ათასების ენერგია რომ გააერთიანო, ყოვლის წამლეკავ ფიზიკურ ძალას მივიღებთ, ხოლო იმავე ათასების ტვინების გაერთიანებით _ ბატის ჭკუაზე ოდნავ მეტჭკუას. სწორედ ამ სენტენციად ქცეულ ჭეშმარიტებაზე ფიქრიდან გამომდინარე კითხვები ამეკვიატა ბოლო პერიოდში რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე მოვლენების შემხედვარეს: ისტორია მეორდება? ეს კინო ხომ უკვე ნანახი გვაქვს? და ა.შ. მათზე პასუხების გაცემას ქვემოთ შევეცდები. მანამდე კი იმ ტრაგიკომიკური სურათის მკაფიოდ დასანახავად, რა დღეშიც აღმოვჩნდით რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველზე “რუსეთი ოკუპანტია”-სსკანდირების გამო, დიდი ქართველი რეჟისორის, მაესტრო რობერტ სტურუას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოკლე სტატუსს მოვიყვან: “ბოროტმა სულმა გაიმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის!”
ზემოთ დავწერე, ისტორია მეორდება და ეს კინო ხომ უკვე ნანახი გვაქვს-მეთქი, ამის შემდეგ ჯეელობა გამახსენდა…
ჩვენც, მათნაირი ყმაწვილკაცები, რომლებიც ამჟამად რუსთაველზე დგანან, მათ ნაირადვე გავიძახოდით: “…ჯოს! …ჯოს! …ჯოს!” ჩვენც გულში მჯიღს ვიცემდით და პირობას ვდებდით, რომ ოღონდაც დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ და ბალახს შევჭამთ, ბორჯომ-მანდარინი გვეყოფოდა საარსებოდ… დამოუკიდებლობა (თუნდაც ფორმალური) კი მოიპოვა საქართველომ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთლად მასე არ ყოფილა საქმე! ჩვენი შვილებიც თითქმის ასე არიან. თითქმის, რადგანაც ჩვენგან განსხვავებით ისინი, რუსეთის “კოლონიაში” კი არა, “დამოუკიდებელ” საქართველოში დაიბადნენ. რუსეთი რომ ოკუპანტია, გავიგეთ, ბატონო. “…ჯოს! …ჯოს! …ჯოს!” სკანდირებაც საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, ბევრი ადრენალინია, მაგრამ რა, მერე? მერე რა, რომ რუსეთი ოკუპანტია?! დეოკუპაციისკენ მიმავალ შემდეგ ნაბიჯად რას გვთავაზობენ? რუსი ერის აღვირახსნილ შეურაცხყოფას ლოზუნგით “რუსეთის დედას შ…ცი” (მომიტევოს მკითხველმა ამ უცენზურობისთვის, მაგრამ რა ვქნა, მხოლოდ ჩემი თვალით ნანახს გადმოგცემთ) ან მათი პრეზიდენტის უშვერი სიტყვებით ლანძღვა–გინებას?..
არ გვინდა რუსეთიო, რომ გაიძახიან, როდის მოვიდა რუსი ჩვენთან და გვითხრა: გინდა თუ არა ჩამეხუტეო? უფრო საწინააღმდეგო მაგალითები ხომ არ იცის ისტორიამ? ისტორია ვახსენეთ და ვნახოთ, რა უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის სკანდალურ ვიზიტს საქართველოში…
* ინფორმაცია განსჯისთვის:
სერგეი გავრილოვი არის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე და გეიპროპაგანდისგან არასრულწლოვანთა დაცვის კანონის ერთ-ერთი თანაავტორი; კანონისა, რომლის ძალითაც რფ-ის ტერიტორიაზე 99 წლის განმავლობაში აკრძალულია არასრულწლოვანთა შორის გეიპროპაგანდა, ანუ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩატარდება რუსეთში ლგბტ თემის აღლუმი.
საქართველოს ოფიციოზი 2 წლის განმავლობაში ცდილობდა, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის მასპინძლობის უფლება მოეპოვებინა და მიაღწია კიდეც. სერგეი გავრილოვი ამ ასამბლეის თავმჯდომარეა და რა გასაკვირია მისი ვიზიტი?! ახლა, რაც შეეხება აშკარა “საოცრებებს” ამ ღონისძიების მიმართ: თუ ასეთი პირსისხლიანი იყო ბატონი გავრილოვი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა კი არა, რატომ შემოუშვეს საქართველოში? ეს ერთი და მეორე _ თუ ყველაფერი დადგმული სპექტაკლი არ იყო, მას შემდეგ, რაც“ევროპულმა საქართველომ” (წაიკითხეგიგა ბოკერიამ) საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი რუსი იპოვა, იქვე, მყისიერად, ბოკერიას “სასტავს” საიდან დარატომ აღმოაჩნდა შესაბამისი შინაარსის ბანერები, რომელთა დამზადებას საკმაო დრო სჭირდება? ვინ (რა მიზნითაც, ყველამ ვიხილეთ) ჩააბრძანა რუსი ოკუპანტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? ის ხომ ნათელია, რომ ამას საკუთარი სურვილით ვერ იზამდა გავრილოვი?
მოკლედ, ქოც-ნაცებისთვის კიდევ ბევრი “ჩამჭრელი” კითხვის დასმა შეიძლება, მაგრამ ვფიქრობთ, ესეც საკმარისია მთავარ კითხვასთან მისაახლოებლად: ვის აძლევდადა აძლევს ხელს ის, რაც მოხდა და ხდება საქართველოში და რაც შეიძლება კიდევ მოხდეს? ამ კითხვას აშშ-ის ყოფილ ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩევლის _ მაიკლ კარპენტერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ტექსტით გავცემთ პასუხს:
“ამას წინათ რამდენიმე დღე გავატარე თბილისში. დარწმუნებული არ ვარ, რომ ხელისუფლება სრულად აცნობიერებს საქართველოს მიერ რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის წარმოების მოსალოდნელ შედეგებს. ასეთი რაოდენობის“ტურისტების” (უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიდან) და რუსი ბიზნესმენების მიერ შესყიდული მიწების რაოდენობის გამო, ერთ მშვენიერ დღეს გაღვიძებულებმა შეიძლება აღმოაჩინონ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 კი არა, 100 პროცენტიაქვთ ოკუპირებული”.
ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია, მაგრამ რამდენიმე სიტყვას მაინც ვიტყვი, უწინარესად, რუსთაველზე მომიტინგე ახალგაზრდების საყურადღებოდ:
საქართველოს “კეთილმოსურნე” მისტერ კარპენტერი (წაიკითხე აშშ), რომელიც ახლახან, გავრილოვის სკანდალამდე რამდენიმე დღით ადრე სტუმრობდა თბილისს, იმითი არის შეშფოთებული, რომ საქართველოში ბოლო ხანს რუსი ტურისტების მომრავლების ფონზე (რუსები საქართველოში ჩამოსული ტურისტების საერთო რაოდენობის 1/3-ს შეადგენენ) შესამჩნევად დათბა ურთიერთობა ორ მართლმადიდებელ ერს შორის და ამიტომაც, დიდი ალბათობით, აშშ-”ქართული ოცნება”-ბიძინაი ვანიშვილი-”ევროპული საქართველო”-გიგა ბოკერიას მიერ ერთობლივად დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა სპეცოპერაცია (ხუმრობით რომ ვთქვათ, კოდური სახელ წოდებით “ოკუპანტი პარლამენტის სავარძელში”),
რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ლიბერასტული ტელევიზიების ფლაგმანი“რუსთავი 2”, აგრეთვე, “ტვ პირველი”.
ახლა მავანი იკითხავს და ერთი შეხედვით სამართლიანადაც: შეთქმულთა ჩამონათვალში რატომ არ არიან მიხეილ სააკაშვილი და მისი ნაცები?
რატომ და, თუ მოვლენებს გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ თავდაპირველად, ანუ, როდესაც “ევროპულმა საქართველომ” ირაკლი კობახიძის სავარძელში ოკუპანტი სერგეი გავრილოვი აღმოაჩინა, ნაცები არსად ჩანდნენ, ისინი მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდნენ, სააკაშვილის მოწოდების შემდეგ.
იმასაც შევახსენებ ქართველ საზოგადოებას, რომ პარლამენტის შტურმით აღებისკენ მოწოდება მიშნაცების ლიდერმა ნიკამელიამ გააკეთა, რის შემდეგაც გიგაბოკერია მყისვე განერიდა აქციას. ეს უფლებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა თავდაპირველი სცენარით გათვალისწინებული და, ქუჩის ჟარგონით თუ ვიტყვით, მიშამ გიგას აქციის ინიციატივა შეაწერა და ახლა აქცია უფრო მიშნაცების კარნახით მიმდინარეობს, ვიდრე გიგას ნაცების.
რამდენიმე დღიანი პერმანენტული აქციების ფონზე ბიძინამ ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე გაწირა, შემდეგ მომავალი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დათანხმდა და ახლა საზოგადოება იმის მოლოდინშია, გაწირავს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას.
არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ქოც-ნაცები იდეოლოგიურად ერთი ლიბერასტული ხის სხვადასხვა ტოტი არიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მავანთათვის ძნელი წარმოსადგენია, რა საერთო ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ ბიძინა ივანიშვილსა და გიგა ბოკერიას, როცა აშშ-თან ერთად მათაც “ვაბრალებ” აქციის ორგანიზატორობას? რა და ის, რომ მათ ჰყავთ საერთო პატრონი, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ირანთან ომის რეალური საფრთხის წინაშეა, ასეთ შემთხვევაში მას ზურგში სჭირდება რუსოფობი საქართველო, რათა ომის შემთხვევაში რუსეთის, როგორც ირანის მოკავშირის, შემოსვლა საქართველოში გამოირიცხოს.
საქართველოში მართული ქაოსის მისაღწევად თავდაპირველად ლგბტ შეირჩა, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხვდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ლგბტ თემის თამაშებით მართული დესტაბილიზაცია თითქმის შეუძლებელია, პირიქით, ასეთ შემთხვევაში ანტიამერიკული განწყობების მატება თითქმის გარანტირებულია. შედეგად ლგბტ სცენარი შეიცვალა იმით, რასაც დღეს ვუყურებთ რუსთაველის გამზირზე. ახლა, რაც შეეხება ბატონ რობერტ სტურუას სკანდალურ განცხადებას: მას აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან საქართველო, პირველ რიგში, ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების დამცველი, ბოლოს და ბოლოს, ვაჟას “სტუმარ-მასპინძლის” ქვეყანაა და თუნდაც მხოლოდ აქედან გამომდინარეა მართებული დიდი მაესტროს განცხადება.
შე კაი კაცო, განა ჯოყოლამ არ იცოდა, რომ საკუთარი ძმის მკვლელი ზვიადაური მიიწვია სტუმრად? მიუხედავად ამისა, არ გაწირა თუნდაც მტერი, მაგრამ სტუმარი, და თავის თანამოძმეთ მიახალა: “დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა, მითამც მე ვერ ვუღალატებ”…
ამ, სამწუხაროდ, ქართველებად წოდებულმა ქოც-ნაცებმა კი რა ქნეს? ჯერ, რომ იტყვიან, კალთები დაახიეს სერგეი გავრილოვს, _ სტუმრად გვეწვიეო; შემდეგ სტუმრად წვეული ჯერ აქეიფეს, ხოლო მეორე დღეს, “პახმელიაზე”, საჯიჯგნად მიუგდეს აღვირახსნილი ახალგაზრდების ბრბოს?!
როდესაც ამ ყველაფერზე კომენტარი საქართველოს ე.წ. პრეზიდენტს სთხოვეს, ამ ქალბატონმა ისეთი რაღაცები იკადრა, რომ, საფრანგეთში დაბადებულ-აღზრდილი მადამი კი არა, მიყრუებული სოფლის დედაკაციც კი არ იკადრებდა _ სალომე ზურაბიშვილის კომენტარი, დიპლომატის განცხადება კი არა, აშარი დედაკაცის წყევლა უფრო იყო.
თუმცა თავი დავანებოთ უჯიშო ქართველებს. ლიბერასტ ქოც-ნაცებთან მორალზე, ვაჟკაცობასა და, საერთოდ, მაღალ მატერიებზე საუბარი ხომ წყლის ნაყვაა?! და რამდენიმე სიტყვა რუსეთის ოფიციალურ და უაღრესად ოპერატიულ რეაგირებაზეც ვთქვათ. რუსეთის პრეზიდენტმა უკვე აუკრძალა რუსული ავიაკომპანიებს თბილისის მიმართულებით ფრენა; ტურისტებს ურჩია, საქართველოში დასვენებისგან თავი შეიკავონ და მათაც მეორე-მესამე დღეს ათიათასობით ჯავშანი გააუქმეს. საუბარია ქართული ღვინის ხელახლა აკძალვაზე; მეტიც, 2008 წლის სტატუს კვოს აღდგენაზე, ანუ საქართველოსთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტაზე.
ალბათ, გახსოვთ, თურქეთის მიერ სირიაში რუსული გამანადგურებლის ჩამოგდების გამო თურქეთისთვის ეკონომიკური სანქციების პარალელელურად როგორ გააფრთხილა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი _ მხოლოდ პომიდვრებით ვერ გადარჩებითო. ანალოგიური რამ ჩვენ მიმართაც შეიძლება ითქვას _ საქართველო მხოლოდ “ბორჯომით” ვერ გადაურჩება რუსეთის რისხვას. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი საქართველოს არ აპატიებს ვლადიმერ პუტინის პიროვნულ შეურაცხყოფას და უმკაცრესად დასჯის. მკაცრ სასჯელში რა იგულისხმება, როცა საკუთარი თვალით ვიხილავთ, მერე დავდგეთ და ერთხმად ვიყვიროთ “რუსეთი ოკუპანტია!”.
დავით მხეიძე
Geworld.ge.
აკი, ჩვენი ე.წ. დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში სამჯერ მაინც შევვარდით პარლამენტის შენობაში სხვადასხვა მეთოდით: ხან _ ტანკებით, ხან _ წიხლებით, ხანაც _ ვითომ ვარდებით… შევარდნის მცდელობებს კი ნუღარ მკითხავთ. წელიწადში ორჯერ მაინც ვიღაც აუცილებლად ითხოვს პარლამენტში შევარდნას და, თუ ამ მოთხოვნას არ უკმაყოფილებენ, ძალიან წყინს ხოლმე.
როგორც ჩანს, “პარლამენტში შევარდნის” ჩვეულება სისხლში გადაგვივიდა და დღევანდელი ახალგაზრდების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავია _ ისინი უნდა შევარდნენ პარლამენტში მაშინ, როცა “გაუსწორდებათ” და ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს.
ვფიქრობ, მსოფლიოში ერთდაერთი შემთხვევაა, როდესაც საზოგადოება მსჯელობს და განიხილავს, უნდა ემოქმედა თუ არა სპეცრაზმს, როდესაც მართლაც აგრესიული და ეგზალტირებული ბრბო სახელმწიფო დაწესებულებაში, კერძოდ კი, საქართველოს პარლამენტის შენობაში, შევარდნას ცდილობდა. ყველაზე კომიკური ისაა, რომ, როდესაც სვამ კითხვას: “აბა, რა უნდა ექნა სპეცრაზმს: უნდა გაწეულიყო და შეეშვა პარლამენტში ეგზალტირებული ბრბო?” _ ამაზე პასუხი არ აქვთ სპეცრაზმის მოქმედებით “აღშფოთებულებს” და იმ წამსვე გადადიან დემაგოგიაზე, რომ სპეცრაზმმა უფლებამოსილებას გადაამეტა. თუ ამ უფლებამოსილების გადამეტების თემაზეც გაყევი კამათში, აღმოჩნდება, რომ ლაპარაკია ორიოდე კონკრეტულ შემთხვევაზე, როდესაც კონკრეტულმა პოლიციელმა რეზინის ტყვია თავის არეში დამიზნებით ესროლა მომიტინგეს. როდესაც ჩაეძიები, აღმოჩნდება, რომ ასეთი შემთხვევები ათამდეც კი არ ადის.
თუმცა, რა უნდა ელაპარაკო ისეთ რეგვენ ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში გწერენ: “მხოლოდ იმ ვიდეოებს რომ აქვეყნებ, როგორ ურტყამდნენ მომიტინგეები სპეცრაზმს, იმას რატომ არაქვეყნებ, როგორ ურტყამდნენ სპეცრაზმელები მომიტინგეებს?” ასეთი უტვინო კითხვების ავტორები, ძირითადად, 19-20 წლის გოგო–ბიჭები არიან, თუმცა ზოგჯერ ამ სულელურ კითხვას კარგა მოზრდილი მუტრუკიც სვამს.
ასეა თუ ისე, ადამიანმა ნებისმიერ ასაკში უნდა იცოდეს, რომ ასეთი კითხვის დასმა ელემენტარულ ჩლუნგობაზე მიუთითებს. სპეცრაზმელი რომ ურტყამს მომიტინგეს ან იყენებს მის წინააღმდეგ გარკვეულ ძალისმიერ მეთოდს, სრულიად ბუნებრივია და ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოს დადების აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ. აი, მოქალაქე რომ ურტყამს ან რაიმეს ესვრის სპეცრაზმელებს, ნამდვილად არ არის ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენა, შესაბამისად, ასეთი ვიდეო მართლაც საინტერესოა.
ამ ორი ფაქტის გვერდიგვერდ ერთ სიბრტყეში დაყენება იგივეა, რომ ადამიანისთვის სულერთი იყოს, პოლიციელი ადებს ბორკილს მოქალაქეს თუ პირიქით _ მოქალაქე ადებს ბორკილს პოლიციელს. სპეცრაზმელი რომ ურტყამს ან ძალას იყენებს მოქალაქეზე, ეს, ყველაზე უარეს შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს უფლებამოსილების გადამეტებად და არამართლზომიერი ძალის გამოყენებად, ხოლო, მოქალაქე რომ ძალადობს სპეცრაზმელზე, ეს არის პირდაპირ საზოგადოებრივი მართლწესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
ვისაც ამის ახსნა დასჭირდება, ისინი როგორღა უნდა მსჯელობდნენ სხვა, უფრო რთულ საკითხებზე და თუნდაც იმაზე, მაჟორიტარული არჩევნებია უფრო მისაღები თუ პროპორციული? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ადამიანებმა სიტყვები “მაჟორიტარული” და “პროპორციული”პირველად გუშინწინ გაიგონეს და, რეალურად რას ითხოვენ და რატომ, თვითონაც არ იციან.
თორემ, რაიმე რომ იცოდნენ ქვეყანაზე, მაშინ ისიც ეცოდინებოდათ, რომ ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაზე თავდასხმა ისეთი ტიპის დანაშაულია, რომელიც მყისიერად ნებისმიერი საშუალებით უნდა აღიკვეთოს. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში პოლიციასა და სპეცრაზმს, არათუ რეზინის, საბრძოლო ტყვიების გამოყენების უფლებაც აქვს და მოდით, ბარემ ისიც პირდაპირ ვუთხრათ ამ “ძაან ჰუმანურებს”, რომ ძალიან ბევრი ზედემოკრატიული ქვეყნის პოლიცია და სპეცრაზმი იზამდა კიდეც ამას ასე.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ბევრი უტიფარი ძალიან უაზროდ და უადგილოდ ადარებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს. ასეთი შედარებების გამკეთებლები, პირდაპირ ვამბობ, დიდად შეურაცხყოფენ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენების მონაწილეებს. მთავარი განსხვავება სწორედ ის არის, რომ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არც ერთ მომიტინგეს არსად შეჭრა არ უცდია. მეტიც, თუკი 26 მაისს დემონსტრანტებს ხელში პლასტმასის მილები მაინც ეჭირათ და გარკვეულ აგრესიას მაინც ავლენდნენ, 7 ნოემბერს, ყველას გვახსოვს, რომ ხალხი დასცინოდა კიდეც ლიდერებს, რომლებიც გაიძახოდნენ: “ხიდან ფოთოლიც კი არ უნდა ჩამოვაგდოთო!”
სწორედ ასეთ პირობებში მოხდა მშვიდობიანი მანიფესტაციების სასტიკი დარბევა. ამ მხრივ კი 26 მაისის დარბევამ გაცილებით გადააჭარბა 7 ნოემბერისას. ის გაცილებით უფრო სასტიკი და დაუნდობელი იყო და 2 ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა. დასავიწყებელი არც ისაა, რომ ამ ორ მოვლენას შორის იყო სხვა, შედარებით პატარა-პატარა დემონსტრაციებიც, რომლებიც მიშას პოლიტიკურმა პოლიციამ უსასტიკესად დაარბია, რომელიც ხმამაღლა სკანდირებდა “მიშა!” “მიშა!”-ს…
მსგავსი რომ არაფერი ყოფილა 20 ივნისს, ამაზე ვინც შემოგვედავება, ის, უბრალოდ, შარზეა.
რა გამოდის? რას ითხოვენ, აბა, ის ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ვითომ“ჰუმანისტურ” პოზაში დგანან და 20 ივნისის საღამოს რაღაც საშინელებად და კატასტროფად წარმოგვიჩენენ?
აქ შეიძლება ორი კატეგორია გამოვყოთ ადამიანებისა: პირველი _ ისინი, ვისაც ყველაფერი ძალიან კარგად მოეხსენება, უბრალოდ, უტიფრები არიან და სიტუაციას ბოროტად იყენებენ (ანუ ნაციონალების ლიდერები და პარტიული აქტივი). ესენი უმეტესობაა; და მეორე _ უტვინო, გამოუცდელი და ფეხის ხმას აყოლილი ბავშვები; ახალგაზრდები, რომლებსაც ჩააგონეს, რომ “პოლიცია ცუდია” და “პროტესტი კარგია”!
სხვათა შორის, მიტინგზე დავინახე ერთი ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ, როცა 19 წლის იყო, შუა ზაფხულში ზამთრის პალტოთი შემხვდა ქუჩაში. რომ ვკითხე, _ რატომ გაცვია პალტო–მეთქი, ამაყად მიპასუხა: ვაპროტესტებო. დამაინტერესა, რას აპროტესტებდა. პასუხივერ გამცა. “ზოგადადო”, _ მხოლოდ ეს ჩაიბურტყუნა და წავიდა. რომ ვუსმინე 22 ივნისს მის კომენტარს, რომელიც ერთ–ერთმა ტელევიზიამ ჩამოართვა, როგორც“ახალგაზრდა მწერალს”, ზუსტად ზაფხულის ის საღამო გამახსენდა. როგორც მაშინ, ჩემმა ნაცნობმა“ ახალგაზრდა მწერალმა” ახლაც სწორედ ისევე მხოლოდ ის თქვა, რომ აპროტესტებდა, ოღონდ რას? _ ამის შესახებ მისი ნალაპარაკევიდან აზრს ნამდვილად ვერ გამოიტანდი.
მეტიც, სოციალურ ქსელებში გადავაწყდი წარმოუდგენელ ფენომენს, როდესაც ადამიანები წერენ: “ჩვენ პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად გვინდოდა შეჭრაო”. ვერ გეტყვით, “მშვიდობიანი შეჭრა” “მშვიდობიანი შევარდნა” და ა.შ. მხოლოდ ქართული საავტორო ტერმინებია თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არსებოს მსგავსი რამ, მაგრამ ფაქტია _ ამ ყოველივემ ამას წინათ ლგბტ თემის წინააღმდეგ გამართული აქციები გამახსენა, რომლის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ჩვენ აგრესია სულაც არ გვაქვს, უბრალოდ, გეი თუ შეგვხვდა სადმე, მშვიდობიანად გავუკოჭავთ ხელებსო.
ძალიან საინტერესო იყო ე.წ. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის განცხადებაც: “ჩვენ პარლამენტის შენობაში ხელებ აწეული შევდიოდით”. ღმერთო! ნუთუ რამე მნიშვნელობა აქვს, იქ, სადაც შესვლა აკრძალულია, აწეული ხელებით შეიჭრები თუ ჩაწეული ნიფხვით?!
მარტივად ვთქვათ: თქვენთან ოჯახში რომ შემოვიდეს ვიღაც უცხო მამაკაცი, ოღონდ ხელებაწეული და აგრესიის გარეშე, დაჯდეს თქვენს სავარძელში და ფეხი ფეხზე გადაიდოს და ტელევიზორის ყურება დაიწყოს, რადგან ხელები აქვს აწეული, ამიტომ არაფერს ეტყვით?
ამიტომაც ვამბობ, როგორც ჩანს, ქართველი საზოგადოების გარკვეულ და არც ისე პატარა ნაწილს სისხლში აქვს უკვე პარლამენტის შენობაში შევარდნის ჩვეულება. მინდა, მათ ვკითხო: კარგი, დღეს თქვენ შევარდით პარლამენტში და მოიყვანეთ სათავეში თქვენთვის სასურველი ხელისუფლება. გავიდა ცოტა დრო და ახლა მე და ჩემს მეგობრებს მოგვინდა პარლამენტში შევარდნა, რა ვქნათ? აკი, თვითონ ამბობთ, რომ სპეცრაზმმა დემონსტრანტებს არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესროლოსო? ესე იგი, გამოდის, რომ მე და ჩემი მეგობრებიც დაუბრკოლებლად უნდა შევვარდეთ პარამენტში. მერე კიდევ სხვას მოუნდება, მერე კიდევ სხვას და ა. შ.
პრინციპში, რომ დაფიქრდეს კაცი, არ არის ცუდი გასართობი. იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ეკონომიკური კუთხითაც გამართლებული იქნება. თუკი გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ყველა ყველგან შევარდება, მაშინ რაღა საჭიროა სპეცრაზმი და პოლიცია?! გავაუქმოთ ეს სტრუქტურები დაბიუჯეტი ბევრ მილიონს დაზოგავს. მართალია, პოლიციელები მერე უმუშევრები დარჩებიან და ძალიან უკმაყოფილოც იქნებიან, მაგრამ არც ეგაა პრობლემა, აგერ არ არის პარლამენტის შენობა? ადგებიან და შევარდებიან ისინიც.
ერთი ეგაა, აშკარად მოგვიწევს მორიგეობის დაწესება, ვინ როდის უნდა შევარდეს პარლამენტში. საჭირო იქნება მკაცრი გრაფიკი, მაგრამ, ვინმეს უგრაფიკოდ რომ მოუნდეს პარლამენტში შევარდნა, მერე რა ვქნათ? დავაყენოთ სპეცრაზმი და არ მივცეთ მათ ამის უფლება? არა, რაღაც არ გამოდის მაინც…
იქნებ სჯობს, ამ ყოველივეს შევეშვათ და ისევ იმ ტვინგახურებულ და ვითომ გულაჩუყებულ რეგვნებს ავუხსნათ, რას ნიშნავს სიტყვა “სახელმწიფო”? თუმცა, აქვს კი აზრი?
ბაკურ სვანიძე
Geworld.ge.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი