ირაკლი ალასანია: მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ უკვე ფიზიკურადაც დავიწყოთ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმის შესახებ კომენტირებისას განაცახდა, რომ ქართული მართლმსაჯულება ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით იმართება. ალასანია არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ” არაფორმალური მმართველობის ” წინააღმდეგ ბრძოლა “ფიზიკურადაც” წამოიწყოს. აღნიშნული განცხადება მან “ტვ პირველის” ეთერში “ინგა გრიგოლიას დღის ამბებში” პირდაპირი ჩართვისას, რამდენიმე დღის წინათ გააკეთა. ალასანიამ აღნიშნა, რომ მის თანამებრძოლებთან ერთად “ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილს არ დავუთმობთ”.

“რასაც ბიძინა ივანიშვილიო იტყვის და უკვეთავს იგივეს იძახის საქართველოს მოსამართლეები. ეს იქნება, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს იქნება რეალურად საბოლოო წვეთი იმაში, რომ მოვლენები გადავიდეს ახალ ფაზაში. მე მართლაც მოვუწოდებ საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ უკვე პირდაპირ დავიწყოთ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ, ფიზიკურადაც. მე დავიწყებ ხალხის მობილიზებას და ჩემი მხარდამჭერების მობილიზებას ქუჩის საპროტესტო აქციებში, იმიტომ რომ ეს იქნება ბოლო წვეთი მოთმინების, რომელიც ჩვენ ყველას დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოყვარე ხალხს საქართველოში დაეცემა, ასე ვთქვათ, ბოლო წვეთად და ჩვენ შევცვლით რეალურად ამ ხელისუფლებას, როგორც ბიძინა ივანიშვილის დანამატს. ეს გამოაჩენს კიდევ ერთხელ იმას, რომ აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოვა პრემიერ მინისტრად, ვინ მოვა ხელისუფლებაში, მთავრობაში – გამოაჩენს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად მართავს ჩვენს ქვეყანას. მე, ირაკლი ალასანია, ჩემი პარტია, თანამებრძოლები და მხარდამჭერები ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილს არ დავუთმობთ. ეს არ არის მისი საკუთარი ფირმა, ეს არის ქვეყანა, რომელიც არის ყველა ჩვენგანის და ბიძინა ივანიშვილის ადგილი პოლიტიკაში რომ არ არის, ქართულმა საზოგადოებამ გამოკითხვებშიც დაადასტურა”, განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

http://guardian.ge