ისინი ხმებს ძირითადად მაინც „ოცნებას“ წაართმევენ ” – ორი ახალი პოლიტიკური პარტია ერთ კვირაში.

“ამ კვირაში ორი ახალი პოლიტიკური პარტია ყალიბდება. 11 ივნისს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ოფიციალურად დაბრუნდება და ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ჩამოაყალიბებს.

ხოლო 12 ივნისს ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“ საზოგადოების ყველა წევრს იწვევს, ვისაც მათთან თანამშრომლობა სურს. 20 ივნისს კი პარტიის ყრილობა ჩატარდება. ვინ იქნებიან ამ ორი პარტიის წევრები, ვისთან ერთად აპირებს ბესელია და ოქრუაშვილი პოლიტიკურ ასპარეზე ახალი შემადგენლობით შემოსვლას, ოფიციალურად პარტიების პრეზენტაციის დროს გახდება ცნობილი”, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ორი ახალი პოლიტიკური პარტია ერთ კვირაში / რომელ პოლიტიკურ ძალას წაართმევენ მხარდამჭერებს ეკა ბესელია და ირაკლი ოქრუაშვილი.

 

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილი პოლიტიკურ მოძრაობაში, სავარაუდოდ, კოტე კემულარია და გუბაზ სანიკიძე იქნებიან. ოქრუაშვილი, პოლიტიკურ აქტიურობას სწორედ აღნიშნულ პირებთან ერთად დაუბრუნდება.„რეზონანსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით თავად ყოფილი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაუკავშირდა. ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს ნათელი 11 ივნისს მოეფინება და ყველა კითხვაზე პასუხს პარტიის პრეზენტაციის დროს გასცემს. „მოდით, პრეზენტაციას დაველოდოთ და ყველა კითხვაზე პასუხი იქ გაეცემა. წინასწარ რაიმეზე საუბარი არ მინდა. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ეს არის პოლიტიკური პარტია და მისი წევრები ვინც იქნებიან, გაიგებთ“, – განუცხადა ოქრუაშვილმა „რეზონანსს“. მან არც ის დააკონკრეტა, რომელ მოქმედ პოლიტიკურ ძალებს განიხილავს პოტენციურ პარტნიორებად”, – აღნიშნავს გამოცემა.

 

“კოტე კემულარია და ირაკლი ოქრუაშვილი თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. კოტე კემულარია 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო; ასევე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს ელჩი რუსეთში. ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია 11 ივნისს, „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება. რაც შეეხება ეკა ბესელიას პარტიის „სამართლიანობისთვის“ წევრებს, როგორც მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, შესაძლოა ამ პარტიაში მთავრობის ყოფილი წევრები ვიხილოთ. საუბარი იყო ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილზეც, თუმცა გედევან ფოფხაძემ, რომელიც ამავე პარტიის დამფუძნებელია, „რეზონანს“ განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია მცდარია და კვირკაშვილი მათ პარტიაში არ იქნება. რაც შეეხება ჩვენს კითხვას, შესაძლოა თუ არა ვიხილოთ სხვა ყოფილი მთავრობის წევრები მათ პარტიაში, ფოფხაძემ გვითხრა, რომ 20 ივნისს დაველოდოთ და ყველაფერს ნათელი ამის შემდეგ მოეფინება.„ჯერ-ჯერობით საორგანიზაციო სამუშაოები მიდის. 12 ივნისს საზოგადოების ყველა წევრს ვიწვევთ და თანამშრომლობას ვთვაზობთ. ვინ იქნებიან ჩვენი პარტიის წევრები, ამას 20 ივნისის ღონისძიებაზე გაიგებს საზოგადოება”, – განაგრძობს გამოცემა.

 

“რა თქმა უნდა, გარკვეული კომუნიკაციები არსებობს, თუმცა ამაზე წინასწარ საუბრისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება კვირიკაშვილს, დადასტურებულად გეტყვით, რომ ის ჩვენს პარტიაში არ იქნება. დანარჩენი კი უკვე 20-ში ვნახოთ. „შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ პარტია „სამართლიანობისთვის“ არ იქნება არც „ნაციონალების“ და არც „ოცნების“ ორბიტაზე. ასევე მათ წიაღიდან წამოსულ არცერთ პარტიასთან არ ვითანამშრომლებთ. დანარჩენთან ყველასთან შესაძლებელია“, – აცხადებს „რეზონანსთან“ პარტიის „სამართიანობისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გედევან ფოფოხაძე. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ პოლიტიკურ ველზე ორი ახალი პარტიის გამოჩენას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ასეთი პარტიების ჩამოყალიბების შემთხვევაში არსებობს შანსი, რომ 2020 წლისთვის კოალიციური მთავრობა მივიღოთ. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მსგავს პატარა პარტიების შექმნა იძლევა შანს, რომ 2020 წლისთვის პარლამენტი მრავალპარტიული გვექნება. მისი აზრით, პარტიებისთვის დაწეული 3%-იანი ბარიერი ორივე – ოქრუაშვილისაც და ეკა ბესელიას პარტიასაც მისცემს საშუალებას, რომ პარლამენტში შევიდნენ. ეს კი ქვეყნისი პოლიტიკური ველისთვის საკმაოდ ბევრის მომცემია. ხუხაშვილის აზრით, იმ მოცემულობაში, რაშიც ახლა ქვეყანა იმყოფება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უფრო ბევრი პოლიტიკური პარტიები შექიმნას და მეტი კონკურენცია იყოს. ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამ ორი პარტიის პოტენციური ამომრჩეველი ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც „ოცნებას“ არჩევნებზე ძალით ან სხვადასხვა დაპირების მეშვეობით მიჰყავს. მისი აზრით, „ნაციონალებს“ იმდენად სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, რომ მათთვის ამომრჩევლის წართმევა შეუძლებელია. ხოლო ხელისუფლების ელექტორატს რაც შეეხება, მას საერთოდ აღარ ჰყავს და არჩევნებს მხოლოდ მედროვეებით, საჯარო სამსახურში დასაქმებული და დაშინებული ამომრჩევლით იღებს. ეს გარემოება კი ასეთი პატარა პარტიებისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება”, – დასძენს გამოცემა.

 

“ახლა ქვეყანას სასაიცოცხლოდ სჭირდება ასეთი პატარა პარტიები. რაც უფრო ბევრი იქნება, მით უფრო უკეთესია, რადგანაც პარლამენტში მულტიპარტიულ წარმომადგენლობას მივიღებთ. ეს კი იმის საშუალებას მოგვცემს, რომ კოალიციური მთავრობა გვქონდეს. „რა თქმა უნდა, ოქრუაშვილის და ბესელიას პარტიებს ექნება შანსები, რომ 3%-იანი ბარიერი გადალახონ და პარლამენტში მოხვდნენ. მე მგონია, რომ ისინი ხმებს ძირითადად მაინც „ოცნებას“ წაართმევენ და ეს ყველაზე კარგია იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებას ელექტორატი აღარ ჰყავს. ის ახლა ყველა არჩევნებს ფულით და რესურსების გამოყენებით იღებს. ვხედავთ ხალხი არჩევნებზე როგორი ფორმით მიჰყავთ. ზოგს ემუქრებიან და ზოგსაც რაღაცას პირდებიან. „ეს პარტიები ასევე შეეცდებიან, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს რაღაც სხვა ახალი შესთავაზონ. „ნაციონალებს“ რაც შეეხება, მათ ახალი პარტიები ამომრჩეველს ვერ წაართმევენ. იმდენად სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, რომ ეს შეუძლებელია“, -აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“. კონსტიტუციონალისტი და ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი აცხადებს, რომ ასეთ პატარა პარტიებს 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდებათ. მისი აზრით, თუ ამ პარტიების მთავარ მიზანი მხლოდ პარლამენტში მოხვედრაა, მაშინ უბრალო პარტიად დარჩებიან და საზოგადოების მხრიდან სერიოზულ მხადაჭერას ვერ მიიღებენ. ისიც საკითხავი იქნება, რეალურად შეძლებენ თუ არა დაწეული ბარიერის გადალახვას. მისივე აზრით, პოლიტიკურ ველზე ამომრჩეველი ყველას გადანაწილებული ჰყავს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ოქრუაშვილი და ბესელია ზედმეტად ჩქარობენ, რადგანაც პოლიტიკური პროცესები ჯერ კიდევ არ დალაგებულა და მათ შემოდგომამდე უნდა მოეცადათ”, – წერს გამოცემა.

 

“ახალი პარტიების შექმნა ლოგიკურია და ცუდია-თქო, ვერ ვიტყვი. ესენი ახლა ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაღაც ახალი მიაწოდონ და ამის მოთხოვნა, როგორც ვხედავთ, უკვე დიდი ხანია არსებობს. თუმცა, რამდენად გამოუვათ, ეს უკვე სხვა საკითხია. „მერე რა, რომ 3%-იანი ბარიერია გადასალახი. არ არის გამორიცხული, რომ ეგეც ვერ გადალახონ. უბრალოდ, პოლიტიკურ ველზე პარტიებს ყველას საკუთარი ამომრჩეველი უკვე გადანაწილებული ჰყავს. ვერ წარმომიდგენია ბესელიამ და ოქრუაშვილმა ხმები და ამომრჩეველი ვის უნდა წაართვან. „2020 წლისთვის სამი პარტიაა, რომელიც პარამენტში გარანტირებულად მოხვდება. ესაა: „ოცნება“, „ნაციონალები“, „ევროპული საქართველო“, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ ამის დიდი შანსი აქვს და არა გარანტია. ერთი ისაა, რომ ამ ახალმა პარტიებმა ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე შეიძლება იმუშაოს, თუმცა რამდენად შეძლებენ მათ დაინტერესებას ცოტა მეეჭვება. „ბესელიასაც და ოქრუაშვილსაც ამომრჩეველი კარგად იცნობს. მათ არცთუ სახარბიელო პოლიტიკური კაპიტალი გააჩნიათ. მე მგონია, რომ ძალიან ჩქარობენ და პარტია შემოდგომაზე შეექმნათ ჯობდა. პოლიტიკური პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და „ოცნებაში“ შესაძლოა ცვლილებები კიდევ იყოს. ამიტომაც ნაჩქარევი ნაბიჯი მგონია“, -აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“, – წერს სტატიის ავტორი.
Firstnevs. ge.