აზიური ფაროსანა, რომელიც დასავლეთი საქართველოს მოსახლეობისთვის ნამდვილი თავის ტკივილად იქცა.

აზიური ფაროსანა, რომელიც დასავლეთი საქართველოს მოსახლეობისთვის ნამდვილი თავის ტკივილად იქცა,  საქართველოს ტერიტორიაზე 2015 წელს გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მავნებელი აზიის ქვეყნებიდან სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის შეძენილ ხის მასალას შემოჰყვა და ჯერ რუსეთის შავიზღვისპირეთში, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოში გავრცელდა. მოსახლეობის თქმით, პარაზიტთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია არაეფექტურია, ამიტომ ხელისუფლება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში პირწმინდად მარცხდება და მავნებლის მიერ გამოწვეული ზარალის დათვლას სჯერდება. ზარალი კი ასობით მილიონს შეადგენს და ფაროსანას გამრავლების ტემპებს და მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, (ფაროსანა ორასჯერ მრავლდება და თითოეულს 20 000 შთამომავლის მოცემა შეუძლია) სოფლის მეურნეობის დარგს კატასტროფით ემუქრება. რა გამოსავალი მონახა სამეგრელოს მოსახლეობამ და რა ინიციატივას სთავაზობს მთავრობას ამაზე „ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი თამარ დადიანი გვიამბობს:

_ ფაროსანას შემოსევის შემდეგ, სამეგრელო ნაომარ ქვეყანას ჰგავს. მავნებელმა ხეს და ბუჩქს ფოთოლი არ შეარჩინა და მოსახლეობა, რომლისთვისაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს, პირწმინდად გააღატაკა. აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს ეკონომიკა ქართული თხილის კულტურაზე იდგა, რომელიც ყოველთვის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, ამჟამად კი სრული განადგურება ემუქრება.  სამწუხაროდ, პარაზიტთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია არაეფექტური გამოდგა, ამიტომ წელს სამეგრელოს და მთლიანად, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას შარშანდელზე უარესი დღეები ელის. „საუდაკის“ კულტურული განყოფილების ლიდერს მურმან ხუბულავას სენაკიდან მოაწოდეს ინფორმაცია, რომ დათბობასთან ერთად, ფაროსანამაც გაიღვიძა და მოსახლეობას ახალი ძალით უტევს. ისეთი მდგომარეობაა, რომ ადამიანები სახლებში ვერ შედიან.  ახლა მოსახლეობის ერთადერთიიმედი იტალიური კომპანიაა, რომელთანაც ზოგიერთმა სოფელმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება.
_ რომელ იტალიურ კომპანიას გულისხმობთ და რა ხელშეკრულებაზეა საუბარი?
_ სენაკის მუნიციპალიტეტში წლების წინ შემოვიდა იტალიური კომპანია, რომელმაც მიწა იჯარით აიღო და თხილის პლანტაციები გააშენა. აღსანიშნავია, რომ იტალიელების ტერიტორიაზე ფაროსანას ნასახი არ არსებობს და ყოველწლიურად, ტონობით, მაღალხარისხიან პროდუქციას იწევენ.  ეს ინფორმაცია მივაწოდეთ მთავრობას, რადგან თუ იტალიურ კომპანიას შეუძლია ფაროსანაზე გამარჯვება,  სამეგრელოს მოსახლეობამ რა დააშავა? სამწუხაროდ, ამ კითხვაზე მთავრობისგან პასუხი არ მიგვიღია, თუმცა სამეგრელოდან მოგვივიდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე სოფელმა, რომელსაც პატრონი გამოუჩნდა, მოსახლეობის გადასარჩენად, იტალიურ კომპანიასთან მისასვლელი გზა გამონახა. ამ სოფლებთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომ იტალიელები ფაროსანასთან ბრძოლას საკუთარ თავზე აიღებენ და მხოლოდ თავიანთ პლანტაციებში კი არა, სოფლებშიც გაანადგურებენ და ხალხი თხილის მოსავალს მოიყვანს
_ სანაცვლოდ რას ითხოვენ?
_ შემოდგომაზე მოსახლეობა თხილის მოსავალს იტალიურ კომპანიას მათთვის მისაღებად ფასად მიჰყიდის.  ეს პირობა მოსახლეობისთვის მისაღები აღმოჩნდა, ამიტომ ანალოგიური ხელშეკრულების დადების სურვილი მეზობელმა სოფლებმაც გამოთქვეს, თუმცა გაირკვა, წელს  უკვე დაგვიანებულია და შეწამვლა მომავალ წლამდე აღარ მოხერხდება. მომავალ კვირას ვაპირებთ ამ სოფლების სია შევადგინოთ და მთავრობას მივაწოდოთ. ბოლოს და ბოლოს, გლეხმა თუ იპოვა თავის გადარჩენის გზა, მთავრობა რას ელოდება? მარტო იტალიელების იმედად ვიცხოვროთ?
„პროგრესნიუსი“
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.

კომენტარები ფეისბუქიდან