თავდაცვის ბიუჯეტს მოკლებული თანხის ხარჯზე უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც „10 000 ოჯახს საოჯახო ბიზნესის აწყობაში დაეხმარება“.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ირმა ინაშვილი სარეკლამო ვიდეოში ამბობს, რომ თავდაცვის ბიუჯეტს მოკლებული თანხის ხარჯზე უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც „10 000 ოჯახს საოჯახო ბიზნესის აწყობაში დაეხმარება“.

ეს, ინაშვილის თანახმად, მოხდება „500 მილიონი ლარის ეკონომიის ხარჯზე“, რაც, ინაშვილის თქმით, „დღეს ნატოს პროექტებსა და თავდაცვაშია ჩადებული“. ეს ასე არ არის.

„ანუ მთლიანი შიდა პროდუქტიდან 2,2 პროცენტი ნატოს სამხედრო პროექტებზე არ უნდა გამოვყოთ [არც ეს არის ასე] მხოლოდ 1,2 პროცენტი უნდა დავტოვოთ თავდაცვაზე, ხოლო დანარჩენი 1%, ანუ 500 მილიონი საოჯახო ბიზნესზე უნდა წარვმართოთ“, — ამბობს ვიდეოში ირმა ინაშვილი.

ამ მოთხოვნით „პატრიოტთა ალიანსი“ 4 მაისს სპორტის სასახლეში მხარდაჭერებს ხვდება. ივნისში კი კიდევ უფრო ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს.

რა თანხა იხარჯება თავდაცვისთვის?

საქართველოს მთავრობის 2019 წლის ბიუჯეტის თანახმად (1 იანვარს ძალაში შესული ბიუჯეტის კანონი, მუხლი 16 — საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები), თავდაცვისთვის 875 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს (ამ 875 მილიონიდან 820 მლნ იხარჯება ბიუჯეტიდან, ხოლო 55 მილიონი დონორებისგან მიღებული დაფინანსებაა). ამ 875 მილიონიდან 376 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება.

თავდაცვის (და ბიუჯეტის სხვა) ხარჯებს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს ადარებენ — ითვლიან, მშპ-ის რამდენი პროცენტი იხარჯება (ჩვენს შემთხვევაში) თავდაცვის სფეროზე. 2019 წლისთვის მშპ-ის ნომინალური მოცულობა 45.1 მილიარდი ლარია.

შესაბამისად, მარტივი პროპორციით, 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 2019 წლის ნავარაუდები ნომინალური მშპ-ის 1.94%-ია.

საიდან ასახელებს „პატრიოტთა ალიანსი“ 2.2%-ს? როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, მათ საზომად აიღეს არა 875, არამედ 903 მილიონი.

ეს რიცხვი — 903 მილიონი ლარი — ბიუჯეტის კანონში, თავდაცვის კონტექსტში, მითითებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალურ კლასიფიკაციაში.

2.2%-ს ვღებულობთ, თუკი განტოლებისთვის ავიღებთ 903 მილიონსა და 2018 წლის მშპ-ს, 41.07 მილიარდ ლარს. თუმცა სწორი პროპორციისთვის საჭიროა, ბიუჯეტის ასიგნებებში მოცემული რიცხვითა და 2019 წლის ნავარაუდები მშპ-თი ვიხელმძღვანელოთ. ეს განტოლობა 1.94%-ს მოგვცემს.

თავდაცვის ბიუჯეტი. სქრინშოთი: კანონი ბიუჯეტის შესახებ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ნატოს, თანახმად, წევრმა ქვეყნებმა მშპ-ის მინიმუმ 2% უნდა დახარჯონ შეიარაღებაზე. ეს წესი საქართველოსთვის სავალდებულო არ არის, რადგან ქვეყანა ნატოს წევრი არ არის, თუმცა რეკომენდაციაა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აკრიტიკებდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც, მისი თქმით, თავდაცვაზე საკმარის ფულს არ ხარჯავენ.
netgazeti.