“ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ალბათ მოიგებს კიდეც”

შეძლებს თუ არა “ოცნება” ვითარების შემოტრიალებას, რატომ უნდა ველოდეთ შემოდგომაზე პროტესტის ახალ ტალღას და რისთვის დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში-ამ საკთხებზე  ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე საუბრობს: 

„ქართული ოცნება“ ვითარებას ვერ შემოატრიალებს. რატომ? იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა პარტოკრატიულ სისტემაზეა ორიენტირებული. პარტოკრატიული სისტემა ვერ ითმენს პოლიტიკურ სარბიელზე სხვა ძალების არა მარტო არსებობას, არამედ ასპარეზზე შემოსვლას. რა რესურსები აქვს „ქართულ ოცნებას“ ვიცით, ამის გათვალისწინებით ძალიან ძნელია იმის ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში არსებულ ვითარებას რადიკალურად შეცვლის, მით უმეტეს წლის ბოლომდე.

სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მმართველ გუნდს იგივე ხედვები აქვს, რაც გუშინ, ასპარეზზე იგივე ხალხია რაც ადრე, ამიტომ ხვალ დიდი ალბათობით, იგივე იქნება, რაც გუშინ იყო.
რაც შეეხება ცუდი პროცესების დაწყების შესაძლებლობას. როცა სიცხეები გადაივლის, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდება, რამაც ცხადია ცოტა შეამსუბუქა ხელისუფლების ვითარება, შემოდგომაზე უკმაყოფილების ახალი ტალღა აგორდება.
ვფიქრობ, შემოდგომაზე შიდა პოლიტიკაში პროცესების გააქტიურდება, უკმაყოფილების ახალი ტალღის გამოჩენა პრაქტიკულად გარდაუვალია. იმის გამო, რომ ქვეყანაში არც ისე მარტივი სიტუაციაა, ჩემი აზრით, მთელი სახელისუფლებო გუნდი ძალიან რთული ამოცანების წინაშე აღმოჩნდება.

პარადოქსი იმაშია, ივანიშვილიც ხვდება, რომ არსებული ვითარება მისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია, მაგრამ რატომ ვერ თავისუფლდება იგი ამ ტვირთისგან, არ მესმის.

– ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მისი მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა.

როგორც ჩანს, მისთვის ძალიან მაღალი რანგის ლეგიტიმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ და რისთვის უნდა მას პრეზიდენტად იყოს არჩეული, მე ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ალბათ არჩევნებს მოიგებს კიდეც, მაგრამ რას მოუტანს ეს ქვეყანას, საკითხავია და ახლა პასუხი ნამდვილად არ მაქვს”-აღნიშნავს სარჯველაძე ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ავტორი: გურიის მოამბე