დამოუკიდებლობა და თავისუფლება დღევანდელ მსოფლიოში გამორიცხულია.

საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით რუსეთის, ამერიკის, თურქეთისა და ირანის სტრატეგიული ინტერესების პოლიგონია, რომელიც, სამწუხაროდ, მათთვის საინტერესოა მხოლოდ, როგორც ტერიტორია და არა როგორც უძველესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანა, ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს, ბრძოლის ველად რომ არ გადავიქცეთ მათთვის. ამ მხრივ მისასალმებელია ყაზახეთის მიდგომა გამოწვევების მიმართ, რათა საქართველო არ გადაიქცეს (თუ უკვე არ ვართ გადაქცეული) რუსეთისა და ამერიკის დაპირისპირების არენად. არადა, ალბათობა დიდია.

ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენთვის არაფრის მომტანია, ზიანის გარდა. მათი ინსტიტუტების კვლევებიც თითქოს ჩვენი ხალხის გუნება-განწყობის გამომხატველია, მაგრამ… რა გახდა ჩვენ მიერ ერთი სოციალური კვლევის ან რეფერენდუმის ჩატარება, რათა ჩვენი თვალსაზრისი და მრწამსი გამოვავლინოთ, მაგრამ არა, სამწუხაროდ, ჩვენ ამ გადამთიელების ჭკუაზე უნდა ვიაროთ. ამერიკელი კონგრესმენები და ევროპელი მაღალჩინოსნები რეგულარულად იღებენ რეზოლუციებს საქართველოს მთლიანობის შესახებ და ამ ფარატინა ქაღალდით, ათეული წლებია, გვატყუებენ, ხოლო ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ რეზოლუციების საპასუხოდ რუსეთის ლანძღვით არის დაკავებული. პარლამენტის თავმჯდომარეც გაიძახის: ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პრინციპებსო, ხოლო პრემიერმინისტრი ტრიბუნას ყოველთვის რუსეთის მიმართ არაკეთილმოსურნეობის გამოსახატავად და ნატოს სადიდებლად იყენებს. როდემდე უნდა ვეძახოთ რუსეთს ოკუპანტი და მტერი და არ დაველაპარაკოთ? ახლა ეკლესიური თვალსაზრისითაც არ გადავიმტეროთ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებით, რაც საბოლოოდ დამღუპველი იქნება ჩვენთვის. დღეს ჩვენ ამ საკითხში ერთმანეთს ვჭირდებით და ეროვნულ-პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. არადა, რუსეთი პირველი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსათვის. ამ ქვეყნიდან შემოდის უზარმაზარი ტურისტული ნაკადი, წარმოებს რეგულარული ავიარეისები, არის ურთიერთკავშირები საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობითა და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობით.  მილიონამდე ქართველი ცხოვრობს და დასაქმებულია რუსეთში და ეს სახელმწიფო, საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით, პირველ ადგილზეა სხვა ქვეყნებს შორის.  თუ სხვა ქვეყნებში ქართველები მომვლელებად მუშაობენ და მძიმე საქმეს ასრულებენ,  რუსეთში პირიქით _ სხვადასხვა დარგში წამყვანი პოზიციები უკავიათ და წარმატებული ბიზნესმენებიც არიან.  2018 წელს საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილებით 4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა, ყველაზე მეტი _ რუსეთიდან. ნუ დაგვავიწყდება, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას სასათბურე პირობებში ვცხოვრობდით. ჩვენი ბიუჯეტის შევსება დოტაციის (თითქმის ორჯერ მეტად, რასაც მოვიხმარდით) ხარჯზე ხდებოდა. მსოფლიოში უნიკალური შემთხვევა იყო, როცა ჩვენ უკეთ ვცხოვრობდით, ვიდრე რუსები. დავიჯერო, ეს ამერიკელებმა არ იციან, მხოლოდ ოკუპანტსა და მტერს რომ გვაძახებინებენ და რუსეთთან ჩვენს დაპირისპირებაში დიდი როლი ითამაშეს?! რუსეთან ურთიერთობის დარეგულირების შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან. ჩვენი არჩევანიც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაზე სწორედ ამას ისახავდა მიზნად. როგორც დიდი გამოცდილებისა და დიპლომატიის გზაგანვლილი პიროვნება, ის აქტიურად ჩაებმებოდა ამ საქმეში და არა ისე, როგორც წინა პრეზიდენტი, რომელიც გაიძახოდა, რუსეთთან დალაპარაკებაზე ამერიკას უნდა დავეკითხოო. კარგია სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა, მაგრამ ისინიც ამ საკითხის მოსაგვარებლად უნდა დავარწმუნოთ და გამოვიყენოთ.  ჩვენ თუ არგადავდგით უშუალოდ  სათანადო ნაბიჯებიდა არ  დაველაპარაკეთ რუსეთს, ისე ვინ დაგვიბრუნებს ტერიტორიებს?!დავიბრუნებთ და უნდა ჩავეჭიდოთ იმ ფასეულობებსა და ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გვქონდა რუსეთთან ურთიერთობისას. ახლა მტყუან-მართლის გარჩევის დრო აღარ არის, ყველას ჩვენი წილი ბრალი მიგვიძღვის საქმის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში. ჩვენ მარტო დავრჩით ისტორიულად. წინათ ხან ერთ ან ორ იმპერიას ვყავდით დაპყრობილი. ახლა ახლომახლო იმპერები არ ვიკმარეთ და ოკეანის გაღმა წავედით უღლის დასადგმელად, გვინდა-არ გვინდა, ამერიკის, რუსეთისა და ევროპის ინტერესების გათვალისწინებით ვმოქმედებთ, სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს, დამოუკიდებლად ნაბიჯს ვერ ვგდამთ, თუ რამე არ ვიღონეთ, ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და პერსპექტივას. შეიძლება გადავიქცეთ უსარგებლო ქვეყნად. თუ არ მოვაწესრიგეთ როგორც მეზობელ, ისე სხვა ქვეყნებთან პოლიტიკური,  ეკონომიკური და სამხედრო–სტრატეგიული ურთიერთობა,  წარმოუდგენელია ჩვენი არსებობა.  დაუცველი ერი ვართ, თუმცა, ჩვენ  კი არა, მსოფლიო შეიპყრო  დაუცველობის განცდამ ამ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების გამო. ქვეყანა,  რომელსაც საერთოდ არ აქვს  სტრატეგიადა იდეოლოგია და  სხვაზეა დამოკიდებული, განწირულია.

დამოუკიდებლობა და თავისუფლება დღევანდელ მსოფლიოში გამორიცხულია.
ჯონი ცინცაძე,
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
Geworld.ge.