დღემდე ბევრნაირი ტერორის შესახებ
მსმენია: “წითელი ტერორი”, “შავი ტერორი”, “ფაშისტური ტერორი”, “მაფიოზური ტერორი” და ა.შ. ახლა კი უკვე ფაქტია, რომ ერთგვარი “ჭრელი ტერორის” ეპოქაში ვცხოვრობთ. ახლავე აგიხსნით: ე.წ. ლგბტ–თემის, ანუ ჰომოსექსუალთა, ბისექსუალთა, ტრანსსექსუალთა და კიდევ ბევრ სხვა სახის “სექსუალთა” (როგორც თავადვე აცხადებენ, 50-მდე სახეობის“სექსუალური იდენტობაა”) დროშა ხომ ცისარტყელის ფერებშია წარმოდგენილი, ანუ ჭრელია. გამომდინარე აქედან, როგორც, დავუშვათ, ზოგიერთი ანტიკომუნისტი უწოდებს კომუნისტების ზეობის ეპოქას “წითელ ტერორს” მათი დროშის ფერიდან გამომდინარე, ჩვენ ლგბტ–თა ზეობასა და დიქტატს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ჭრელი ტერორი.
სწორედ დიქტატსა და დიქტატურაზე ვსაუბრობ. ეს ტერმინი ხომ სიტყვა კარნახიდან მოდის, ანუ ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფის მიერ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის იმის “კარნახს”, რა უნდა აკეთონ და რა არა, როგორ უნდა მოიქცნენ და როგორ არა, რა უნდა თქვან და რა არა, ეწოდება კიდეც დიქტატურა.
ვინმემ შეიძლება მიპასუხოს: მაგას მაშინ ჰქვია დიქტატურა, როდესაც ის ძალადობრივი გზით ხორციელდებაო. ჰოდა, მეტი ძალადობა რაღა გინდათ, ბატონებო? დღეს ჩვენ ვცხოვრიობთ ეპოქაში, როცა “ჭრელები” ადამიანების გონებაზე ისე ძალადობენ, რომ ადამიანებს სხვა გზა აღარ რჩებათ და ბოდიშებს იხდიან იმის გამო, რაც არ დაუშავებიათ.
მაგალითისთვის თამარ ივერიც გამოდგება _ ქართველი საოპერო მომღერალი, რომელიც ავსტრალიაში, სიდნეის ოპერაში მოღვაწეობს. ბევრს ემახსოვრება, ამ ქალბატონმა ორიოდე წლის წინათ ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავდა და სთხოვდა, არ დაეშვა საქართველოში ცოდვისა და გარყვნილების პროპაგანდა. ამის გამო ქართველმა ე.წ. ლგბტ თემმა ატეხა აჟიოტაჟი, მიმართა უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციას, რაც იმით დასრულდა, რომ სიდნეის ოპერის ადმინისტრაციამ თავის საუკეთესო მომღერალს მოსთხოვა: ან ბოდიში მოეხადა, ან თეატრი დაეტოვებინა. თამარ ივერი იძულებული შეიქნა, საჯარო ბოდიში გამოექვეყნებინა, შედეგად ლგბტ თემმა საქართველოში ძალიან გაიხარა და მას შემდეგ ყველას, ვისაც კი მათი საწინააღმდეგო რამ წამოსცდება, წამსვე თამარ ივერის მაგალითით აშინებენ.
კინომცოდნე გოგი გვახარიამ და ვინმე “ჟურნალისტმა” ლევან სუთიძემ სწორედ ასე შეაშინეს ქართველ მუსიკოსთა “ელიტა”. საზოგადოდ, ფაქტია, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს თითქმის ყველა სფეროში მიზანმიმართულად “ქაჩავენ”, აწინაურებენ და ურიგებენ “ჟურნალისტის”, “კინომცოდნის”, “ფილოსოფოსის” ან სხვა სფეროს ექსპერტის სტატუსს. ისიც ფაქტია, რომ ლგბტ თემის აქტიურ მხარდამჭერთა უმეტესობას უმაღლეს სასწავლებლებში ლექციებს აკითხებენ და “პროფესორის” წოდებებს “უპრაგონოდ” ურიგებენ.
ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ საქართველოს სენი და ჭირი. ეს კეთდება იმისთვის, რომ ლგბტ აქტივისტები საზოგადოების თვალში წარმოაჩინონ “ჭკვიან”, “განათლებულ”, “წარმატებულ” ადამიანებად და მომავალ თაობებს დაანახვონ, რომ, თუ გსურთ, იყოთ წარმატებული და გქონდეთ მატერიალური კეთილდღეობა, საზოგადოებაში გამორჩეული ადგილი, უნდა იყოთ, თუ მთლად ლგბტ პირი არა, ლგბტ პირების მხარდამჭერი აქტივისტები მაინც. ასე აპირებენ მომავალი თაობების თავიანთ ჭკუაზე გადაყვანას ჰომოსექსუალები და, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, ნაწილობრივ გამოსდით კიდეც.
რა თქმა უნდა, მკითხველი უკვე მიხვდებოდა, რომ ამ კონკრეტულ სტატიაში 17 მაისზეა საუბარი და ბარემ აქვე ვიტყვი, რომ უნივერსიტეტებში უკვე დაძვრებიან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტებს ღიად მოუწოდებენ 17 მაისს “ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს” დემონსტრაციიულად დაუჭირონ მხარი.
ჩვენს რედაქციას სოციალური ქსელების რამდენიმე მომხმარებელმა გამოუგზავნა ე.წ. სქრინები, ანუ სტუდენტების პირადი მიმოწერის ამსახველი მასალა. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ არასამთავრობოების ასეთი ვიზიტების შესახებ დეკანატებიცა და რექტორატებიც საქმის კურსში არიან. მეტიც _ სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტების ადმინისტრაცია მათ ჰპირდება, თუკი ლგბტ აქციებში მიიღებენ მონაწილეობას, გაცდენილი ლექციები საპატიოდ ჩაეთვლებათ, გამოცდებზე კი გარკვეული შეღავათები ექნებათ. როგორც ჩანს, უნივერსიტეტების რექტორებიცა და ფაკულტეტების დეკანებიც უკვე “ჭრელი ტერორის” ქვეშ არიან და მათაც სწორედ ისე დაემუქრნენ სამსახურებიდან გაშვებით, როგორც თამარ ივერსა და სხვებს.
თუმცა, რაღა უნდა გვიკვირდეს, როდესაც მსოფლიოც ასეთ ტალღაზეა მომართული და ლგბტ აქტივისტების ტირანია სპორტის სფეროშიც შეიჭრა. ამის ნათელი მაგალითია ლეგენდარული ავსტრალიელი მორაგბე ისრაილ ფოლაუ, რომელსაც რაგბის მესისაც უწოდებენ. ფოლაუმ “ტვიტერში” გამოაქვეყნა პოსტი, რომ ის არის ღრმადმორწმუნე ქრისტიანი და დარწმუნებულია, რომ ჰომოსექსუალები ჯოჯოხეთში მოხვდებიან და მათ მოუწოდა, ილოცონ და ღმერთს მათი სულების გადარჩენისთვის ევედრონ.
ამ პოსტის გამოქვეყნების გამო ავსტრალიის რაგბის კავშირმა ფოლაუ ნაკრებიდან მოკვეთა და მას ავსტრალიის სახელით რაგბის თამაში აუკრძალა. საინტერესო ის არის, რომ ფოლაუ თავის პოსტში მხოლოდ ჰომოსექსუალებს არ მიმართავდა. “ლოთები, ქურდები, მეძავები, ათეისტები, მოღალატეები, მკვლელები, ჰომოსექსუალები ჯოჯოხეთში მოხვდებიანდა მათი ხსნა მხოლოდ ღმერთს შეუძლია!” _ წერდა ფოლაუ. თუმცა ჩამოთვლილ ცოდვილთაგან ავსტრალიის რაგბის კავშირს მხოლოდ ჰომოსექსუალთა ჯოჯოხეთში მოხვედრის პერსპექტივამ დაწვა გული. ფოლაუსგან არ მოუთხოვიათ ბოდიშის მოხდა არც ლოთებისთვის, არც ქურდებისთვის, არც მეძავებისთვის, არც ათეისტებისთვის და არც ვინმე სხვისთვის. ძალისძალად სამოთხეში შესასვლელი ვიზა მხოლოდ ჰომოსექსუალებს სურთ. განა ფოლაუმ სიმართლე არ დაწერა? ვის სწამს და ვის არა, სხვა საკითხია, მაგრამ ის, რომ ბიბლიის, ძველი აღთქმის მიხედვით ჰომოსექსუალიზმი “სოდომის ცოდვაა” და ამ ცოდვის ჩადენისთვის ადამიანები ჯოჯოხეთში ხვდებიან, ეს ფოლაუს საავტორო ფრაზა არ არის, ეს თითქმის ყველა რელიგიაში ასეა. ასე რომ, გამოდის, ფოლაუს სჯიან იმისთვის, რაც ღმერთმა თქვა, ანუ ჰომოსექსუალთა კასტას უკვე ღმერთთან აქვს პრეტენზია და სულ მალე, როგორც ჩანს, თუკი ნებით არ შეუშვა ღმერთმა, ჩვეული უტიფრობით, ძალით შეუმტვრევენ სამოთხის კარს.
რაც შეეხება ფოლაუს, ის მაგრად დგას და სულაც არ აპირებს ბოდიშის მოხდას. “ჩემთვის მთავარი ღმერთი, ჩემი რწმენადა ჩემი ოჯახია! ჩემი კარიერა მხოლოდ ამის შემდეგ მოდის. მე ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ იმას, რაც ღმერთს სურს. არ ვაპირებ, ბოდიში მოვიხადო ჩემი რწმენისგამო. ღმერთმა უკეთ უწყის ჩემი გზა, ვიდრემე!” _ განაცხადა ისრაილ ფოლაუმ ავსტრალიის რაგბის კავშირში ვიზიტისა და ეკლესიაში საკვირაო წირვაზე დასწრების შემდგომ.
როგორც ჩანს, მსოფლიოს საქრისტიანოს მალე ახალი ტიპის წმინდანები და წამებულები ეყოლება _ ქრისტეს გამო სამსახურებიდან გაგდებულები და შიმშილით გარდაცვლილნი. თუკი თამარ ივერისა და გურამ კაშიას მაგალითებს ავიღებთ, ასეთი პატივის მიღების ქართველი ეროვნების კანდიდატები ჯერ არ ჩანან. სამწუხაროდ, ვერც ქართველ მომღერალთა “ელიტა” დაიკვეხნის “სულის სიმტკიცეს”.
მოგეხსენებათ, 17 მაისს, როდესაც ლგბტ-აქტივისტები ე.წ. ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა “ოჯახის სიწმინდის დღე”. ამ დღეს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანი” აპირებს სამების ტაძრის გალავანთან კონცერტის გამართვას. ამ კონცერტში სავარაუდო მონაწილე ქართველ მომღერალთაგან ნაწილმა უარი განაცხადა გამოსვლაზე. მართალია, ზოგიერთ მათგანს მართლაც საპატიო მიზეზი აქვს _ აჩიკო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, ანსამბლი“შვიდკაცა” განმარტავენ, რომ მათ წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი კონცერტები 17 მაისს სხვა ქალაქში, თორემ დიდი სიამოვნებით იმღერებდნენ სამების ტაძრის გალავანთან.
თუმცა არიან მომღერლები, რომელთა განცხადებებიც, შეიძლება ითქვას, მოულოდნელი და შოკის მომგვრელიცაა. მაგალითად, თამრიკო ჭოხონელიძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის არ იმღერებს 17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტზე, რადგან არ სურს, ხელი შეუწყოს დაპირისპირებასა და ზიზღის ენით საუბარს. “მე თავიდან დავთანხმდი შემოთავაზებას, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან მძაფრი ლაპარაკი დაიწყეს ამ დღესთან დაკავშირებით. ამიტომ მებოდიშს მოვუხდი პირადად პატრიარქს, მაგრამ არ მინდა დაპირისპირებას შევუწყო ხელი. ისედაც დიდი ხანია, ზიზღის ენით ვსაუბრობთ და მე არ მინდა ამაში მონაწილეობა”. სიმართლე გითხრათ, თამრიკო ჭოხონელიძის ეს ციტატა არის კიდეც ის მთავარი სიგნალი, რომლის გამოც დაიწერა ეს სტატია. აბა, დაუკვირდით: კი, ბატონო, მომღერალს აქვს უფლება, სადაც უნდა, იქ იმღეროს, და, სადაც არ უნდა, იქ არ იმღეროს, მაგრამ რას ასახელებს მიზეზად ჭოხონელიძე? “დაპირისპირებასა და ზიზღში მონაწილეობა არ მინდა.
აი, ეს არის აქ მთავარი და აქ იკითხება სწორედ ის შიში, რომელიც კინო მცოდნე გოგი გვახარიასა და “ჟურნალისტ” ლევან სუთიძის მუქრამ დამართა ქართველ მომღერლებს. სუთიძე იმდენად თავხედია, სუხიშვილების ანსამბლს ღია ტესქსტით ემუქრება: “ჰომოფობიურ კონცერტში მონაწილეობა სუხიშვილებს ძვირად დაუჯდებათ! ეს არავის შერჩება”. მოკლედ, ჰომოსექსუალთა თავხედობა, ტირანია და ტერორი აშკარაა და, ამ ფონზე, მით უფრო სასაცილოდ გამოიყურება მომღერალ ნინო ქათამაძის განცხადება. მან ჯერ უარი განაცხადა ოჯახის სიწმინდის დღეს კონცერტში მონაწილეობაზე, მოგვიანებით კი, ეტყობა, ნამუსმა შეაწუხა, თუმცა დაიბნა და ძალიან კომიკური რამ თქვა: “თუ პირადად პატრიარქი დამირეკავს და მთხოვს, მაშინ ვიმღერებ 17 მაისს”.
როგორ ჩანს, ლგბტ აქტივისტებმა ისე ძალიან შეაშინეს ჩვენი მომღერლები, რომ აღარ იციან, რას ბოდავენ და მალე შეიძლება რომელიმე მთავარანგელოზის ან პირდაპირ მამაზეციერის პირადი ზარიც კი მოითხოვონ.
ბაკურ სვანიძე.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.