მიკროავტობუსის მძღოლები: ჩვენი მომხედავი ქვეყანაში არავინ არ არის

ბოლო რამდენიმე წელია ზაფხულის მოსვლასთან ერთად დედაქალაქში მიკროავტობუსების პრობლემაც ავტომატურად დგება. ხშირად ისმის საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება მიკროავტობუსების კეთილმოწყობის და კონდიცირების სისტემასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ თემაზე არაერთი სტატია დაწერილა, თუმცა საზოგადობის ინტერესებიდან გამომდინარე მედიაში მხოლოდ ერთი მხარე შუქდება, ხოლო მძღოლების ინტერესებს არავინ იცავს.

„კომერსანტი“ ერთ-ერთი მიკროავტობუსის ხაზის მძღოლებს ესაუბრა და მათ სხვადასხვა სახის პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. მათ შორის, საწვავის მაღალ ფასზე, კონდიცირების სისტემების პრობლემებზე, მგზავრების მხრიდან უხეშ მოპყრობაზე და „თბილისის მიკროავტობუსში“ არსებულ პრობლემებზე. მეტიც მათ ინტერესებს არც კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ იცავენ.

„დღის განმავლობაში პრაქტიკულად ამოსუნთქვის საშუალება არ გვაქვს. სპეციფიკური სამსახურია, ათასი ადამიანი ამოდის და უმეტესობა უხეშად გვესაუბრება, ჩვენ მათთან შეკამათების გაცემის საშულებაც არ გვაქვს, რადგან კომპანიაში ყველაფერზე პასუხს გვთხოვენ, ხოლო ჩვენი მომხედავი ქვეყანაში არავინ არ არის.“ – აღნიშნავს ერთ-ერთი ხაზის მიკროავტობუსის მძღოლი.

მძღოლები „კომერსანტთან“ ყოფით პრობლემებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ საწვავის ფასი კატასტროფულად იზრდება, ხოლო მათ გეგმას არავინ უმცირებს. ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში კომპანია მის რეაბილიტირებაზე არ ზრუნავს და ეს თანხა მძღოლებს დამატებით აწვება. ზაფხულის სეზონზე კი მუშაობა რთულია, რადგან სწორედ ამ დროს მოსახლეობა დედაქალიდან გაედინება.

„კომერსანტის“ კითხვაზე რატომ არ რთავენ მძღოლები მიკროავტობუსში კონდინციონერებს? – თავად გვპასუხობენ, რომ ამით საწვავის სწრაფი წვა ხდება და შესაბამისად ეს პირად ხარჯებზე აისახება, ხოლო შემოსავალი იმდენი არ არის, რომ დამატებით ხარჯს გასწვდნენ.

„თბილისის მიკროავტობუსში“ განმარტავენ, რომ ტექდათვლიერებას ავტომანქანები 6 თვეში ერთხელ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ ტექდათვალიერების ცენტრში გადიან, თუმცა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ცენტრის მიერ გაცემულ დასკვნაზე და ხარისხზე პასუხს ვერ აგებს.

რაც შეეხება მიკროავტობუსებში არსებულ კონდიცირების სისტემას და მათ გამართულად მუშაობას, კომპანიაში განმარტავენ, რომ ამისთვის მარტიდან დღემდე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მათივე განცხადებით, გუშინდელი მონიტორინგის შედეგით, რომელსაც კომპანია დამოუკიდებლად აწარმოებს, მიკროავტობუსების 91 პროცენტში კონდიციონერი ჩართულია.

რაც შეეხება საწვავის ხარჯს, რომელიც კონდიცირების ჩართვის შედეგად იზრდება, მას კომპანია სრულად ანაზღაურებს. თბილისის მასშტაბით დედაქალაქში 1 500 მიკროავტობუსი მოძრაობს.

წყარო: კომერსანტი