“რუსეთი ოკუპანტია!” – სტიკერების გაკვრის გამო “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრები სასამართლომ დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციოსტიკერების გაკვრისთვის დაკავებული პირების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოების შესახებ იმსჯელა. სულ სტიკერების გაკვრისთვის 9 მოქალაქე დააკავეს, თუმცა უწყება მხოლოდ 8-ს მიუვიდა.

დღეს სასამართლომ 4 მათგანის შესახებ იმსჯელა. 3 პირს 50 ლარიანი ლარიანი ჯარიმა დაუწესდა, ერთს კი გაფრთხილება მისცეს. ჯარიმა დაუწესდა მათ, ვის უფლებებსაც სასამართლოზე ადვოკატი იცავდა. მათი განცხადებით, სასამართლომ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო.

უფლებადამცველი ამბობს, რომ სასამართლო მხოლოდ გაფრთხილებით უნდა შემოფარგლულიყო. სამივე მათგანი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

რაც შეეხება დანარჩენ 4 პირს, აქედან 2 მათგანს გაფრთხილება მისცეს, 2 პირის სასამართლო პროცესი კი 2 კვირაში გაიმართება.

“რუსეთი ოკუპანტია!” – ამ წარწერის სტიკერების რუსთაველის გამზირზე გაკვრის გამო პოლიციამ “”ანტისაოკუპაციო მოძრაობის”  10 წარმომადგენელი 24 ივნისს დააკავა. ისინი დღის ბოლოსვე გაათავისუფლეს, თუმცა მათ წინააღმდეგ ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.