გვსურს, ირანმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს – ბიბილოვი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან, ირანი „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას აღიარებს და ორი, „ნათესაურად ახლო სახელმწიფო“ ყველა სფეროში შეძლებს ურთიერთობის დალაგებას.

„ირანი ოსებისთვის ნათესაურად ახლო სახელმწიფოა. ჩვენი ენა ინდოევროპული ენების ჯგუფს განეკუთვნება და ჩვენ ძალიან ბევრი სართო გვაქვს, მათ შორის ტრადიციებიც. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ირანთან ურთიერთობების დალაგება. უფრო მეტიც, ასეთი მცდელობები და კონკრეტული ნაბიჯები სამხრეთ ოსეთში უკვე არსებობს და ეს განგრძობადია“, – უთხრა ბიბილოვმა ირანელ ჟურნალისტს.

ანატოლი ბიბილოვი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებსაც შეეხო და თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი შეძლებდა „მათი ფაქტორის“ შემცირებაში დახმარებას.

„ასეთ მდგომარეობაში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ სამხრეთ ოსეთის გავლით ირანისთვის სანქციების ფაქტორი შემცირდეს. ამიტომ გვსურს თანამშრომლობა და ის, რომ ირანმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს“, – თქვა ბიბილოვმა.
Reginfo.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან