რა დაემუქრება საქართველოს ირანსა და აშშ-ს შორის ომის დაწყების შემთხვევაში…

21-ე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული პერიოდულად ჩნდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ აშშ-სა და ირანს შორის დღე-დღეზე შეიძლება ომი დაიწყოს.

ასე იყო 2006 წელს, 2011-ში, ასე ხდება დღესაც, როდესაც მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები გადასცემენ ერთმანეთზე უფრო სენსაციურ ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ რამდენი ათეული ათასი სამხედროს გაგზავნას აპირებს პენტაგონი ირანის სიახლოვეს და რა სარაკეტო სისტემები და რომელი საავიამზიდო ჯგუფი გადაისროლა ორმუზის სრუტეში, ირანის სანაპიროსთან…

ის, რომ მართლაც

იძაბება სიტუაცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ფაქტია, მაგრამ გაბედავს კი ვაშინგტონი ირანის სტრატეგიული ობიექტებისთვის, მათ შორის ატომური რეაქტორებისთვის წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელებას ან ეყოფა კი თეირანს იმის ძალა, რომ ამერიკული ატომური ავიამზიდი ჩაძიროს?

იმედია, ორივე მხარე ხვდება, რომ მათ შორის საომარი სიტუაციის დაწყება, ხანძარივით გადაედება მთელ

ახლო აღმოსავლეთს და ირანული ბალისტიკური რაკეტების სამიზნეში, პირველ რიგში სწორედ ისრაელი – ამ რეგიონში აშშ-ს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აღმოჩნდება.

მოვლენების ასეთი ტრაგიკული სცენარით განვითარების შემთხვევაში, არხეინად თავს ვერც სამხრეთ კავკასიაში იგრძნობენ, რომელსაც ირანი უშუალოდ ესაზღვრება.

ის, რომ საქართველოს საჰაერო სივრცისა და ქართული აეროდრომების გამოყენებით ამერიკელებმა ირანის დაბომბვა სცადონ, თითქმის გამორიცხულია, სომხეთში რუსული საავიაციო და საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების დისლოცირების გამო.

მაგრამ არსებობს სხვა საშიშროება, მაგალითად, ირანული ატომური ობიექტის განადგურების შედეგად ატმოსფეროში გაფანტული რადიოაქტიური ნაწილაკების ჰაერის მასით ჩვენსკენ გადმოტანა, ან სულაც ათი ათასობით ირანელი ლტოლვილი, რომლებიც ამერიკული დაბომბვებისგან თავის საშველად ჩრდილოეთისკენ დაიძრებიან, მით უმეტეს, რომ მათ თანამემამულეებს თბილისში ფეხი უკვე მოკიდებული აქვთ, მათ შორის ზოგიერთ საეჭვო ბიზნესში…

ამერიკულ-ირანული მორიგი დაპირისპირება, სავარაუდოდ, ისევე მალე ჩაცხრება, როგორც აქამდე არაერთხელ მომხდარა, მაგრამ იცით, ვინ მოიგებს კვლავაც ამით? რა თქმა უნდა, კრემლი, რადგან ნავთობზე ფასის ავარდნა ვაშიგტონ-თეირანის მორიგი წაკიდების გამო რუსეთის ბიუჯეტში ნავთობდოლარებს მნიშვნელოვნად გაზრდის, რაც პუტინს ახალი სამხედრო “სათამაშოების”  შექმნის საშუალებას მისცემს, რომლითაც სამიზნეში ისევ ვაშინგტონს ამოიღებს…
kvirispalitra.

კომენტარები ფეისბუქიდან