გიორგი თაბაგარი: ვუთხარით, რომ ღირებულების აცდენის მიუხედავად თანაცხოვრება უნდა შევძლოთ (video)

ამერიკის საელჩოში აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დიპლომატიურ კორპუსთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სასულიერო პირები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორებიც ესწრებოდნენ.

On.ge-მ გაავრცელა ფოტო, სადაც პატრიარქის თანამესაყდრე, მეუფე შიო და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი თბილისის პრაიდის ორგანიზატორებს, მარიამ კვარაცხელიასა და გიორგი თაბაგარს ესაუბრებიან.

გიორგი თაბაგარმა მოგვიანებით განმარტა, რომ მათ ეკლესიის წარმომადგენლებთან დიალოგის შესაძლებლობა პირველად ჰქონდათ და ეს შანსი გამოიყენეს.

“ეკლესიასთან დიალოგის შესაძლებლობა პირველად გვქონდა. დიდი ხანი ვცდილობდით მათთან შეხვედრის ორგანიზებას სხვადასხვა საელჩოების გავლით, თუმცა ვერ მოვახერხეთ. ჩვენ გვინდოდა თქმა, რომ ჩვენ შეიძლება ღირებულებებით და მსოფლმხედველობით ვცდებით ერთმანეთს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ერთად შეგვეძლოს თანაცხოვრება. ჩვენ გვჭირდება, საპატრიარქომ მოუწოდოს საზოგადოებას, რომ ძალადობა ამ ქვეყანაში ურთიერთობების დროს არ არის მისაღები ფორმა, მავნებელია როგორც ამ საზოგადოებისთვის, ისე საპატრიარქოსთვის და 17-მა მაისმა კარგი არაფერი მოუტანა მათ შორის საპატრიარქოს. მოძალადე მღვდლების ხილვა შორსაა იმ ღირებულებებთან და საწყისებთან, რომელსაც ეკლესია უნდა ეფუძნებოდეს. იმისთვის, რომ ეკლესია გადარჩეს, მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ მშვიდობისკენ მოწოდებულები”, — უთხრა On.ge-ს გიორგი თაბაგარმა.

მას შემდეგ, რაც თბილისი პრაიდმა ღირსების მარში დააანონსა, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ლგბტ აქტივისტებს არ გაემართათ მსვლელობა თბილისში. ცალკეულმა სასულიერო პირებმა კი დაგმეს ღირსების მარში და განაცხადეს, რომ პრაიდი “გარყვნილების პროპაგანდას ქადაგებდა”. ამ განცხადებებს თბილისის პრაიდის ორგანიზატორების პროტესტი და ლევან ვასაძის ორგანიზატორობით ჰომოფობიური ჯგუფების ორგანიზება მოჰყვა. საბოლოოდ, დაგეგმილი პრაიდი 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის ძალის გამოყენებით დაშლისა და ასობით დაშავებულის გამო დროებით გადაიდო.

on.ge