დღეს ჩვენ ისე ახლოს ვგრძნობთ თავს ნატოსთან, როგორც არასდროს” _ ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს ბოლო სამიტზე გააკეთა. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა იგრძნო თავდაცვის მინისტრმა ან საიდან “შეაქანა” _ ზევიდან, ქვევიდან თუ გვერდიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველებს ნატოსთან ასეთი “ჯერარნახული სიახლოვის” შესახებ ფრაზები, სულ ცოტა, 20 წელიწადია, გვესმის.
ამ 20 წლის განმავლობაში კი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, წესით, უკვე ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ რეალურად საქართველოს რუსეთის შესაჩხიკინებელი ჯოხის ფუნქცია აკისრია თავისი ახალი “სტრატეგიული პარტნიორებისგან” და მეტი არაფერი.
მერამდენედ ვაკეთებ ასეთ შედარებას: კი, ბატონო, არანაირად არ ეკითხება მეზობელს, შენს ბოსტანში რას გააკეთებ, მაგრამ, თუ შენი და მეზობლის საერთო ღობესთან დააყენებ ვინმე გადამთიელს, რომელიც უახლოეს წარსულში მტრობ და შენს მეზობელს და ახლაც მოსალოდნელია, რომ ან
შენი მეზობლის ბოსტანში დაიწყოს ქვების სროლა, რა თქმა უნდა, ეს შენსა და მეზობელს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდება. თუ ეს მეზობელი შენზე გაცილებით ძლიერია, არც ის გაუჭირდება, თავისი ღობე იქამდე გადმოწიოს, სადაც შენ ქვასროლია“ სტუმარი” დაუყენე.
როგორ ფიქრობთ, თუკი ამ “ქვასროლიას” იქ დაყენებაზე ვინმემ წაგაქეზათ, შემდეგ დაინახა, რაც დაგმართათ იმ ძლიერმა მეზობელმა _ როგორ გადმოგიწიათ ღობე თქვენს ბოსტანში და ერთდერთი, რასაც ამის გამო აკეთებს, არის ის, რომ შეშფოთებული სახით გეუბნებათ: ნწუ! ნწუ! ნწუ! ნწუ! რა ავი და აგრესიული მეზობელი გყოლია, კაცოო, _ასეთი ვინმე ნამდვილად შენი კეთილმოსურნეა?
და განა სხვა რამეს აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ?
ერთადერთი, რაც სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით გააგრესიულებული რუსეთის საპასუხოდ “მსოფლიო საზოგადოებამ” გააკეთა, იყო განცხადება: ხედავთ, კაცო, რა აგრესიული სახელმწიფო ყოფილა რუსეთი?!
და ჩვენც ბავშვებივით გაგვიხარდა: აგე, მსოფლიოსაც ხომ დავანახვეთ უკვე, რომ რუსეთი აგრესიული სახელმწიფო ყოფილაო.
ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას დამკვიდრებულ ტრენდზე: “პუტინი საქართველოს მტერია!” _ ამ ფრაზას შემოგჩრიან პირში იმწამსვე, როგორც კი ამ თემაზე კამათისას რუსეთის პრეზიდენტის სახელს ახსენებ. თუკი ოდნავ მაინც დაფიქრდი პასუხის გაცემისას, “ეროვნულ ნამუსზე” ამგდები შეძახილების “ტყვიამფრქვევიც” მზად არის: “რა, არ არის პუტინი საქართველოს მტერი?” “როგორ, შენ არ აღიქვამ პუტინს, როგორც მტერს?” “პუტინი, შენი აზრით, არ არის მტერი?” “არ არის მტერი პუტინი?”
და სხვა შანსი არ გაქვს _ ან უპირობოდ უნდა აღიარო პუტინი საქართველოს მტრად, ან გადაიხვეწო საქართველოდან გიორგი სააკაძესავით.
არადა, პუტინი საქართველოს მტერი კი არა, იმ ქვეყნის მტერია, რომელიც მისი ქვეყნის საზღვართან ჯიუტად ცდილობს, ნატოს, ანუ რუსეთის მტრის მიჩოჩებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი რუსეთის მტრის ხელის შემწყობის მტერია და მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამ “მტრის მეგობარს” საქართველო ერქმევა თუ ბანგლადეში! ბანგლადეში რომ იყოს რუსეთის სამხრეთით მოსაზღვრე ქვეყანა და ის ცდილობდეს ნატოს მიახლოებას რუსეთთან, მაშინ პუტინი ბანგლადეშის მტერი იქნებოდა! მაგრამ, საქართველო რომ მდებარეობდეს სამხრეთ ამერიკაში, არა მგონია, პუტინი მაინც საქართველოს მტერი ყოფილიყო.
ყოველივე ამაში არაფერია გასაკვირი და სრულიად ლოგიკურია რუსეთის პრეზიდენტის ასეთი დამოკიდებულება “მტრის მეგობართან”. ეს ასე იქნება მერეც, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი, 10, 20 თუ 50 წლის შემდგომ, აღარ იქნება ვლადიმერ პუტინი და იქნება ვინმე ივან ივანოვი, ანუ რუსეთის პრეზიდენტის კონკრეტულ სახელსა და გვარსაც ზუსტად ისევე არ აქვს მნიშვნელობა, როგორც რუსეთის სამხრეთით მოსაზღვრე ქვეყნის დასახელებას.
ხოლო იმის მცდელობა, რომ რუსეთს “ავუხსნათ”: ნატო შენი მტერი არ არის და ნუ გეშინია მისიო, უბრალოდ, სასაცილო იდიოტობაა. რუსეთი აცხადებს, რომ ნატოს აღიქვამს მტრად და მორჩა.
აი, ვიდრე ასეთი აბსტრაქციით არ დაინახავს ქართველი საზოგადოება რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს და, საზოგადოდ, გლობალურ მსოფლიო პოლიტიკასაც, მანამდე ნამდვილად არაფერი გვეშველება.
ბაკურ სვანიძე. გაზეთი საქართველო და მსოფლიო.