სალომე ზურაბიშვილი – ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს, ისინი შუამავლები თუ არა, საქართველოს ადვოკატები უნდა იყვნენ.

ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს, ისინი შუამავლები თუ არა, საქართველოს ადვოკატები უნდა იყვნენ, გააგებინონ რუსეთს, რომ მას მეზობლებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის ფონზე, პარტნიორი სახელმწიფოების როლზე გაამახვილა ყურადღება.

„როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ამიტომ ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს. ისინი შუამავლები თუ არა, საქართველოს ადვოკატები უნდა იყვნენ, გააგებინონ რუსეთს, რომ მას მეზობლებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთპატივისცემის პრინციპსა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა. მხოლოდ ასე შეიძლება რეგიონში სტაბილურობის გაძლიერება.

საქართველო გამორჩეულად სტაბილური ქვეყანაა საკმაოდ არამშვიდ რეგიონში. ამ რეგიონში არასტაბილურობის ბევრი კერაა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენა დიდმა მეზობლებმა უფრო მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ ამის მიმართ. ეს სიგნალი ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა მიიტანონ რუსეთამდე, როდესაც მასთან რეგიონულ საკითხებს განიხილავენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
1tv.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან