ტერიტორიების  თემა  საქართველოს საჯარო პოლიტიკიდან შეუმჩნევლად ამოვარდა.

დღეს ბევრი  ლაპარაკობს იმ  შეცდომებზე, რომლებიც  “ქართულმა ოცნებამ” და  მისმა შემქმნელმა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების  სათავეში მოსვლის შემდეგ დაუშვეს,  მაგრამ იყვნენ და  არიან ადამიანები,  რომლებიც,  მიუხედავად იმისა,  რომ თავიდან მხარს  უჭერდნენ “ქართული ოცნების” ბრძოლას  სააკაშვილის ქართველთ მოძულე რეჟიმის წინააღმდეგ,  ამ პოლიტიკური ძალისა და მისი  ლიდერის ბევრ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ. ამ ადამიანთა შორის  არის პოლიტოლოგი, პოლიტიკურ  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  ალექსანდრე ჭაჭია, რომლის პოლიტიკური პროგნოზებიც საქართველოში პროცესების განვითარების შესახებ ზედმიწევნით ასრულდა. წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების I ტურის შემდეგაც “საქართველო და მსოფლიო”  უამრავ წერილს იღებდა და იღებს მკითხველისგან.  მათ აინტერესებთ  ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებები და შეფასებები საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებზე.  ჩვენ დავუკავშირდით ბატონ ალექსანდრეს კომენტარებისთვის, მაგრამ,  რაკი ბოლო ექვს წელიწადში ქვეყანაში სასიკეთოდ არაფერი არ შეცვლილა, ხოლო  არსებულ ვითარებაზე მისი თვალსაზრისი და შეფასებები სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა პერიოდულ პრესაში,   იმავეს გამეორებაში აზრს ვერ ხედავს.

ამიტომ მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდებს პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან, სადაც ალექსანდრე ჭაჭია საუბრობს პრეზიდენტის ინსტიტუტზე, “ქართულ ოცნებაზე”, ივანიშვილზე,  კოაბიტაციაზე, საქართველოს  პერსპექტივებსა და სხვა საკითხებზე. მის მიერ ადრე  გაკეთებული შეფასებები და პროგნოზები  ზუსტად ესადაგება დღევანდელ რეალობას.

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემა

* “საერთოდ, ივანიშვილის ქცევიდან,  მისი საკადრო პოლიტიკიდან,  რიტორიკიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ჩვენი კონფლიქტების მოგვარება არც  პირადად მისთვის და არც ამ  ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.   თუ თქვენ შენიშნეთ, ტერიტორიების  თემა  საქართველოს საჯარო პოლიტიკიდან შეუმჩნევლად ამოვარდა.  არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია, არსებითად, ამ საკითხს არ ეხება.  რაკი აცნობიერებენ,  რომ  მათგან ვერც ერთი ვერ ახერხებს,  თუნდაც  შეუდგეს ამ პრობლემების მოგვარებას,  ცდილობენ, მათ გვერდი აუარონ,  ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლონ, არ  გაამახვილონ საზოგადოების ყურადღება  ამ, მათი  აზრით, უიმედო თემებზე.  თუთიყუშივით იმეორებენ ივანიშვილის  გაუგებარ სენტენციას: “ჩვენს ძმებ აფხაზებსა და ოსებთან ერთად ავაშენებთ აყვავებულ საქართველოს”.  რომელმა აფხაზმა გიწოდა ძმა?  რომელი ოსი დაგთანხმდა ერთად ქვეყნის აშენებაზე?  გაიხსენეთ სააკაშვილის მმართველობის პირველი წლები, ისიც ლაყბობდა ძმობაზე,  ამზადებინებდა ისეთ სამარცხვინო კლიპებს, როგორიცაა “გამარჯობა,  აფხაზეთო, შენი!”,  სადაც დაქირავებული მომღერლები ყველას აფხაზეთში ეპატიჟებოდნენ.  სოხუმში სიამოვნებით აჩვენებდნენ ამ კლიპს, რათა დაეცინათ ბრიყვი ქართველებისთვის.  არავის სჭირდება ძმობის შესახებ  მტკიცებები, ამის არავის  სჯერა, ეს არაფრის მომცემია,

საკუთარი ღირსების დამცირების გარდა.  საჭიროა პრაგმატული, არსებითი  დიალოგი რუსეთის დაინტერესებული მონაწილეობით, მაგრამ  ამგვარი დიალოგის დაწყების არც  სურვილი და  არც შესაძლებლობები ახალ  ხელისუფლებას არ აქვს, ისე, როგორც არ ჰქონდათ არც სააკაშვილს და არც შევარდნაძეს.

არც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში და არც ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯი არ გადადგმულა. ამ საკითხზე, არათუ ხელისუფლებაში, მედია საშუალებებშიც აღარ მსჯელობენ.

მეორე შვეიცარია, მეორე სინგაპური და მეორე დუბაი

* “ივანიშვილი სერიოზულ შეცდომას უშვებს, თუკი სახელმწიფოს განიხილავს, როგორც კომერციულ ფირმას,  კერძო კომპანიას, რომელშიც მას აქციათა თითქმის 100-პროცენტიანი პაკეტი აქვს დასადაც  მინისტრები, დეპუტატები _ მისი თანაშემწეები, კლერკები,  ნება–სურვილის შემსრულებლები არიან.   მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ დატოვებს “საინტერესო” პრეზიდენტს  და“საინტერესო” პრემიერს, ხოლო  თვითონ გარედან გააკონტროლებს  სიტუაციას,  არის ბიზნესმენის ტიპური მიდგომა ბიზნეს სტრუქტურისადმი:  შევქმნი კომპანიას, დავნიშნავ ჩემს  ხალხს და გავაკონტროლებო, მაგრამ სახელმწიფო კერძო კომპანია არ არის.  სახელმწიფოს მართვაში სულ სხვა პრინციპები მოქმედებს, რომლებიც, როგორც ჩანს,  ივანიშვილს არ ესმის.  საერთოდ,  ბიზნესი და პოლიტიკა მოღვაწეობის  სრულიად განსხვავებული სფეროებია.  სიტყვამ მოიტანა და,  პირადად მე ვერ  ვიხსენებ ისტორიაში შემთხვევას, როდესაც ბიზნესმენი წარმატებული  სახელმწიფო მოღვაწე გახდა.  გგონიათ, სააკაშვილს არ უნდოდა მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვა? _ უნდოდა, მაგრამ არავინ დებდა ინვესტიციას.  დასავლეთს არ სჭირდება საქართველოს სამრეწველო და სასოფლო–სამეურნეო პროდუქცია.  ამ სფეროებში დასავლური კაპიტალი ინვესტიციას არ ჩადებს.  სწორედ ამიტომ შევარდნაძეც და სააკაშვილიც დასავლეთისგან მხოლოდ კრედიტებს იღებდნენ, ანუ ფულს სესხულობდნენ.  დღეს საქართველოს საგარეო ვალი,  თუ არ ვცდები, 13 თუ 14 მილიარდი დოლარია.  საკუთარი ეკონომიკის არარსებობის პირობებში, ამ ვალის მხოლოდ პროცენტების გადასახდელად ახალ–ახალი კრედიტები უნდა ავიღოთ.  ეს კაბალაა!  შევარდნაძე გვპირდებოდა,  რომ“მეორე  შვეიცარიად” ვიქცეოდით, სააკაშვილი  დაგვპირდა, რომ “მეორე სინგაპური” გავხდებოდით,  ივანიშვილი  კი “მეორე დუბაიდ” გადაქცევას  გვპირდება.  მოაზროვნე ადამიანისთვის  გასაგები უნდა იყოს, რომ არც  ერთი ამ  ორიენტირთაგანი ჩვენთვის პრინციპულად ვერ იქნება რეალური მიზანი. და  მადლობა ღმერთს, რომ ვერ იქნება.

საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი დასავლეთში უმნიშვნელოა, ჩვენს დახლებზე იმპორტი მძლავრობს, ჩვენი პროდუქტების (ღვინისა და ხილის, მინერალური წყლების) ძირითადი მომხმარებელი რუსეთია; მუდმივად იზრდება საგარეო ვალი და მისი მომსახურებისთვის გადასახდელი პროცენტის თანხა, ქვეყანა თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული ისეთ ორგანიზაციებზე, როგორებიც არის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვ. რაც შეეხება საქართველოს გადაქცევას მეორე დუბაიდ, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს.

კოაბიტაციაზე

* “ფართო გაგებით, კოაბიტაცია ვერ დასრულდება იმიტომ, რომ პარლამენტის 40 პროცენტს “ნაციონალური მოძრაობა”  შეადგენს, ხოლო რეგიონებში,  ძირითადად, მათი კადრები  განაგრძობენ მუშაობას. მეტიც,  ვფიქრობ, რომ ივანიშვილის პრემიერის პოსტიდან წასვლის  შემდეგ ნაციონალების გავლენა ხელისუფლებაზე გაიზრდება.  იდეოლოგიური უთანხმოება მათ არ აქვთ, კურატორებიც საერთო  ჰყავთ, რაც შეეხება პირად  უთანხმოებებს, მალე შეთანხმდებიან.  თუკი კოაბიტაციის დასრულებაში ვგულისხმობთ  რამდენიმე მაღალჩინოსნის ისე გასამართლებას,  რომ პრეზიდენტმა მათი  შეწყალება ვერ მოახერხოს, ეს  სავსებით შესაძლებელია.

დასავლეთისგან თავსმოხვეულ ე. წ. კოაბიტაციას ხალხი რომ შეცდომად უთვლის ივანიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმაც დაადასტურა, როცა “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” კანდიდატებმა ხმების თითქმის ერთაირი რაოდენობა დააგროვეს.

ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე

* “ნატოსა და ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებულ ზღაპრებზე ბევრჯერ გამომითქვამს აზრი,  ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რაც ქართველ საზოგადოებას დიდი ხნის წინ უნდა მიეღო აქსიომად:  პოლიტიკოსი,  რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლას გვპირდება, ან ბრიყვია, ან უნამუსოდ გვატყუებს”.

წელს, ფაქტობრივად, უკვე პირდაპირი ტექსტით გვითხრეს უარი ნატოზეც და ევროკავშირზეც ტრამპმაც, აპატურაიმაც, მერკელმაც, მაკრონმაც და კიდევ ბევრმა სხვამ, ვისაც ეს თემა ეხება.

კანონი მაღალი რანგის სახელმწიფო
მოხელეების საქმიანობის  შედეგებზე  მათი პირადი პასუხის მგებლობის შესახებ

* “პირველი _ პრეზიდენტად სააკაშვილის ყოფნამ პრეზიდენტის პოსტი იმდენად გააუფასურა, რომ პოლიტიკისგან ყველაზეშორს მდგომ ადამიანსაც კი ჰგონია,  თითქოს მისთვისაც  შესაძლებელია პრეზიდენტობა.  ლოგიკა მარტივია: თუ  მიშა 9 წელი იჯდა პრეზიდენტად,  მე რატომ არშემიძლია?  საერთოდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეჭირათ და ახლაც უჭირავთ იმდენად უსარგებლო,  უფერულ და გაუნათლებელ ადამიანებს, რომ საზოგადოების წესიერი, ავტორიტეტული, ღირსეული წევრისთვის უხერხული და სირცხვილიც კია, იყოს მინისტრი,  დეპუტატი.  მე ვიცნობდი და ახლაც  ვიცნობ პარლამენტის რამდენიმე წევრს,  რომლებიც უცხო საზოგადოებაში  მალავენ თავიანთ სტატუსს; მეორე _ იმ ვალდებულებების არ ქონისას,  რომლებითაც მე ვთავაზობდი, და ეტვირთათ პრეზიდენტი, ეს თანამდებობა აღიქმება, როგორც  საპატიო, კომფორტული დროსტარება,  რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ  ცოდნას,  უნარს, შესაძლებლობებს, პატივი და  კომფორტიკი ჩვენს ხალხს უყვარს,  განსაკუთრებით სახელმწიფოს ხარჯზე; მესამე _ თავისი საქმიანობის შედეგებზე პასუხის მგებლობის რაიმე მექანიზმის არარსებობა პრეზიდენტის პოსტს უკიდურესად მიმზიდველს ხდის.  ყოველი კანდიდატი დაგპირდებათ ყველა პრობლემის მოგვარებას და ქვეყნის მიწიერ სამოთხედ გადაქცევას.  რით რისკავს იგი ამ დროს? არაფრით. 5-წლიანი ვადა მას გარანტირებული აქვს, ხოლო შემდეგ _ საპატიო პენსია და  უზრუნველი ცხოვრება.  ეს ეხება სხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებსაც.  ამიტომ, მრავალი წელია,  ვამბობ, რომ აუცილებელია კანონი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების საქმიანობის შედეგებზე მათი პირადი პასუხის მგებლობის შესახებ.  სანამ ასეთი კანონი არ არსებობს, მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მოითხოვონ კანდიდატებისგან თუნდაც საჯარო დაპირება, რომ, თუ ორი წლის  შემდეგ  იგი არ წარმოადგენს თავისი  საქმიანობის კონკრეტულ შედეგებს,  მაშინ გადადგეს.

ასეთი კანონის მიღება რომ აუცილებელია, ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაც ადასტურებს და ისიც, რომ ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი მხოლოდ თავისი კეთილდღეობით, ხელფასებისა და პრემიების გამოწერით არის დაკავებული და არა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებით.
წყარო: Geworld.ge.