ზაფხულის სეზონზე, ტკიპა, რომელიც უმძიმესი დაავადების – „ყირიმ-კონგოს ცხელების” გადამტანია, განსაკუთრებით აქტიურია. ტკიპა გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია. როგორ მოვიშოროთ ტკიპა და რამდენად საშიშია ის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა.
„ყველა ტკიპა არ არის დაავადების გადამტანი. ეს არის გარკვეული სახეობის ტკიპა, რომლიც ინფიცირებულია. პანიკური შიშია ამ ტკიპების მიმართ, რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ ბავშვი იქნება თუ დიდი, გარედან დაბრუნდება, ბალახებში იარა, უნდა დავათვალიეროთ რომ ტანზე, სადმე ტკიპა არ ჰქონდეს მიკრული. თუ სადმე ვნახავთ ტკიპას, ის საკმაოდ დიდი სიფრთხილით უნდა მოშორდეს, რომ საცეცები ადამიანის სხეულში არ ჩატოვოს. მისი მოშორება ხელით არ შეიძლება. არც ცხოველებიდან შეიძლება ტკიპას ხელით ტკიპის მოშორება” – აღნიშნა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში”.
მისივე ინფორმაციით, ტკიპას სხეულიდან მოსაცილებლად საჭიროა პინცეტი და ხელთათმანი.
„აუცილებლად ხელთათმანი უნდა გქონდეს და პინცეტით უნდა მოვაშოროთ. კარგად უნდა მოედოს პინცეტის პირი ტკიპას და ფრთხილი მოძრაობით, მოტრიალებით უნდა ამოვიღოთ, რომ მისი სხეულის ნაწილები არ ჩარჩეს კანში. ტკიპას რაც უფრო ჩქარა მოვიშორებთ, შემდეგ, მით უკეთესია. რადგან ის რაც უფრო დიდი ხანი რჩება კანზე, მით მეტი შანსია, დაავადება ადამიანზე გადავიდეს. უამრავი სახეობის ტკიპა არსებობს. აქედან, ზოგი შეიძლება იყოს რაიმე დაავადების გადამტანი. ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს ტკიპასთან დაკავშირებული დაავადება, ეს არის „ყირიმ-კონგოს ცხელება”, რომელიც ხაშურიდან მოყოლებული სამცხე-ჯავახეთისკენაა გავრცელებული” – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც იმნაძემ აღნიშნა. მნიშვნელოვანია მეცხოველეობით დაკავებული მოქალაქეები, რომლებმაც ტკიპები ცხოველებს ხელით არ უნდა მოაშორონ.
Rezonansi.