“არ იყო ეჭვი, რომ მირზა სუბელიანს ჰქონოდა შემხებლობა დანაშაულთან”-ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამომძიებელი

საგამოძიებო კომისიის კითხვებს ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამომძიებლებმა და პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა უპასუხეს. განხილვის მთავარი საკითხი მირზა სუბელიანი იყო. ოპოზიციის მსგავსად, მირზა სუბელიანთან დაკავშირებით კითხვები გამომძიებლებთან მმართველ გუნდსაც ჰქონდა. ისინი დაინტერესდნენ რატომ არ მოხდა მირზა სუბელიანის დაკითხვა და რატომ არ ამოიღო გამოძიებამ საქმეში მონაწილე პირების ტელეფონები.

„მირზა სუბელიანის დაკითხვა რატომ არ აწარმოეთ. ეს ადამიანი მოვიდა შვილთან ერთად. მონაწილეობა მიიღო თავისი შვილის გამოკითხვაში როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა და ასევე არ მომხდარა მირზა სუბელიანის მეუღლის გამოკითხვა,“-იკითა სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა.

რაზეც გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ განაცხადა, რომ გამოძიების პირველ ეტაპზე არ გაჩენილა ეჭვი, რომ მირზა სუბელიანის ჰქონდა შეხება დანაშაულთან.

„რაც შეეხება თუ რატომ არ გამოიკითხა მირზა სუბელიანი, გამოძიების მსვლელობისას არ იყო ეჭვი, რომ მირზა სუბელიანს ჰქონოდა შემხებლობა კონკრეტულად  რაიმე დანაშაულთან,“-განაცხადა ირაკლი ფიფიამ.