„მსაჯობა საპასუხისმგებლო პროფესიაა“

სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს ბევრი შესანიშნავი მსაჯი ჰყავდა, მათ შორის, ჭიდაობაში და მათი სახელი საერთაშორისო ტურნირების მასშტაბითაც იყო ცნობილი. ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში თანამედროვეობის ერთ–ერთი გამორჩეული, ექსტრა კატეგორიის საერთაშორისო არბიტრი ედიშერ მაჩაიძე გახლავთ, თუმცა, უფრო ახალგაზრდა თაობის მსაჯებიც საკმაოდ წარმატებულები არიან და საერთაშორისო შეჯიბრებებზე მოთხოვნა მათზეც დიდია. ამჯერად, ჭიდაობის ფედერაციის ერთ–ერთ გამორჩეულ სპორტსმენზე _ მუხრან მაჭუტაძეზე გიამბობთ, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია, არაერთი საერთაშორისო შეჯიბრების გამარჯვებული, მწვრთნელი და 2013 წლიდან, პარალელურად, მსაჯის რანგშიც მოგვევლინა. იგი მონაწილეობას იღებდა როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ტურნირებზე და მრავალი მადლობის სიგელი მიიღო საუკეთესო მსაჯობისთვის. აღსანიშნავია, რომ მუხრანი დასახელებულია 2015-2016 წლებში საუკეთესო მწვრთნელად, შეჯიბრებებზე მსაჯობისას კი თავისი ობიექტურობით გამოირჩევა.

_ მუხრან, რამდენად რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა მსაჯობა? თქვენთვის რას ნიშნავს ეს?

_ დავიწყებ იმით, ზოგადად, ჩემი სპორტული საქმიანობა საკმაოდ დატვირთული და აქტიურია და სწორედ ესაა ჩემი ცხოვრების მთავარი არსი _ ვიყო კარგი სპორტსმენი, ჩემი ქვეყნის პატრიოტი და არსად შევარცხვინო იგი! სხვადასხვა შეჯიბრებაში ასპარეზობამ დიდი გამოცდილება შემძინა, ყოველთვის უამრავ სპორტსმენთან მქონდა ურთიერთობა, ერთმანეთს ჩვენს აზრებსა და გამოცდილებებს ვუზიარებდით, მოსწავლეები მყავს, რომელთაც ჩემს ცოდნას გადავცემ და ამ ყველაფერმა მოიტანა ისიც, რომ მერე უკვე, სხვადასხვა შეჯიბრებაზე მსაჯის ამპლუაშიც მიწვევდნენ, მაგალითად, მუხრან ვახტანგაძის, კობა კაკალაძის და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე.  ეს ცალკე და ძალიან საინტერესო პროფესიაა და ისეთსავე დიდ ყურადღებას, მობილიზებას, გონებრივ ჩართულობას მოითხოვს, როგორც საჭიდაო ხალიჩაზე ასპარეზობა. რაც მთავარია, ობიექტური უნდა იყო, რადგან იმ მომენტში შენი გონივრული შეფასებით წყდება ახალგაზრდა სპორტსმენის ბედი, მისი კარიერა, ამიტომ, ორიდან რომელიმეს ისეთი ფსიქოლოგიური ზიანი ან ტრავმა არ უნდა მიაყენო, რომ სამომავლოდ მის წინსვლას რამემ ხელი შეუშალოს. მსაჯობა ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა და ამავდროულად, ძალიან მომწონს, ერთგვარი აზარტია, საკუთარ თავში ახალ თვისებებს აღმოაჩენ, ეძებ და იცავ ოქროს შუალედს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. მოკლედ, ძალიან საინტერესოა და მიხარია, რომ ჩვენმა ფედერაციამ ასეთი საპატიო საქმეც მომანდო. იმედი მაქვს, მათ იმედებს ყოველთვის გავამართლებ და ვიქნები ისეთივე სამართლიანი, როგორც ჩვენი პატარა ქვეყნის დიდი მსაჯები იყვნენ ხოლმე.

მარიამ ღონღაძე