ლილუაშვილი: ფაქტი, რომ პოლიციელებს თავში ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებსა და სხვადასხვა ნივთს, კატეგორიულად მიუღებელია.

“საქართველოს პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს და მასზე განხორციელებული აგრესია განიხილება როგორც სახელმწიფოზე განხორციელებული თავდასხმა”.-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის დახურული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისთვის საკმარისი დრო არ გასულა.

„წინასწარი ინფორმაციით, არსებობს რესურსი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან, თემთან მოლაპარაკების გზით გადაწყდეს ნებისმიერი საყოფაცხოვრებო დონის პრობლემა. თუმცა, ის ფაქტი, რომ პოლიციელებს თავში ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებსა და სხვადასხვა ნივთს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

საქართველოს პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს და მასზე განხორციელებული აგრესია განიხილება როგორც სახელმწიფოზე განხორციელებული თავდასხმა. ამას ჩვენ ვერ შევეგუებით ვერც პანკისში და ვერც სხვა რაიონში. ეს იყო წმინდა საყოფაცხოვრებო დონეზე წარმართული ინციდენტი, სადაც რესურსი კიდევ არსებობს თანამოქალაქეებთან საუბრის და ეს რესურსი უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, პანკისის ხეობაში სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები აღჭურვილი იყვნენ არა საიერიშო აღჭურვილობით, არამედ თავდაცვითი შეიარაღებით.

გუშინ, პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, მათ წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.