მეუფე პეტრემ (ცაავა) განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა და ასეთ შემთხვევაში თავს „შეურაცხყოფილად იგრძნობდა“.

 

„მე ვაფასებ მომლოცველობას და შემატყობინეს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ჭყონდიდის ეპარქიის მომლოცველობა, სტუმარი ღვთისაა“, ასე უპასუხა მეუფე პეტრემ TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“ დასმულ შეკითხვას, თუ ვისი ინიციატივით შედგა მასსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა.

„ბატონი ბიძინა ჩვენთან მოვიდა სოფელ ხიბულადან, ადგილიდან, რომელსაც მე წიწამურს ვადარებ“, აღნიშნა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა და შეკითხვაზე, იყო თუ არა საუბარი სამეგრელოში რიგგარეშე არჩევნებზე.

„მინდა გითხრათ, რომ მსგავს თემებზე [არჩევნებზე] საუბარი არ ყოფილა. თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი“, აღნიშნა მეუფემ და დასძინა, რომ დავით აღმაშენებლის, ამბროსი ხელაიას და ზვიად გამსახურდიას ეპოქებზე იყო საუბარი.

მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე უნდა იყოს გამოძიებული და უნდა შეფასდეს 90-იანი წლების მოვლენები. 

მეუფე პეტრემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ციანიდის საქმეზე თავისი პოზიცია და ანალიზი გაუზიარა და ივანიშვილმა მას „ყურადღებით მოუსმინა“. 
„მე ვკითხე და როგორც საუბრიდან დასკვნა გამოვიტანე, საპატრიარქოს აქვს ეს ფაქტობრივად, მისი პასუხისმგებლობაა შეწყალება. ბუნებრივია, ვინ უნდა მოითხოვოს, როგორ შეიწყალებს ხელისუფლება, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და რასაც ველოდებოდი, ლოგიკურია, რომ ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ აქვსო, საპატრიარქომ იშუამდგომლოს და დავუშვათ, პრეზიდენტმა შეიწყალოს, ნამდვილად. ესეც ვიცოდი, ესეც ვფიქრობდი, ესეთი განწყობაც მქონდა და არ მოვტყუებულვარ ამაში, რომ ხელისუფლებას აქვს წინააღმდეგობა, არანაირი ლოგიკა არა არსებობს, რომ ხელისუფლების ნება არ იყოს ამ მღვდლის გარეთ ყოფნა“, აღნიშნა მეუფე პეტრემ და კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ ეს მისი შთაბეჭდილებებია. 
guardian.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.