ნაციონალები მოსახლეობის რეაქციას აკვირდებიან და მიღებული შედეგების საფუძველზე ადგენენ მოვლენების განვითარების სავარაუდო გეგმებს.

რევაზ კილასონია, პოლიტოლოგი:

_ ეს ის შემთხვევაა, როცა შესაძლებელია, ასეთ გაუგონარ ქმედებას დადებითი ეფექტიც მოვუძებნოთ. გაბუნია ამ და სხვა მსგავს განცხადებებს თავისი ინიციატივით რომ არ აკეთებს, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. ჩემი აზრით, მსგავსი პროვოკაციული განცხადებებით ხდება მოსახლეობის მზადყოფნის შემოწმება ე.წ. ლიბერალური წესრიგის სტანდარტებისადმი. ისინი, ანუ ნაციონალები მოსახლეობის რეაქციას აკვირდებიან და მიღებული შედეგების საფუძველზე ადგენენ მოვლენების განვითარების სავარაუდო გეგმებს.პოზიტიურ მხარეს რაც შეეხება, რუსეთმა ნათლად დაინახა, რომ ხალხი ადეკვატურია და ანტირუსული ისტერიკა კრიტიკულ მასაზე გავლენას არ ახდენს. სხვათა შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: ჩვენ ვხედავთ ხალხის გულწრფელ აღშფოთებასო. მეორე პოზიტიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ქართველი მოსახლეობისთვის “თვალის ახელა”… მოსახლეობა სულ უფრო ნათლად ხედავს, რომ ე.წ. ლიბერალური მარაზმი არაფერია, გარდა ცარიელი სიტყვებისა, რომლებსაც მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს მმართველი ელიტა, ბოლო 30 წელია. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს კონსერვატიული, ტრადიციული განწყობების მქონე მოსახლეობის გაერთიანებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უდავოდ პოზიტიური მოვლენაა.

ამ გამოხდომაზე საუბრისას პოზიტიურ წიაღსვლებზე საუბარი ცოტა არასტანდარტულია, მაგრამ ეს ასეა…

_ უკავშირდება თუ არა “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელისა და ტელეწამყვანის საქციელი 18 ივლისის გადაწყვეტილების მოლოდინს, რათა შემდგომ რუსეთს დააბრალონ ტელევიზიის დახურვა ან სხვისთვის გადაცემა?

_ გამორიცხული არ არის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს იყოს გვარამიას გამოხდომის მთავარი მიზეზი. თუმცა, როგორც ჩანს, თვითონაც ვერ გათვალეს მოვლენების შესაძლო განვითარება, ისინი მოვლენების კონტროლის სადავეების დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან.
Geworld.ge.