საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბრიუსელში ჩატარებულ ნატოს ორდღიან სამიტს ეხმაურება და გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ივანიშვილისთვის პუტინის მიერ მიცემული დავალების წყალობით საქართველოს თემა საერთაშორისო არენაზე დღის წესრიგიდან არის მოხსნილი და „მთელი ამ დროის განმავლობაში სიტყვა საქართველო ერთხელ არ ხსენებულა“.
„ნახეთ, რა არარაობების მთავრობა წარმოადგინეს. როგორიც მთავრობაც გვაქვს და როგორც ჩაგვისვა ჯიბეში ერთმა ჯაყომ, ასეთივე დამოკიდებულება აქვს მსოფლიოს ჩვენს მიმართ“, ამბობს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში და იმედს გამოხატავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ივანიშვილს ძალაუფლებას დაათმობინებს.
„თქვენ იცით, რომ ამ დღეებში მიდიოდა ნატოს სამიტი და მზადდება პუტინის შეხვედრა ტრამპთან. ყველა უმაღლეს დონეზე და მოლაპარაკების დროს და პრესაში განცხადებებისას ფიგურირებს ერთი თემა, რომ ტრამპი პუტინთან აუცილებლად ძალიან მწვავედ დააყენებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს. მე, როგორც უკრაინის მხარდამჭერს, ეს ძალიან მიხარია, მაგრამ მე როგორც ქართველს, ძალიან მწყინს და მართლა ბრაზი მახრჩობს, რომ ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა საქართველო მთელი ამ დროის განმავლობაში და ეს არ არის ტრამპის ბრალი ან დასავლეთის ლიდერების ბრალი. ეს არის პუტინის დავალებით ივანიშვილის გაკეთებული. როდესაც ივანიშვილი მოდიოდა, მან თქვა, რომ მოხსნიდა საქართველოს უმაღლესი დონის განხილვებიდან და საერთოდ აღარ იქნებოდა საქართველოს თემა დასავლეთსა და რუსეთს შორის და მან ეს შეასრულა. კი მარა, რამე გვეშველა ამით, ჩემო თანამემამულენო?! რა, ვიზები მოგვიხსნეს, ტერიტორიები აღარ მიაქვთ?! მთელ მსოფლიოში აღარ დაწანწალებენ და აღარ ითხოვენ სხვა სახელმწიფოს მიერ ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, თუ რა ვიგრძენით შვება, გარდა იმისა, რომ პუტინმა შეისრულა ყველაფერი, რისთვისაც ჩაატარა 2012 წლის სპეცოპერაცია?!“ კითხულობს სააკაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისადმი დამოკიდებულებას იხსენებს.
„დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელსაც არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსზე არ ულაპარაკია ისეთ აღმატებულ ტონში, როგორც ჩემზე. ის იძახოდა, რომ მე ვარ მისაბაძი მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის; რომ ჩემგან უნდა გადაიღონ ბევრი რაღაც და მათ შორის ამერიკამ; რომ ის არის ჩვენი მეგობარი და ჩემი მეგობარი, რომ ის აღფრთოვანებულია იმით, რასაც ჩვენ ვაღწევთ საქართველოში. ივანიშვილი არის ის კაცი, რომელიც დონალდ ტრამპს უწოდებდა აფერისტს და ახლა ჩვენ გვყავს ივანიშვილი, მე ქვეყანაში არ მიშვებენ, რათა დავეხმარო ჩვენ ქვეყანას და ჩვენ პრაქტიკულად ჩაგვწიხლეს და მიწასთან გაგვასწორეს. მე ძალიან მტკივა. ეს სიტუაცია უნდა დასრულდეს. საქართველო უნდა დაბრუნდეს უმაღლესი დონის განხილვებზე, როგორც იყო ჩემს დროს. კვირა არ გადიოდა, რომ ამერიკის პრეზიდენტს არ ვეხსენებიეთ, რამხელა მხარდაჭერა გვქონდა. კიი, ვიღაცას ეს აღიზიანებდა. კიი, ვიღაცას ყელში ვეჩხირებოდით, მაგრამ მე ამას ვაკეთებდი საქართველოსთვის. ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს თავის ძარცვისთვის და თავისი პირადი ბედნიერების მოსაწყობად. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენ შევარჩიოთ ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი და მოვიგოთ ეს არჩევნები იმისათვის, რომ ჩვენ გვყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ამ არარაობებისგან განსხვავებით წარმოადგენს საქართველოს მართლა მაგრად საერთაშორისო დონეზე; წარმოაჩენს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს, ვინაიდან ახალი გადანაწილება როცა მოხდება მსოფლიოში, საქართველოს ჰქონდეს თავისი ადგილი მაგიდასთან, საქართველომ მიიღოს ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს. ქართველი ხალხი არ იმსახურებს, არ ვიმსახურებთ ასეთ დამცირებას და ასეთ მიწასთან გასწორებას ხალხო. ეს არის დიდი გაუგებრობა. ეს დამცირება უნდა დასრულდეს. ჩვენი დამცირება დასრულდება და დასრულდება წლევანდელი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის კვალდაკვალ შეიცვლება მთელი ხელისუფლება საქართველოში. ნახეთ, რა არარაობების მთავრობა წარმოადგინეს. როგორიც მთავრობაც გვაქვს და როგორც ჩაგვისვა ჯიბეში ერთმა ჯაყომ, ასეთივე დამოკიდებულება აქვს მსოფლიოს ჩვენს მიმართ. ყველაფერი გამოგვივა მეგობრებო. დავდგეთ ერთად, ძალა ერთობაშია, წინ გამარჯვებისკენ!“, აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართავში.
http://guardian.ge