ევროკავშირი ლგბტ პრაიდის ჩატარებას კატეგორიულად გვთხოვს? – მამა ანდრიას კითხვაზე ევროპელებმა ლიდერებმა მიანიშნეს, რომ – კი.

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, დღეს ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ, კითხვა დასვა იმის შესახებ, ავალდებულებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს ლგბტქ პრაიდის ჩატარებას, რაზეც პანელის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა მას უპასუხეს, რომ აქ საუბარია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე.

„ჩვენ ვხედავთ ქართული საზოგადოების პოლარიზაციას ლგბტქ პრაიდის საკითხზე.  ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ლგბტქ ხალხის წინააღმდეგ არ არსებობს აგრესია მანამ, სანამ ისინი საკუთარი ცხოვრების წესის დემონსტრირებას არ იწყებენ. ჩვენ გვაინტერესებს, იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა, რომ
საქართველოს ქუჩებში მსგავსი პრაიდები ჩატარდეს?“- განაცხადა სასულიერო  პირმა.

კერსტინ ლუნდგრენმა, რომელიც შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგის) ვიცე-სპიკერია, სასულიერო პირს ასე უპასუხა: „ჩვენთვის ეს არის ადამიანის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხი და იქნება ეს რელიგიური თუ ეთნიკური, პოლიტიკური თუ სექსუალური უმცირესობების შესახებ საკითხები, ეს არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული. ეს ყველაფერი გულისხმობს, თუ როგორ უნდა შევქმნათ დამთმენი, ტოლერანტული საზოგადოება, აი, ეს არის მთავარი მიზანი, ყველა ამ პრინციპის გათვალისწინებით“.

აღნიშნულ კითხვას გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაელ როთიმაც უპასუხა: მე მირჩევნია გულღია და გულწრფელი საუბარი. მე რელიგიური ადამიანი ვარ და ჩემი ეკლესიის ერთგული ვარ და მესმის, რომ არის გარკვეული გაუგებრობები   და ეს გაუგებრობები რუსი პოლიტიკოსებისგანაც მომდინარეობს. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არასდროს არ უნდა განვასხვავოთ.

ეკლესიისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რომ გავაძლიეროთ საზოგადოებები, რომლებიც მუდმივად პატივისცემას, ტოლერანტობას გამოხატავს უმცირესობების მიმართ. არ არსებობს გასასამართლებელი საბუთი არც რელიგიური წრეების წარმომადგენლებისგან, რომ დავადანაშაულოთ სექსუალური უმცირესობები. ეს არის სრულიად და ტოტალურად მიუღებელი“.

კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა – პანელზე: მოდერატორი კატარინა პისაკა, მიხაელ როთი და ზოჰრაბ მნაცაკიანიანი

პანელის მონაწილე კიდევ ერთმა წევრმა,  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკიანიანმაც ისაუბრა სექსუალურ უმცირესობათა უფლებებზე: „დღეს ჩვენ ვერ გავექცევით ამ საკითხებზე მსჯელობას. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ის ახალი მეთოდები, რომლის მეშვეობითაც გადავალთ განზოგადებული დებატებიდან კონკრეტულზე. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ექსპერტული ცოდნის დაგროვება სამოქალაქო საზოგადოებაში, რომ შემდეგ ეს საყოველთაო ღირებულებები დავამკვიდროთ.

ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ ღირებულებაზე, რომ ადამიანი ხარ, ჩვენს შემთხვევაშიც იყო გარკვეული დისკრიმინაციის ფაქტები, როცა ადამიანებს სდევნიდნენ რწმენის გამო და მე მიმაჩნია, რომ არანაირი საფუძველი არ უნდა გააჩნდეს დისკრიმინაციის რომელიმე ფორმას.

არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ დასავლური აზროვნება გვაქვს თუ აღმოსავლური. როცა სომხეთი შევიდა ევროსაბჭოში, ჩვენ მაშინ განვიხილეთ ეს საკითხი სერიოზულად. თუ ვინმე ტრადიციული შეხედულებით მიიჩნევს, რომ დისკრიმინაცია მისაღებია, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა დავგმოთ და ეროვნული დებატის დონეზე უნდა ავიყვანოთ ამ თემებზე მსჯელობა. ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა გვქოდეს ერთიანი შეთანხმება.

რატომ არ ვსაუბრობთ სხვა ჯგუფებზე და მაინც და მაინც აქცენტს ვაკეთებთ ლგბტქ ჯგუფებზე? ჩვენ ყველას ერთნაირად უნდა ველაპარაკოთ, სადაც კი ვხედავთ, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა.“

დღეს, 11 ივლისს, ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის არსებული ღირებულებებისა და პრინციპების ერთობლიობაზეა დაფუძნებული.

აღნიშნული ღირებულებები – საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, დემოკრატიული მმართველობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში გაფორმებულ ყველა ორმხრივ შეთანხმებას უდევს საფუძვლად.

____

“ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება ბათუმში. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.
netgazeti.