საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ისტორიკოსი და აღმოსავლეთმცოდნე გუბაზ სანიკიძე საქართველოსთვის მოვლენათა განვითარების საკმაოდ დრამატულ სცენარს პროგნოზირებს. ის როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას და შიშობს, რომ ქვეყანა მესამედ და სამუდამოდ დაკარგავს დამოუკიდებლობას.სანიკიძე ოპოზიციას და მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ გახდებიან საკუთარი ბიოგრაფიების მსხვერპლნი და გაერთიანდნენ.
“ხელისუფლების ბედი ჩემთვის გარკვეულია – ეს არის ანტიქართული ხელისუფლება. თუ დადასტურდა, რომ მას [ივანიშვილს] ბიტკოინების ქარხანა გატანილი აქვს აფხაზეთში, ბუნებივია, ეს რუსების გარეშე არ მოხდებოდა (აღნიშნული ინფორმაცია არსებობს აფხაზებშიც და ქართველებშიც). მხოლოდ ეს კმარა იმისთვის, რომ მას ანტიქართველი დავარქვათ. ეს [ქარხნის გატანა] იმს ნიშნავს, რომ გავლენის ქვეშაა და მან გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღოს იმის მიხედვით, როგორ ამუშავებს ქარხანას აფხაზეთში.
რაც შეეხება ოპოზიციას, ქართული პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად ცვლილებებისთვის, ამას რაღაც ახალი, საზოგადოების ჩართვა სჭირდება. ჩვენ ზუგდიდში და განსაკუთრებით მთაწმინდაზე ვიხილეთ, რომ ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არ ეკარება პოლიტიკას. ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან როდესაც არის დიდი გულაცრუება, ამას მოსდევს გამოსავლის ძებნა, ეს ადამიანის ბუნებაა და ქართველი ხალხი გამოსავლის ძებნას აუცილებლად დაიწყებს. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ამიტომ მე ოპოზიციას, მათ შორის საკუთარ თავსაც, თუმცა მე ახლა ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, მოვუწოდებ, ყველამ საკუთარ ეგოს გადააბიჯოს. ისტორიაში რჩება ის, ვინც თავს, საკუთარ ბიოგრაფიას და ფობიებს გადააბიჯებს. ქვეყანა კატასტროფის წინაშეა: საგარეო თუ საშინაო ფაქტორები კატასტროფულია და ჩვენ გვემუქრება, არც მეტი და არც ნაკლები, სახელმწიფოებრიობის დაკარგვა. ასე ეგონათ თებერვალშიც, როდესაც წითლები შემოვიდნენ [1921 წელს]. თბილისელებს ეგონათ, გვიან მაისში წითლები გაირეკებოდნენ აქედან, მაგრამ ისინი 80 წელი დარჩნენ. ქართველებს ყოველთვის ასე გვგონია… აქ არა მხოლოდ რუსულ ფაქტორზეა საუბარი. თუ სახელმწიფოებრიობის დაკარგვა მოხდება, მოხდება გარიგება ჩვენი ტერიტორიის ხარჯზე და მინიმუმ, ორი სახელმწიფო გაინაწილებს ჩვენს ტერიტორიებს – რუსეთი და თურქეთის რესპუბლიკა. მე არც ერთის საწინააღმდეგო მაქვს რამე, რადგან მათ თავიანთი ეროვნული ინტერესები აქვთ, ისევე როგორც სომხეთს, აზერბაიჯანს. ერთადერთი, ვისაც ინტერესი არ აქვს, საქართველოა. როგორც ლენინსა [საბჭოთა კავშირი] და ათათურქს [თურქეთი] შორის მოხდა გარიგება, ისევე გაიხერხება ეს ქვეყანა. მე ინფორმირებული ადამიანი ვარ, ჭორებს არ გიყვებით. ივანიშვილი ვერავის გაუწევს წინააღმდეგობას, რადგან ის არჩევანში არ არის თავისუფალი. მისთვის ამოსავალი წერტილი სიმდიდრეების მომრავლებაა და არა ქართული სახელმწიფო ინტერესები, მით უფრო, რომ არც მას და არც მის ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს, რა არის ქვეყნის ინტერესი.პრობლემა სწორედ ამაშია. რაც დრო გადის, კატასტროფას ვუახლოვდებით. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, თუ ცალ–ცალკე ვიქნებით, საქართველო მესამედ და სამუდამოდ დაკარგავს სახელმწიფოებრიობას”,– განაცხადა TV “პირველის” ეთერში სანიკიძემ.
accent.com.