ლევან ვასაძე თავის მხარდამჭერებს მიმართავს: „ხომ მეუბნებით, გამოდი გარეთ, დაგვიძახე და დაგიდგებითო – აი, გეძახით ხალხო, მოდით და დაგვიდექით!“

ბიზნესმენი, მსოფლიო საოჯახო კონგრესის დამფუძნებელი ლევან ვასაძე თავის მხარდამჭერებს, ოღონდ მხოლოდ მამაკაცებს, დღეს, 16 ივნისს, თბილისში, ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ იქ მათ იგი სამოქმედო გეგმას გააცნობს.

 

„ხომ მეუბნებით, გამოდი გარეთ, დაგვიძახე და დაგიდგებითო. აი, გეძახით ხალხო. მოდით და დაგვიდექით. მე ვთხოვ ქალბატონებს და ბავშვებს – ვერავის ვერ აუკრძალავ, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა – რომ დარჩით სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს, – ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს… გეპატიჟებით ხვალ, სულთმოფენობას, კვირა საღამოს, საღმოს 8 საათზე, ვერის ბაღში… იქ მოვალთ ჩვენ, ჩვენი მეგობრებით და გაგაცნობთ სამოქმედო გეგმას. ეს სამოქმედო გეგმა არის საქართველოში წესრიგის დაცვა“, აცხადებს ლევან ვასაძე, რომელიც შაბათს გავრცელებულ თავის ვიდეო მიმართვაში, პარასკევს, 14 ივნისს, თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ აქციაზეც საუბრობს.

 

 

 

„გუშინ ვიყავით კანცელარიასთან და არ მივეცით უფლება გარყვნილების პროპაგანდისტებს ჩაეტარებინათ თავიანთი აქცია. იქ მოვიდა ათასობით ადამიანი. ძალიან ახლოს იყო იქაურობა უბედურებასთან. მე ვლოცულობდი, რომ უბედურება იქ არ მომხდარიყო…

 

 

„პოლიცია, თავიდან მომეჩვენა, რომ იქცეოდა ძალიან კარგად, მაგრამ მერე მოიქცა ძალიან ცუდად. არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. საკმარისი იყო ვინმეს ხმა ამოეღო ან რამე გაეკეთებიბა, იქვე აპატიმრებდნენ და მიათრევდნენ საპყრობილეში და იმ 10 ცალ სკვინტლიან ტერვენტს ეფოფინებოდნენ, როგორც კერპებს, რომელთა შიში აქვთ ეტყობა, ეგეთი ბრძანება აქვთ და აი, მაგ ბრძანების გამცემ ბატონ ბიძინას, ივანიშვილს და ყველას ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა: არაფერი შეგეშალოთ! ჩვენ არ მოგცემთ თქვენ უფლებას კორდონების ჩაყენებისა, ამ კვირაში და მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების ჩატარებისა – კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე თუ ტბაში თუ ტყეში. ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ“, ამბობს ლევან ვასაძე.

 guardian.ge.