუბლიკას მსხვერპლი აარიდეს.

გასულ სამშაბათს მაგასში დაიწყო მრავალათასიანი მიტინგი რეფერენდუმის შესახებ კანონის წინააღმდეგ, რომლის განხილვაჩეჩნეთ–ინგუშეთისადმინისტრაციული საზღვრის საკითხზე დაწყებული დავის ფონზე მიმდინარეობდა. მიტინგი ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო, თუმცა პროტესტის პირველი დღის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა აქცია უვადოდ გამოაცხადეს. 27 მარტს ძალოვანებმა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს.

„იყო სამი შემოტევა  – დილის 04:00 საათზე, 07:30–ზე და 08:00 საათის შემდეგ. გათბობის შეუძლებლობის გამო გამთენიისას აქციის ადგილზე 200–250 კაცი რჩებოდა. ადგილიდან წასულთა ნაწილი დილით დაბრუნებას შეეცადა, თუმცა ძალოვანებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი ჰქონდათ და ეს შეუძლებელი გახდა. აქციის ადგილზე დარჩენილმა მონაწილეებმა ორივე მხრიდან ბარიკადები სკამებით აღმართეს, სკამებს იქეთ კი უკვე ძალოვანების კოლონები იდგნენ, რომლებმაც შეტევა წამოიწყეს ფარების ხელკეტების ბრახუნით. შეტევის დროისთვის მიტინგის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ იყო. რამდენიმე წუთში ძალოვანებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელკეტების გამოყენება დაიწყეს, რის შედეგადაც რამდენიმე მომიტინგე დაშავდა. აქციის მონაწილეები შიშველი ხელებით და სკამებით ცდილობდნენ თავის დაცვას, თუმცა ეს საკმაოდ რთული იყო. საბოლოო ჯამში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ერთ–ერთმა ძალოვანმა გამოაცხადა, რომ 5 დღეში აქციის მონაწილეებს ახალი მიტინგის გამართვის ნებას დართავდნენ, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები დაიშალნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს მოთხოვნებზე უარი ვთქვით. მომიტინგეები მოედანს ევკუროვის [ინგუშეთის ლიდერი] გადადგომის მოთხოვნით ტოვებდნენ“,– უამბო ჟურნალისტებს აქციისერთ–ერთმა მონაწილემ.
accent.com.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.