მოსამართლეების არჩევის წესის გასაპროტესტებლად, არასამთავრობოები პარლამენტში მაისურებზე წარწერით „კლანი უნდა წავიდეს“ მივიდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვის გასაპროტესტებლად, პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მოვიდნენ. ისინი კვლავ გამოწყობილი არიან მაისურებში წარწერით “კლანი უნდა წავიდეს”. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მათი მთავარი სათქმელი არის, რომ უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს და საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა არ დაიწყოს მანამ, ვიდრე ცნობილი არ გახდება კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები.

ამასთან, როგორც ცნობილია, არასამთავრობო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობის დაშლას ითხოვს და მიიჩნევს, რომ არსებული საბჭოს პირობებში არავითარ რეფორმას აზრი არ აქვს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, მმართველი გუნდი აუცილებლად დაელოდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მათი შენიშვნების გათვალისწინება შესაძლებელი იქნება საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდამაზე განხილვისას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს მეორე მოსმენით მუხლობრივად იხილავს.
info9.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.

კომენტარები ფეისბუქიდან