ამერიკის სამხრეთ და შუა დასავლეთ რეგიონებში აბორტის საწინააღმდეგოდ, ე.წ. ნაყოფის გულისცემის კანონპროექტების ინიცირება სულ უფრო გახშირდა. თუ მისისიპის შტატის ახალი კანონი სასამართლო გამოწვევას გადაურჩა, იქ ორსული ქალების უმეტესობისთვის აბორტის პროცედურის ჩატარება თითქმის შეუძლებელი გახდება. პოტენციურად, ამავე გზას ადგანან მეზობლად მდებარე ლუიზიანის, ალაბამასა და ჯორჯიის შტატები.
ლუიზიანის საკანონმდებლო პროცედურების ნახევარი უკვე გავლილი აქვს მისისიპისა და ჯორჯიის შტატების მსგავსი კანონის მისაღებად, რაც ნაყოფის გულისცემის გამოვლენისთანავე აბორტის ჩატარებას კრძალავს. ეს კი ორსულობის მეექვსე კვირაზე დგინდება, ამ ვადაზე კი ქალების უმეტესობამ საკუთარი ორსულობის შესახებ ჯერ არაფერი იცის. ალაბამას შტატმა კი კიდევ უფრო მკაცრი კანონი მიიღო.
სამხრეთისა და შუა დასავლეთის რეგიონების დიდ ნაწილზე, შტატების მთავრობები მიისწრაფიან, რომ აბორტზე წვდომა პრაქტიკულად გამორიცხონ. ოჰაიოსა და კენტუკის შტატებმა ასევე მიიღეს ე.წ. გულისცემის კანონები, მისურის შტატის რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ მყოფი საკანონმდებლო ორგანოც ამ საკითხზე მუშაობს.
მათ იმედი აქვთ, რომ ამერიკის უზენაესი სასამართლო აბორტის საკონსტიტუციო უფლებას ბოლოს მოუღებს. აბორტების აკრძალვის ინიციატორმა კანონმდებლებმა ცხადი გახადეს, რომ მათი მიზანია სასამართლოს გამოწვევა, რათა საბოლოო ჯამში, 1973 წელს მიღებული გარდამტეხი გადაწყვეტილება გადალახონ. 1973 წელს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საქმეზე – „როუ უეიდის წინააღმდეგ“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც კონსტიტუციის მე-14 შესწორების ფარგლებში, ოფიციალურად გააფორმა აბორტზე ქალის უფლება.
წყარო: https://www.foxnews.com/