ძვირფასო ქართველებო! ცოცხლები მხოლოდ იმიტომ ხართ, რომ ამხანაგ პუტინს ჯერჯერობით ასე სურს.

„ქართველები გამყიდველი ხალხია. მათი სტუმართმოყვარეობა მოგონილია. როცა გაგიშლიან სუფრას და გეტყვიან, ჩემი მეგობარი ხარ, უბრალოდ უთხარით: მომშორდი, გენაცვალე! ეს არის თანამედროვე საქართველო, რომელიც მხოლოდ ფულზეა დახარბებული“ – ამ სიტყვების ავტორი, რუსი პოლიტიკური მიმომხილველი და ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი, რომელსაც ეკუთვნის რადიოსადგური „ეხო მოსკვის“ ვებ-გვერდზე აქვეყნებს წერილს „რამდენიმე სიტყვა საქართველოზე“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში სააკაშვილის დროს, რამდენიმე წელი ვიცხოვრე და ვნახე მისი რეფორმების დადებითი თუ უარყოფითი მხარეები. ამის შემდეგ ვნახე საშინელი სიძულვილი მის მიმართ და ახალი ხელისუფლების მოსვლით აღფრთოვანება. დღეს  საქართველო ამ ახალი ხელისუფლების პირობებში ცხოვრობს და ის აირჩია, ვინც ჰყავს. გულწრფელად ვუსურვებ ქართველებს ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ბედნიერებას, რადგანწარმოუდგენელია, გამუდმებით საძულველი ხელისუფლება მოგყავდეს. ბოლოს და ბოლოს საქართველო რუსეთი არ არის და ქართველ ხალხს არავინ აიძულებს ერთსა და იმავე კანდიდატს მისცეს ხმა.
სავარაუდოდ, ივანიშვილის დროს ხალხი კარგად ცხოვრობს, რადგან პრეზიდენტად მისი კანდიდატურა აირჩია. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ საკუთარ ცხოვრებაში მეტი ივანიშვილი უნდათ, თუნდაც სხვა გვარით. ასე, რომ სავარაუდოდ, საქართველო დღეს ბედნიერია და ჰყავს ბრძენი მმართველი, რომელსაც ქვეყანა აყვავებისკენ მიჰყავს. შესაბამისად, თუ ქართველები მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობენ, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა ჩავერიოთ, რასაც ვაკეთებ კიდეც, თუმცა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მაიძულა თქვენს ბედნიერ ქვეყანას ერთი რჩევა მივცე.
არსებობს შესანიშნავი უკრაინელი პოლიტოლოგი ოლესია იახნო, რომელიც დღეს (23 ივნისი) ერთ-ერთ გამოცემასთან უკრაინაში პრორუსული ძალების რევანშზე საუბრისას, ახსენა ფრაზა: „მათ სურთ უკრაინის შიგნით რუსეთი ააშენონ“. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოს შიგნით რუსეთი დიდი ხანია აშენდა. ამის დასტურია რუსული ტელეარხები, რომლებიც საქართველოში მაუწყებლობენ და რომლებზეც მართლმადიდებელმა კომუნისტმა განაცხადა, რომ ქართველებს რუსული დელეგაციის ამოხოცვა სურდათ და რა თქმა უნდა, რუსი ტურისტები, რასაც ქართველები ასე ხსნიან: „დიახ, აგრესია გვახსოვს, მაგრამ რა ვქნათ? მეზობელი თურქეთიდან და სომხეთიდან ტურისტები თითქმის არ შემოდიან. რჩება რუსეთი, რომელიც იმისთვის გვჭირდება, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ. მათ ფულს ჩვენ ნატოში შესვლისთვის დავხარჯავთ, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ დიპლომატიური კავშირებიარ აღგგვიდგენია!“
ძვირფასო ქართველებო! თქვენ ცოცხლები მხოლოდ იმიტომ ხართ, რომ ამხანაგ პუტინს ჯერჯერობით ასე სურს, მაგრამ თუ მოინდომებს, თქვენი ამოხოცვა არ გაუჭირდება. პუტინი უბრალოდ, ვერ ჩამოყალიბდა: 1. საბოლოოდ დასაჯოს საქართველო „ვარდების რევოლუციისთვის“ თუ არა 2. დაიმსახუროს თუ არა ახალი სანქციები, რომლებიც არ ადარდებს, რადგან გაზი და ნავთობი აქვს.
აგრესიას სახელმწიფო გეგმავს, მაგრამ კონკრეტული ადამიანები ახორციელებენ. ქართველებო, თქვენ 7 წლის მანძილზე ვერ შეძელით გაგერკვიათ დამნაშავეების სახელები, რომლებიც ომში გხოცავდნენ, მაშინ, როდესაც უკრაინამ ყველა ნაძირალას სახელი იცის, ვინც მის მოქალაქეებს ესროლა – ამ ადამიანებს ეძებს და საერთაშორისო სასამართლოებს მიმართავს. ქართველებო, ეტყობა, საყოველთაო პატიება თქვენი ცხოვრებისეული დევიზია, ქართული ქრისტიანობის განსაკუთრებული თვისება..
ავიაბლოკადის გამოცხადებას საქართველოს ხელისუფლებამ განცხადებით უპასუხა, რომ რუს ტურისტებს საქართველოში არაფერი ემუქრებათ და სიხარულით ელიან. რუსულ თარგმანში კი ეს იცით, როგორ ჟღერს? რომ 7 წლის განმავლპობაში ხელისუფლებამ ვერ მოიფიქრა, როგორ უნდა განავითაროს ეკონომიკა რუსი ტურისტების გარეშე. გასაგებია, რომ ეს ადვილი არაა, მაგრამ უკრაინამ მოახერხა და პრაქტიკულად, მთლიანად გაწყვიტა რუსეთთან ვაჭრობა, სამაგიეროდ, 46%-ით გაზარდა ვაჭრობა ევროპასთან. რაც არ უნდა მოიმოქმედოს ახლა პუტინმა კიევის დაბომბვის გარდა, უკრაინას ვეღარაფერს უზამს, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც საავიაციო ბლოკადამ შეიძლება ტურისტული სფეროს კრახი და იმ ადამიანების გაღატაკება გამოიწვიოს, რომლებიც შემოსავალს ტურიზმიდან იღებენ.
ასე რომ საქართველოს შიგნით რუსეთის აშენება ნიშნავს საკვანძო საკითხებში აგრესორზე დამოკიდებულებას, ალტერნატივის არარსებობას და აგრესორისთვის მიცემულ უფლებას – განსაზღვროს შენი ცხოვრება. ამ მძიმე დღეებშიც კი საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭო რომ შეაფასოს ბლოკადა და დასახოს ბლოკადიდან გამოსვლის გზები.
რამდენიმე რჩევა ქართველებს:
1. ნუ დამიწყებთ იმის ახსნას, რომ მართალი არ ვარ. როგორც გინდათ ისე იცხოვრეთ – ჩემთვის სულ ერთია.
2. ნუ დამიწყებთ იმის ახსნას, რომ სააკაშვილი ნაძირალაა. რუსეთშიც იგივე ხდება და ყველა უბედურება ელცინს ბრალდება.
3. აზრი არ აქვს ეკლესიაში ლოცვას იმაზე, რომ პუტინმა ავიამიმოსვლა აღადგინოს. ასეთ საკითხებში ღმერთი პასიურობს.
ამის ნაცვლად ჰკითხეთ საკუთარ ხელისუფლებას, რომელიც წყეული სააკაშვილის გარეშე 7 წელია ბედნიერად ცხოვრობს, რატომ არის დღემდე დამოკიდებული რუსი ტურისტების ნაკადზე.
საქართველოში შექმმნილ ვითარებაზე ერთი ქართული ანეგდოტი მახსენდება:
„2020 წელია. თბილისის ქუჩებში რუსული ტანკები დგას, პარლამენტის წინ რუსული დროშა ფრიალებს. სახინკლეში ავტომატიანი რუსი ჯარისკაცი ზის, რომელსაც ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ქართველი ოფიციანტი ემსახურება და ხინკლის მიტანის შემდეგ ჩექმებს უპრიალებს.
_ ასე ჩაცმული რატომ ხარ და ხანჯალი რატომ გკიდია, ხომ ხედავ ჩექმის წმენდაში ხელს გიშლის – ჰკითხა რუსმა ჯარისკაცმა. იმიტომ, რომ თუ ვინმემ შეურაცხყოფა მომაყენა, თავი მოვაჭრა – უპასუხა ამაყად ქართველმა.“

განაპოლსკის ბლოგი„ეხო მასკვი“ -ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. თარგმნა „პროგრესნიუსმა“