ანკარა პენსის ამ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა და აშშ–ს საპასუხო ულტიმატუმი წაუყენა.

ვაშინგტონი ანკარას ულტიმატუმს უყენებს. აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი მაიკ პენსი თურქეთს მოუწოდებს, NATO–ს წევრობასა და რუსული წარმოების S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შესყიდვას შორის  არჩევანი გააკეთოს.

„თურქეთმა უნდა  აირჩიოს, დარჩეს ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად, ან რისკის ქვეშ დააყენოს ეს პარტნიორობა მსგავსი უგუნური გადაწყვეტილებებით, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს ალიანსს“, – წერს პენსი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

ანკარა პენსის ამ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა და აშშ–ს საპასუხო ულტიმატუმი წაუყენა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკეთოს შემდეგი არჩევანი: გადაწყვიტოს, დარჩეს თურქეთის მოკავშირედ, ან ტერორისტებთან გაერთიანდეს და ამით ჩვენი მეგობრობა რისკის ქვეშ დააყენოს“, – დაწერა „ტვიტერში“ პირად გვერდზე თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ.

აშშ-მა არაერთხელ გააფრთხილა ანკარა, რომ თუ თურქეთის ხელისუფლება საჰაერო თავდაცვითი სისტემის შეძენის თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს გააგრძელებდა, ვაშინგტონი გადახედავდა წინადადებას, რომელიც თურქეთს შესაძლებლობას აძლევდა, ამერიკული F-35 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები შეეძინა.

რუსეთმა და თურქეთმა S-400–ების შესახებ გადაწყვეტილება 2017 წლის დეკემბერში მიიღეს. შეთანხმების თანახმად, მოსკოვი საზენიტო კომპლექსების პირველ პარტიას  თურქეთს 2020 წელს გაუგზავნის.

ანკარა-ვაშინგტონისდაპირისპირების შესაძლო შედეგები საქართველოსთვის 

ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილიმიიჩნევს, რომ ეს საკითხი საქართველოს პირდაპირ ეხება:

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მოუწოდა თურქეთს, გააკეთოს საბოლოო არჩევანი NATO-ში წევრობასა და რუსეთს შორის. ეს თემა პირდაპირ გვეხება ჩვენც, რადგან თურქეთი ჩვენთვის NATO-ს წევრი ერთადერთი უშუალო მეზობელია და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე სასიცოცხლოდ გვჭირდება მისი ალიანსში ყოფნა.  თურქეთის NATO-დან გასვლის შემთხვევაში კი უამრავი საფრთხე წარმოიქმნება როგორც მთლიანი რეგიონისთვის, ისე  საქართველოსთვის“, – წერს ბატიაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე.

საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტ გიორგი გობრონიძის აზრით, მართალია, სადღეისოდ რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები თითქოს დალაგებულია, მაგრამ ძალიან მალე, დიდი ალბათობით, იმაზე მეტად გაუარესდება, ვიდრე ადრე ყოფილა და კრიტიკული არჩევანის წინაშე აღმოჩენის შემთხვევაში ანკარა არჩევანს დასავლეთის სასარგებლოდ გააკეთებს:

“ჯერ–ჯერობით რუსეთი და თურქეთი არ მისულან იმ კრიტიკულ წერტილამდე, სადაც ისინი არ დაელაპარაკებიან ერთმანეთს. ეს ხდება ახლა ახლო აღმოსავლეთში. რუსეთისა და თურქეთის პოლიტიკები ერთ რამეში ჰგვანან ერთმანეთს: რუსეთი საქართველოს უკანა ეზოდ აღიქვამს და არ სიამოვნებს აქ სხვა აქტორების გამოჩენა. ანალოგიურია თურქეთიც, რომლისთვისაც მაინცდამაინც არ არის სასიამოვნო მოვლენა ის, რასაც რუსეთი სირიაში აკეთებს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც თურქეთი შეძლებს სხვა საკითხების დალაგებას, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში საკითხი, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთიდან უნდა გავიდეს. და აი, ამ მომენტში უკვე ძალიან დაიძაბება ამ ორი ქვეყნის ურთიერთობები, რადგან რუსეთი ძლივს გახდა, მისივე მოსაზრებით, საერთაშორისო დონის პროაქტიური მოთამაშე და თუ რაღაც მომენტში თურქეთი ეტყვის, წადიო, ეს ნამდვილად არ მოეწონება. ამის პირველი ნიშნები უკვე სახეზე იქნებოდა, უბრალოდ დროში გადაიწია, თუმცა ეს მოვლენა გარდაუვალია. ასევე საკითხი, თუ ვინ არის ლიდერი რეგიონში, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და კავკასიის რეგიონთან მიმართებაში და აქაც აუცილებლად დაეძაბებათ ურთიერთობები. რომ გადახედოთ რუსეთ–თურქეთის ურთიერთობებს, ისტორიის მანძილზე მუდმივად ვხვდებით დაახლოებებს, რომელიც ბოლოს ომით მთავრდება. იმედია, ახლა ომი აღარ მოხდება, მაგრამ ურთიერთობების გაუარესება ნამდვილად მოსალოდნელია. ამდენად, ძალიან მალე შესაძლოა, ისევ გავხდეთ რუსეთ–თურქეთის ურთიერთობების დაძაბვის მომსწრენი და არ უნდა გვქონდეს ილუზია და ცრუ მოლოდინი იმისა, რომ ოდესმე, თეორიულად (რისი ალბათობაც ძალიან დაბალია), ნატო–ს კოალიციასა და რუსეთის ომის შემთხვევაში, თურქეთი არ გამოიყენებს თავის შესაძლებლობებს რუსეთის წინააღმდეგ – გამოიყენებს და თან როგორ!” -განუცხადა”აქცენტს” გობრონიძემ.  

რაც შეეხება ამ კონტექსტში საქართველოს, ანალიტიკოსი საკითხს შავი ზღვის ასპექტში განიხილავს და თვლის, რომ ნატო–რუსეთის სამომავლო ჰიპოტეთიური დაპირისპირების პირობებში თურქეთს ძალუძს, რუსული შავი ზღვის ფლოტი რამდენიმე საათში გაანადგუროს.

“მართალია, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ქართველებს გვაშინებს, მაგრამ ვერანაირად ვერ აშინებს ნატო–ს წევრ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც შეუძლიათ, რეალური კონტრიბუცია შეიტანონ ალიანსის თავდაცვის ძალებში საკუთარი არმიებით. ასეთია, მაგალითად, თურქეთი, ნატო–ს მეორე არმია, როგორც ასეთი. დღეს შავ ზღვაზე ყველაზე ძლიერი კომპონენტი თურქეთის რესპუბლიკას აქვს და მას ძალუძს, რუსული შავი ზღვის ფლოტი რამდენიმე საათში გაანადგუროს”.
accent.com.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.