ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და აცხადებს, რომ ზაზა სარალიძე, რომელიც შსს-ს შენობასთან შიმშილობს, სპეციალურად დაასველეს.
“იქ სადაც ახლა ზაზა სარალიძე ზის, შსს-ს უღირსმა და ლეშმა თანამშრომელმა მოულოდნელად და დიდი ალბათობით სპეციალურად მოუშვა გაზონების სარწყავი წყლის სისტემა და ზაზა ბოლომდე და სრულად გალუმპეს და დაასველეს. ამავე დროს ფანჯრიდან იცქირებოდა ვიღაც თანამშრომელი და ამ საქციელით ხითხითებდა და “კაიფობდა”.
მოუწოდებ შს მინისტრს.
ბატონო გახარია ამ სისტემაში ისევ შემოგრჩათ ის ადამინები ვინც ერთ დროს ამავე სისტემის აივნიდან ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს წყლით გაბერილ ბუშტებს ესროდა და მერე ასე დასცინოდა გალუმპულ ადამიანებს. მოგიწოდებთ ეხლავე მოუხადოს ბოდიში ზაზა სარალიძეს თქვენმა გაზონების “მრწყველმა”. !!!
წყალი კი არა სისხლში და უსამართლობშია სრულიად საქართველო გალუმპული და წყლით გალუმპვა რა გასაკვირია…
პ.ს. ზაზას განგებ დასველების შემდეგ აქ ითქვა რომ თითქოს გაზონების წყლის სისტემა 19:22 წუთზე ავტომატურად ირთვება, რაც ნამდვილად არ მჯერა და თუ ეს ასეა მაშინ გაეფრთხილებინა სამინისტროს აქ მდგომ გუშაგს ზაზა და ის რამდენიმე მეტრით წინ გადაინცვლებდა”, – წერს კუპრავა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ შსს-ს შენობასთან მშიმშილობა დაიწყო. როგორც ის ამბობს, სანამ მ.კ.-ს მისი შვილის მკვლელობის ბრალდებით არ დააკავებენ, მანამდე შიმშილობის აქციას არ შეწყვეტს.
სარალიძის თქმით, მ.კ-ს დაკავების მოთხოვნით, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდა. სარალიძის თქმით, შსს-ში ეუბნებიან, რომ მოზარდის დასაკავებლად სათანადო მტკიცებულებები არ არსებობს, მოკლული მოსწავლის მამა კი მათ პოზიციას არ ეთანხმება.
სარალიძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს განაჩენის შემდეგ, მ.კ. უნდა დაეკავებინათ, თუმცა მისი თქმით, შსს დროს წელავს და მას ხელს აფარებს.
“აქ ვიჯდები მანამ, სანამ რადიკალურ ზომას არ მიიღებენ. ის(კრიმინალური პოლიციის უფროსი) მიმტკიცებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დავიჭერთ კალანდიასო. არადა, არსებობს მტკიცებულებები. ახლა ხომ მაინც არ იტყვიან, “ნაციონალები” უდგას გვერდითო, მარტო ვიჯდები აქ, სანამ არ დაიჭერენ. კიდევ ამბობენ, რომ დრო უნდა, გავიდა უკვე 7 თვე. ამათი მოსატყუებელი მე აღარაფერი მაქვს. აზრი არ აქვს მინისტრთან შეხვედრას, იგივეს დამიწყებს, ეგ არ იყო, 4 დეკემბერს რომ განაცხადა, ყველაფერს მოვრჩითო? ყველაფერი აქვთ, მაგრამ დროს წელავენ, რომ თავიდან შეკერონ საქმე. ხელს აფარებენ კალანდიას, განაჩენის გამოტანისთანავე, როცა მოსამართლემ მისი ჩვენება არ გაიზიარა, მაშინ იყო დასაკავებელი”- აცხადებს ზაზა სარალიძე.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ 1-ელ დეკემბერს ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს, ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს, ხოლო მ.კ.-ს მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
metronome.ge