„ქართულ ოცნებაში“ დაწყებული კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება. პარტიის რღვევის პროცესი გრძელდება და ბესელიას გუნდის წავლის შემდეგ უმრავლესობის რიგებს დეპუტატები ტოვებენ, გუშინ „ოცნება“ ლევან კობერიძემ დატოვა. სახელისუფლო კრიზისის ფონზე ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა პანკისის მოვლენები და იქ სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანა. ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს ოპოზიცია, რომელიც შს მინისტრისგან პასუხებს ითხოვს. გახარიამ პარლამენტში ოპოზიციის კითხვებს ფაქტობრივად არ უპასუხა, ხოლო დღეს პარლამენტში მისული სუს-ის უფროსი კი აცხადებდა, რომ პანკისში სპეცოპერაციის ჩატარება, იყო თუ არა ძალოვანი უწყების შეცდომა, ამას ანალიზის შედეგად გაეცემა პასუხი. გომელაური არც იმას უარყოფს, რომ ხელისუფლება შეცდომებისკენ მიდის, თუმცა ვინ აგებს პასუხს, ეს საზოგადოებისთვის უცნობია.
„ქართულ ოცნებას“ წინ შუალედური არჩევნები ელის. საპრეზიდენტო არჩევნებმა ხელისუფლებას აჩვენა, რომ მოსახლეობა მმართველ გუნდს აღარ ენდობა. გაყალბებისა და მოსახლეობის მოსყიდვის ფაქტები, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა, ფაქტობრივად დაადასტურა ეუთო-ოდირის დასკვნამ, რომლის მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციებს არცერთი არჩევნების დროს არ დაუდია.
არასახარბიელო სურათი აქვს მმართველ გუნდს შუალედურ არჩევნებში, კერძოდ ზუგდიდში, სადაც „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, შიდა კვლევების მიხედვით გეგა შენგელია სანდრა რულოვსთან არჩევნებს აგებს. წყაროს ცნობით, „ქართული ოცნება“ კვლავაც გაყალბებისთვის ემზადება, რადგან მოსახლეობის ნდობა მმართველი პარტიის მიმართ კიდევ უფრო იკლებს.
„ქართულ ოცნებას“ სამეგრელოში ვერც ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი შველის, რომელიც სოფელ ხიბულაში ერთი შეხედვით, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა გულის მოსაგებად ჩავიდა, თუმცა „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ივანიშვილი იქ ასწლოვანი ხეების მოსანახულებლად იყო, რაზეც მოსახლეობაშიც საუბრობენ. უფრო მეტიც, ადგილობრივები ამბობენ, რომ „ ივანიშვილმა საკმარისად მოატყუა და ამჯერად, თავს არავის მოატყუებინებენ“.
დაპირისპირება კიდევ უფრო მატულობს პარტიის შიგნით. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, გახარიას გუნდი ივანიშვილთან ულტიმატუმის ენით საუბრობს, კერძოდ, ზუგდიდში ოლიგარქს უიმედო მდგომარეობის „გამოსწორების“ იმედს გაყალბებისა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების საქმეში ჩართვით აძლევენ, სანაცვლოდ კი მთავრობაში საკადრო ცვლილებების გატარებას ითხოვენ, რასაც შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოჰყვეს. სამეგრელოში კრიმინალების იმედად დარჩენილი „ქართული ოცნება“, საკუთარი აქტივისტის დაჭრისთვის ბრალდებულის დაპატიმრებასაც არ ჩქარობს. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, გვაზავა უკვე აფხაზეთშია გადასული და გარანტიებიც მიღებული აქვს, რომ არჩევნებში კრიმინალების დახმარების სანცვლოდ, მას ხელს არ ახლებენ.
წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილის კარზე გადარჩენის ერთ-ერთ გზად ვადამდელ არჩევნებს განიხილავენ, კერძოდ მაჟორიტარების ხარჯზე პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას. თუმცა ოლიგარქის დარწმუნება ვერ ხერხდება.
„ქართული ოცნების“ პრორუსული ფრთა აქტიურად ცდილობს გიორგი გახარიას გაპრემიერებას, გახარია კი თავის მხრივ, მთავრობაში საკუთარი კადრების მიყვანას ითხოვს. კერძოდ, გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ირაკლი ჩიქოვანი. თუმცა, ჩვენი წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილის ნდობა ზუგდიდის შტაბის დღევანდელ უფროსთან მიმართებაში არცთუ ისე მყარია, და სწორედ ჩიქოვანის მოწინააღმდეგეები იავნიშვილის კულუარებში 2012 წელს ჩიქოვანისა და ალასანიას მიერ ივანიშვილის ფინანსების გაფლანგვის საკითხის წამოწევას ცდილობენ ხოლმე. ფაქტია, ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად იწერებოდა ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გაფლანგული საწვავის შესახებ.
შუალედური არჩევნები საქართველოში 19 მაისს ტარდება.
nevs.coa.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.