აჩვენე ის ადგილები, სადაც დახოცეს, მაგრამ უთხარი, რომ ვითომ შენ დახოცეო.

მალხაზ კობაურმა, რომელსაც სმიტების ოჯახის დახოცვისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯა, სასამართლო ძიების პროცესში პრაიმ ტაიმს ადვოკატის მეშვეობით წერილი გაუგზავნა.

წერილში ნათქვამია:

„მითხრეს, ნუ გეშინია, სიმართლე თქვიო. განყოფილებაში შემოიყვანეს, ოთახში დამსვეს სკამზე და დამადეს ბორკილი. შემოდის ზაზა მიხაკიშვილი (პოლიციის თანამშრომელი) და მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მეუბნება, რომ მომეყოლა სიმართლე. ვუთხარი, სიმართლე, რომ გითხრათ ოჯახს დამიხოცავენთქო. ვუთხარი პოლიცია დააყენეთ ჩემს სახლთან და შემდეგ გეტყვითთქო. ზაზამ დაურეკათ – წილკანში, მეორე რიგზე პოლიცია ამოძრავეთო. მითხრა, ახლა დაიწყე სიმართლის მოყოლაო. მოვყევი სიმართლე. ცოტა ხანი გავიდნენ გარეთ, 30 წუთის შემდეგ შემოვიდა ზაზა მიხაკიშვილი, შემოიტანა ფურცლები და დამიდო მაგიდაზე. მეუბნება, წაიკითხეო. ვუთხარი, კითხვა არ ვიცითქო. მე წაგიკითხავო. დაიწყო წაკითხვა. ვუთხარი ამას არ ვიტყვითქო. მეუბნება, რატომ თქვი, რომ შენი ჩადენილი არ არისო. გადავიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, გადახვეულ ქაღალდებს მირტყამდა. ნუ მირტყამთქო, რომ ვუთხარი წიხლი დამარტყა და სკამიდან გადამაყირავა. თავი „სტოლის“ კუთხეს ჩამოვარტყი, სახის ერთი მხარე სულ გამექლითა. შემოვიდა ერთ-ერთი პოლიციელი და ზაზას უთხრა – რა სჩადი, გაანებე თავი, ცოდოაო. გამანება თავი და მითხრა – რასაც გეტყვი, იმას იტყვიო. გავჩუმდი, ხმა არ ამოვიღე. მითხრა – თუ იტყვი, რომ შენ დახოცე შენს ოჯახსაც დავიცავთ და შენც შიდაპატიმრობას მოგცემთო. კარგი, ვიტყვითქო. დამაზეპირებინეს და მომაყოლეს ბევრჯერ, შემდეგ, როცა მათი დაზეპირებული სიტყვები მომაყოლეს შევეკითხე, ციხეში გამიშვებთ, თუ შიდაპატიმრობას მომცემთთქო. შიდაპატიმრობასო – მითხრა.

შემდეგ გამიყვანეს გარეთ, ამიღეს სისხლი, თმები, ფრჩხილები, ნერწყვი და სხვა ნიმუშები. ზაზამ მითხრა, ახლა გამომძიებელთან გაიმეორე ის სიტყვები, რაც ჩვენ მოვყევით, შემდეგ მთაში წაგიყვანენ და აჩვენე ის ადგილები, სადაც დახოცეს, მაგრამ უთხარი, რომ ვითომ შენ დახოცეო. გამიყვანეს გამომძიებელთან და მოვყევი, რაც ზაზამ მითხრა. მითხრეს, ხელი მომეწერა რაღაც ფურცლებისთვის, არ ვიცოდი იქ რა ეწერა, რა ფურცელი რას ნიშნავდა. ვუთხარი, ვერ მოვაწერ ხელსთქო. ხელისმოკიდებით მომაწერინეს და წამიყვანეს მთაში. გზაზე, ქვეშეთის ხიდთან გააჩერეს მანქანა, ზაზა მოვიდა და მითხრა, რაც გითხარი ყველაფერი ისე გააკეთე, მე უნდა წავიდე, შენი ოჯახის წევრებთან დავაყენებინო დაცვა და მოსამართლეს დაველაპარკო, რომ შიდაპატიმრობა მოგცესო. ამიყვანეს ჩანჩქერზე და იქიდან დაიწყო გამოძიება მუქარით, ძალადობით და ტყუილით“.
პრაიმ ტაიმი.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.