საფრთხის მაქსიმალური დონე – “თუ აშშ ირანზე სარაკეტო დარტყმებს მიიტანს, ბრიტანეთი ამ ოპერაციას შეუერთდება”.

„აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირე დღეს დიდი ბრიტანეთია, ამიტომ მათი ანგლო-საქსური ბლოკი, ცდილობს, რომ ირანის ბირთვული პროექტის განვითარება შეაფერხოს. ბრიტანეთმა სრული სოლიდარობა გამოხატა ტრამპის პოზიციის მიმართ და ამერიკას აღუთქვა დახმარება (ირანის წინააღმდეგ)…

“თუ ამერიკა ირანის ობიექტებს საჰაერო და საზღვაო დაარტყამს, ეს ომის გამოცხადებას არ ნიშნავს. ეს ერთჯერადი სამხედრო ოპერაციაა, რაშიც დიდი ბრიტანეთიც დაეხმარება”, – ასე შეაფასა სამხედრო ესპერტმა, ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან” საუბრისას ირანსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა, რამაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკიდურესად მძიმე სახე მიიღო.

ირანისა და ბრიტანეთის ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვის ფონზე და მას შემდეგ, რაც თეირანმა ლონდონს განუცხადა, რომ სპარსეთის ყურის გავლით აღარ მისცემს ნავთობის გემებით გადაზიდვის საშუალებას – ლონდონმა მეორე სამხედრო გემი HMS Duncan გაგზავნა რეგონში.

ბრიტანეთის გემებისთვის, რომლებიც ირანის ტერიტორიულ წყლებში აპირებენ შესვლას, სპარსეთის ყურეში არსებულმა საფრთხის დონემ კრიტიკულ ნიშნულს მაშინ მიაღწია, როდესაც ირანის საბრძოლო ხომალდებმა ბრიტანული ტანკერის დაჭერა სცადეს.

თავის მხრივ, ირანი გიბრალტარის მიერ 4 ივლისს დაკავებული ნავთობტანკერი „გრეის 1-ის” გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც ბრიტანელმა საზღვაო ქვეითებმა სირიის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის დაატყვევეს. კერძოდ, არსებობდა ეჭვი, რომ სუპერჯეტს ირანიდან სირიაში, სავარაუდოდ, ნავთობი გადაჰქონდა.

„ეს არის სახიფათო თამაში, რომელსაც შედეგი მოჰყვება. ტანკერის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი არასწორია… ტანკერის გათავისუფლება – საერთო ინტერესებში შედის”, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აბას მუსავიმ.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ლონდონი არ გამოთქვამს თეირანთან დაპირისპირების სურვილს, აღნიშნავენ, რომ ბრიტანული გემებისთვის სპარსეთის ყურეში არსებული საშიშროების იგნორირება შეუძლებელია. როგორც აღინიშნა, საფრთხის დონე მაქსიმალურად გამოცხადდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ბრიტანული გემები არ უნდა შევიდნენ ირანის ტერიტორიულ წყლებში.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, პენი მორდონტმა განაცხადა, რომ ლონდონი შეშფოთებულია სპარსეთის ყურეში მომხდარი ინცინდენტით და თეირანის ხელისუფლებას მოუწოდა მიიღოს ყველა ზომა, რათა მოხერხდეს სიტუაციის დეესკალაცია.

პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნავიგაციის თავისუფლების პრინციპის დაცვას აპირებს, რაზეც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ლონდონის მიერ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ქვეყნებს შორის არსებული ვითარების მეტად დაძაბვას ემსახურება.

სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული მოკავშირეობა ძალიან დიდ გავლენას ახდენს თავად ლონდონისა და თეირანის ურთიერთობაზე, რადგან ისინი ცდილობენ, რომ ირანის ბირთვული კუთხით განვითარება შეაფერხონ:

„აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე დღეს დიდი ბრიტანეთია, ამიტომ მათი ანგლო-საქსური ბლოკი ცდილობს, რომ ირანის ბირთვული პროექტის განვითარება შეაფერხოს. ამ შემთხვევაში, ბრიტანეთმა სრული სოლიდარობა გამოხატა ტრამპის პოზიციის მიმართ და ამერიკას აღუთქვა დახმარება და მხარდაჭერა ამ მიმართულებით – იგულისხმება სამხედრო ზეწოლის განხორციელება თეირანზე.

პრინციპში, უჩვეულო აქ (ლონდონისა და თეირანის ურთიერთობის დაძაბვაში) არაფერი არ არის. უბრალოდ, ეს ორი ქვეყანა ცდილობს, რომ შეაჩეროს ირანი, თუნდაც სამხედრო ძალის დემონსტრირების კუთხით.

„როგორც მოგეხსენებათ, 7 ივლისიდან შეჩერდა ირანის ვალდებულებები, რომელიც გათვალისწინებული იყო ჟენევის ფორმატით. ფაქტობრივად, ირანს ურანის გამდიდრება უნდა შეეწყვიტა, ირანს 60 კგ-ზე მეტი არ უნდა ჰქონოდა გამდიდრებული ურანი, მაგრამ ამ ყველაფერმა „ჩაილურის წყალი დალია”.

„ცოტა ხნის წინ ბრიტანელებმა დააკავეს ირანული გემი, რომელსაც, როგორც ამბობენ, გადაჰქონდა ბაშარ ასადის რეჟიმისათვის ნავთობპროდუქტები და ნავთობი. მოგეხსენებათ, რომ ასადის რეჟიმი დღეს სასანქციო პოლიტიკის ქვეშაა. შესაბამისად, ეს იყო ირანის საპასუხო მოქმედება. სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია როგორც ამერიკა – ირანის, ასევე დიდი ბრიტანეთისა და ირანის ურთიერთობები. პრინციპში, ბრიტანულ-ამერიკული ალიანსი ირანზე ზეწოლას ახდენს”, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

მისივე განმარტებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ირანთან პირდაპირი ომი დაიწყოს ან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ან დიდმა ბრიტანეთმა, თუმცა შესაძლოა, რომ ტრამპმა ირანის „დაშოშმინების” მიზნით ქვეყნის წარსული გამოცდილება გამოიყენოს და ერთჯერადი დარტყმით მოახერხოს სიტუაციის დეესკალაცია:

„მოვლენებმა აჩვენა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის მიმართ განახორციელებს სამხედრო მოქმედებებს, ანუ სარაკეტო დარტყმებს, ბრიტანეთი ამ ოპერაციას შეუერთდება. მგონია, რომ ამას მიანიშნებს ანგლო-საქსური ალიანსი, რომელიც, როგორც ჩანს, მზადაა, რომ ამ მიმართულებით განახორციელოს გარკვეული ქმედებები.

“ეს დამოკიდებულია ამერიკა-ირანის ურთიერთობებზე. აშშ-ს შეუძლია, რომ ნებისმიერ დროს განახორციელოს დარტყმები ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე – ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა მას. ტრამპი, როგორც ჩანს, მისთვის სასურველ დროს ელოდება.

„თუმცა დღეს დამტკიცდა რეზოლუცია, რომელიც ტრამპს უკრძალავს კონგრესის გარეშე ირანის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების განხორციელებას. მაგრმა ამ ეტაპზე, ყველაფერი იმაზეცაა დამოკიდებული, როგორ ინტერპრეტირებას მისცემს ამ საკითხს თავად ტრამპი – როგორც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს,

“მას შეუძლია, რომ არა ომის, არამედ პრევენციული სახის ოპერაციის განხორციელების შესახებ გასცეს ბრძანება. ბუნებრვია, რომ თუ ამერიკა სამხედრო ოპერაციას განახორციელებს, ირანის ობიექტებს საჰაერო და საზღვაო დაარტყამს, ეს ომის გამოცხადებას არ ნიშნავს. ეს ერთჯერადი სამხედრო ოპერაციაა, რომლიც მიზანიც ირანის სტრატეგული ობიექტების გაუქმებაა.

„აქედან გამომდინარე, შემდგომში ეს საკითხი როგორ განვითარდება და რა სახეს მიიღებს, ამას დრო გვიჩვენებს. სავარაუდოდ, შესაძლოა, რომ მსგავსი დარტყმების მიყენება ტრამპმა აგვისტოში განახორციელოს, რადგან ამერიკის პრეზიდენტი ელოდება, რომ ზაფხულში ნაკლებად იქნება საერთაშორისო-პოლიტიკური პროცესები აქტუალური და ამ კუთხით დაიწყოს მოქმედება.

„მაგრამ ეს ნაბიჯი უნდა იყოს ეფექტური. ტრამპი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მის მიერ განხორციელებული ბლიცკრიგის ტიპის ერთჯერადი საჰაერო დარტყმები იქნება ეფექტური.

“თუ ამერიკამ ვერ განახორციელა ბლიცკრიგული ოპერაცია, ამას შესაძლოა, რომ ძალიან სერიოზული გართულებები მოჰყვეს. ტრამპს უნდა ჰქონდეს 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთი დარტყმით მოახერხებენ ირანის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების განადგურებას, რომელიც ბირთვული პროექტის განითარებას შეუწყობს ხელს”, – აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ.

ტატა შოშიაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები ფეისბუქიდან