ბავშვის უფლებათა კოდექსი და საფრთხეები, რომლებიც მას თან ახლავს.

2019 წლის 3 მარტს საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარედგინა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის ავტორიც “ქართული ოცნების” დეპუტატი სოფო კილაძეა.

ეს კოდექსი, რა ფორმითაც ის არის შედგენილი, ძალიან სახიფათო და საყურადღებოა საზოგადოებისთვის, რადგან მასში მოცემულია ისეთი მუხლები, რომლებიც ხელისუფლებას ოჯახში ჩარევის უზარმაზარ უფლებებს ანიჭებს. ამ კანონში მკაფიოდ არის აღნიშნული რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესს განსაზღვრავს არა მშობელი, არამედ სახელმწიფო (კოდექსის ახალ რედაქციაში ჩამატებული ფორმულირება, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს განსაზღვრავს “უპირატესად” ოჯახი, მხოლოდ ილუზიის შესაქმნელი ხრიკია, რადგან იქვე ცხადად წერია, რომ მშობლის მიერ გაკეთებული განსაზღვრება უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას, გაეროს კონვენციას და საერთაშორისო შეთანხმებებს, ამიტომ ახალ რედაქციაშიც ინტერესების განსაზღვრის რეალური შინაარსი ფაქტიურად უცვლელი რჩება), რომელიც თავის მხრივ საერთაშორისო ლიბერალური იდეალებით უნდა ხელმღვანელობდეს. ასევე კოდექსის მიხედვით დაუშვებელია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის ღონისძიების გამოყენება, ანუ, ბავშვისთვის არათუ ყურის აწევა და კუთხეში დაყენება იქნება აკრძალული, მისი მისამართით ხმის აწევაც შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად.

რა თქმა უნდა “ბავშვის უფლებათა კოდექსის” მიღების დღის წესრიგში დაყენება არაა შემთხვევითი მოვლენა, მას წინ უძღოდა 2018 წლის დეკემბერში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით მომზადებული და საკმაოდ ვრცელი ანგარიში [1].

წარმოგიდგენთ რამოდენიმე ამონარიდს ამ კვლევიდან:

“მოზარდობის პერიოდი, შესაძლოა, მოიცავდეს ცხოვრების სტილის შეცვლას, მათ შორის, უფრო ხშირად გასვლას გარეთ, ურთიერთობების ძიებას ოჯახის გარეთ… ახალი სარისკო გატაცებების ათვისებას, გარეგნული სტილის შეცვლას, სიგარეტის მოწევას, ალკოჰოლის მიღებას, გვიანობამდე გარეთ დარჩენას და ა.შ.”

“მოზარდების აღზრდა იშვიათად თუ მოიაზრებს მათთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების მიწოდებას. ცოტა მშობელი თუ გამოთქვამს მზაობას და უნარს, მისცეს შვილს საშუალება, რომ ის დამოუკიდებელ, სექსუალურად აქტიურ ზრდასრულად ჩამოყალიბდეს და ხელი შეუწყოს მას სექსუალური იდენტობის ჩამოყალიბებაში, ესაუბროს და რჩევები მისცეს შვილს სექსზე, ფიზიკურ ცვლილებებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე…”

“აღსანიშნავია, რომ მამები არ ავლენენ ტოლერანტულ დამოკიდებულებას გოგონა შვილების მიმართ, ქორწინებამდე დაამყარონ სქესობრივი ან ინტიმური ურთიერთობები”
და ა.შ.
კვლევა საკმაოდ ვრცელი სამოქმედო გეგმით მიმართავს ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს. რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, კვლევა ექვს რეკომენდაციას იძლევა და თითოეულში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება როგორც მშობლების, ისე შვილების “ცნობიერების ასამაღლებლად”. იქვე საუბარია პრევენციის მიზნით დასჯის უფრო ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებაზეც, რათა მოქალაქემ იცოდეს, რა სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს მის მიერ ამა თუ იმ “ნორმის” უგულებელყოფა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, რა თქმა უნდა არც “უნისეფის” კვლევა და არც “ბავშვთა კოდექსი” არაა შემთხვევითი მოვლენა, ეს ყველაფერი არის ძალიან კონკრეტული, მიზანმიმართული იდეოლოგიური საკანონმდებლო შეტევა, რომლის მიზანიც ტრადიციული, ქრისტიანული ოჯახის ინსტიტუტის მოშლა და ბავშვის აღზრდის საკითხში მშობლებისთვის უფლებების შეკვეცაა, რათა შემდგომ ეს ბავშვი გაიზარდოს სახელმწიფოს მიერ დადგენილ ლიბერალურ ღირებულებებზე.

იქიდან გამომდინარე, რომ ინფორნაციის ნაკლებობის გამო ბევრს არ ესმის, რეალურად რა შედეგებამდე მიგვიყვანს ოჯახის ავტონომიურობის შეკვეცის ეს პროცესი, მინდა მკითხველს მოვუყვანო ულტრალიბერალური კანადის მაგალითი, ქვეყნის, რომელმაც უკვე გაიარა ეს იდეოლოგიური ეტაპი, რასაც ჩვენ დღეს გავდივართ და ამ მაგალითზე გაჩვენოთ, თუ რა ლიებრალურ მარაზმში შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მალე საქართველოც.

ორი წლის წინ კანადაში, ბრიტანული კოლუმბიის პროვინციის ერთ-ერთ სკოლაში, 12 წლის გოგონას, რომელსაც “გენდერული დისფორიის” ნიშნები ჰქონდა, სკოლის კონსულტანტი ბიჭის სახელის შერჩევაში დაეხმარა, ხოლო სასკოლო ოლქმა დაასკვნა, რომ საჭირო იყო გოგონა სკოლაში ბიჭის სტატუსში დარეგისტრირებულიყო და მას ყველა თვალსაზრისით ისე მოქცეოდნენ, როგორც ბიჭს.

სასკოლო ოლქი მოქმედებდა ბრიტანული კოლუმბიის განათლების სამინისტროს სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული პოლიტიკის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, მშობელს უფლება არ ჰქონდა შვილის მიერ სქესის, გენდერის ან სახელის შეცვლის გადაწყვეტილების შესახებ სცოდნოდა, ამიტომ მათ ეს ინფორმაცია მშობელს არ აცნობეს, სანამ მამამ სრულიად შემთხვევით არ ამოიკითხა გოგონას სასკოლო წიგნში მისი “ახალი” სახელი. [2]

კანადის გენდერული აღმზრდელობითი პოლიტიკის შესაბამისად(რომლის მიღებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი LGBTQ+ აქტივისტები), საბავშვო ჰოსპიტალში გოგონას 13 წლის ასაკში, მამის წინაამღდეგობის მიუხედავად, ჰორმონალური ტესტესტერონული თერაპია დაუნიშნეს.

მამამ, თავის მხრივ ჰოსპიტალს სასამართლოში უჩივლა, თუმცა ბრიტანული კოლუმბიის უზენაესმა სასამართლომ მიიღო დადგენილება, რომ ბავშვისთვის, მშობლის ნებართვის გარეშე, დაუყოვნებლივ დაეწყოთ ტესტესტერონის ინექციები. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ თუ რომელიმე მშობელი გოგონას მიმართავდა ძველი სახელით, ან მოიხსენიებდა “გოგონად”, ეს აღქმული იქნებოდა როგორც ოჯახური ძალადობა და ავტომატურად გამოიწვევდა მშობლის უფლების ჩამორთმევას.[3] ხოლო სასამართლოს ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, იურისპრუდენციული პრეცედენტის სახით, სხვა ანალოგიურ შემთხვევებშიც იგივენაირად იმუშავებდა.[4]

ერთი სიტყვით, კანადის ლიბერალური ხელისუფლება, მისი იდეოლოგიური ინტერესებიდან და ხედვიდან გამომდინარე, უფლებას იტოვებს, მშობელს ბავშვი ჩამოართვას შვილის აღზრდის პრინციპებზე და ადამიანის ფსიქოლოგიური განვითარების ლოგიკაზე განსხვავებული, ადეკვატური შეხედულებების გამო, ხოლო სასამართლო მშობელს აუკრძალავს, ბავშვის ჯანმრთელობის გამანადგურებელ ჰორმონალურ თერაპიაში ჩარევას და ამ პროცედურისგან ბავშვის დაცვას.

სწორედ მსგავსი არაჯანსაღი სამართლებრივი მოცემულობის დაკანონების მცდელობა იყო “ბავშვის უფლებათა კოდექსის” განხილვა საქართველოს პარლამენტში(03.03.2019)
ეს ის მომავალია, რომელსაც ჩვენი ნების წინააღმდეგ უმზადებენ ჩვენს შვილებს…

P.S საინტერესოა ის ფაქტი,რომ გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF) [1] საქართველოს ოფისის მხარდაჭერით მომზადებული კვლევა წაშლილია ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
alt.info. ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.