აშშ საქართველოს ნატოს წევრობას მაპის, აფხაზეთისა და ცხინვალის  რეგიონის გარეშე შესთავაზებს.

აშშ საქართველოს ნატოს წევრობას მაპის, აფხაზეთისა და ცხინვალის  რეგიონის გარეშე შესთავაზებს, მათზე ნატოს წესდების მე-5 მუხლის, რომელიც კოლექტიურ თავდაცვასა და უსაფრთხოებას გულისხმობს, გაუვრცელებლობით მანამდე, “სანამ საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით  არაღდგება”. აქაოდა, ეს აუცილებელია, იმიტომ, რომ ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა “შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში მიღება ოკუპირებული ტერიტორიების გამო რუსეთთან ომის ავტომატურად დაწყებას ნიშნავს” (იხ. ამერიკის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის _ Heritage Foundation-ის მოხსენება “საქართველოს ნატოში შესვლა აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის”. ავტორი _ ლუკ კოფი, დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი).

რუსეთისგან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაში საქართველოს დახმარებაზე ნატომ უარი თქვა, მეტიც _ საქართველოს გასაერთიანებლად თავის რიგებში ნატო ამ რეგიონების “დროებით” დავიწყებას მოითხოვს, “სანამ საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით არ გადაწყდება”. ესე იგი, ნატოს არც რუსეთისგან საქართველოს დაცვა შეუძლია, იმიტომ, რომ “რუსეთთან ომის ეშინია” (აშშ მხოლოდ “ფერად რევოლუციებში” იმარჯვებს, ომებში მარცხდება).

მაგრამ, თუ არც პირველია და არც მეორე, მაშინ რისთვის სჭირდება საქართველოს ნატო?

ან რატომ უნდა ეშინოდეს რუსეთისა საქართველოს? _ იმიტომ, რომ რუსეთს არ უნდა, საქართველო ნატოში შევიდეს და ამგვარად ნატო “რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდეს”, რისთვისაც რუსეთი “მუშაობას განაგრძობს” (იხ. კარასინის ინტერვიუ ТАСС-თან). ესე იგი, თუ საქართველო ნატოში არ შედის,  რუსეთის აღარ უნდა ეშინოდეს?!

და, თუ რუსეთისგან არა, მაშინ  ვისგან შეუძლია ნატოს საქართველოს დაცვა?მოძმე სომხეთისა და აზერბაიჯანისგან ან ნატოს წევრი თურქეთისგან? თუ თურქეთისგან, მაშინ გამოდის, რომ ნატომ საქართველო… ნატოსგან უნდა დაიცვას?!საქართველო ხომ, ჩამოთვლილთა გარდა, არც ერთ სხვა ქვეყანას არ ესაზღვრება! თუმცა, თუ თურქეთს, აშშ-ისა და რუსეთის ჩუმი თანხმობით, აფრინში შეჭრა გამოუვა, შემდეგი იქნება აჭარა _ ის, რომ ყარსის ხელშეკრულების ვადა მალე ამოიწურება, ერდოღანს გაცილებით მეტად იზიდავს, ვიდრე სისხლისგან დაცლილი “ქურთისტანი”. ხოლო რა შეიძლება შემდეგ აშშ-ისა და რუსეთის ჩუმი თანხმობით საქართველოში მოხდეს, ამ წერილის პრეამბულაშია ნათქვამი.

საქართველოში ამერიკის პრეზიდენტის ნაცვლის სასახლე, ანუ აშშ-ის საელჩო თბილისის გარეუბანში (საქართველოს სამხედრო გზაზე): ფანჯარა-სათოფურებიანი ბეტონის ბასტიონი მთელ პერიმეტრზე დაცული შიშველი ზონის ცენტრში, მიწისქვეშა თავშესაფრით, სამხედროებისთვის ყაზარმებითა და იარაღიანი ბუნკერებით

* რატომ არ ესმით საქართველოში კარასინის?

“ჩვენ ვხედავთ შეერთებული შტატებისა და ნატოს გააქტიურებას საქართველოში. ციფრებს არ მოვიყვან, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზარდა იარაღის მიწოდება. ვხედავთ, რომ ვაზიანი საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა საქართველოს რეგულარული შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ჩვენს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი მეზობლების შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება საქართველოს შესაძლო გაწევრებას ალიანსში, მოდი, მოვლენებს წინ ნუ გავუსწებთ და ოპტიმისტებად დავრჩეთ (იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს ნატოში არ მიიღებენ თუ… _ ა.ხ.). თავის მხრივ, რუსეთი განაგრძობს მუშაობას იმაზე, რომ არარეგიონული სამხედრო–პოლიტიკური ბლოკები ჩვენს საზღვრებს არ მოუახლოვდნენ და კიდევ უფრო  არ გააღრმავონ ჩვენს მეზობლებთან  ისედაც არსებული სირთულეები” (კარასინის ინტერვიუდან. ТАСС-ს).

რომელ საზღვარს გულისხმობს  კარასინი, როდესაც ლაპარაკობს  “რუსეთისა და მისი მეზობლების შეშფოთებაზე”  საქართველოს ალიანსში შესვლის შემთხვევაში რუსეთის საზღვრებთან ნატოს მიახლოების გამო? _ რუსეთ-საქართველოს საზღვარს? მაგრამ, თუ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მეზობლებად აღიარებს, მაშასადამე, იქ რუსეთ-საქართველოს საზღვარი არ გადის, ესე იგი კარასინს მხედველობაში აქვს რუსეთ-საქართველოს საზღვრის დანარჩენი 572 კილომეტრი, რომელიც კავკასიის ქედზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზე, გადის; და, აგრეთვე, რუსეთის “მეზობლების” _ საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრები.

და რას გულისხმობს კარასინი “მუშაობის გაგრძელებაში”? _ ალბათ, ისეთ ქმედებებს, რომლებიც “ოპტიმისტებად დარჩენის” საშუალებას აძლევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მისაღებად. აი ამ შემთხვევაში, თუ საქართველო ნატოში შევა, “არარეგიონული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი” რუსეთ-საქართველოს საზღვარზე აღმოჩნდება არა მხოლოდ არასტაბილურ პანკისის ხეობაში, არამედ მდინარე ენგურზეც.
. არნო ხიდირბეგიშვილი. Geworld.ge.