რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის ნიშნად და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, არ ღირს სანქციების შემოღება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ანტირუსულ განწყობებს საქართველოში აქეზებს ხალხი, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ ვნებენ ქვეყანას.
„რაც შეეხება სხვადასხვა სახის სანქციებს საქართველოს მიმართ, მე არ გავაკეთებდი ამას სწორედ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო. სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის მე არ გავაკეთებდი ისეთს არაფერს, რაც გაართულებდა ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ როდის ჩამოყალიბდება სასურსათო ემბარგოსა და სხვა სანქციების გარშემო, რომლებიც შეიძლება შემოღებულ იქნას საქართველოს წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომელშიც რეკომენდაცია მისცა მთავრობას, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს.დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ოსეთი რუსეთის იმპერიაში 1774 წელს, მთლიანად – ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებით შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აფხაზეთი კი, 1810 წელს, ასევე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო“ და თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს ურთიერთობების დალაგება აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, არ უნდა იქნეს დავიწყებული ისტორია, რომლის მიხედვითაც – როგორც პუტინი ირწმუნება – „როცა ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანული ჯარების დახმარებით, 1918 წელს, საქართველომ აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა, ოკუპანტები ძალიან მკაცრად იქცეოდნენ და უფრო მკაცრად მოიქცა ქართული ჯარი ოსეთში, 1919-1920 წლებში“.
მან ასევე აღნიშნა, რომ თავის დროზე, არწმუნებდა სააკაშვილს, არ დაეშვა სამხედრო მოქმედებები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ამერიკელებიც ამას ეუბნებოდნენ, თუმცა იქ ომით წავიდა და შედეგი ცნობილია.
პუტინის თქმით, რუსეთი უბრალოდ, იძულებული იყო, ეცნო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, ერების დასაცავად. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხალხი, რომელიც საქართველოში ანტირუსულ განწყობებს აღვივებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოსა და მის მოსახლეობას.
რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სატელევიზიო მიმართვაზე და თქვა, რომ მსგავს შემთხვევებთან საჭიროა სერიოზული და სიღრმისეული მიდგომა, თუმცა ნაძირლების გამოვლინებებზე რეაგირება საჭირო არ არის.
რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებზე საუბრისას თქვა, რომ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ავტონომიების გაუქმებით იგნორირება გაუკეთა მძიმე მემკვიდრეობას, რამაც ძმათამკვლელი ომი გამოიწვია.
„ოსეთი რუსეთის იმპერიაში 1774 წელს, მთლიანად – ჩრდილოეთი და სამხრეთ ნაწილებით შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს, ასევე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. შემდეგ, სამხრეთ ოსეთი თბილისის გუბერნიაში შევიდა, არ ყოფილა არავითარი საქართველო. როდესაც დაიშალა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ აფხაზეთის შთანთქმა სცადა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანული ჯარების დახმარებით, 1918 წელს, საქართველომ აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა. ოკუპანტები ძალიან მკაცრად იქცეოდნენ. უფრო მკაცრად მოიქცა ქართული ჯარი ოსეთში, 1919-1920 წლებში. ეს არის ის, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ. ეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად უნდა იცოდეს. არ შეიძლება ამის დავიწყება, თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს ურთიერთობების დალაგება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სტალინის დროს შეიქმნა და აფხაზეთი მისი ნაწილი გახდა. ენკავედე-მ ბერიას ხელმძღვანელობით აფხაზეთში უმკაცრესი ზომები მიიღო, რომლის მიზანი საქართველოს მიერ აფხაზეთის შთანთქმა იყო. ეს მძიმე მემკვიდრეობა თანამედროვე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა“, – აღნიშნა პუტინმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის არ გააკეთებს არაფერს, რაც გაართულებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას.
Guardian.ge.