როდის დაიწყება პოროშენკოს გარემოცვის წევრების დაპატიმრება.

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მრჩეველმა, იურისტმა ანდრეი პორტნოვმა ტელეარხ NewsOne–ისეთერში განაცხადა, რომ დაიწყება  პეტრე პოროშენკოს გარემოცვის მასობრივი დაპატიმრება და თვით ექსპრეზიდენტსაც არ დაინდობს თემიდა.

მან თქვა, რომ ამჟამად პოროშენკოს დაპატიმრების ხელისშემშლელი ფაქტორია მისი ნათლიმამის, გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს  ხელისუფლებაში ყოფნა.

პოროშენკო ამხილეს 34 მილიონი დოლარის ნაღდი ფულის მითვისებაში.

“გარკვეულ დროს,  როგორც კი გაქრება ხელშეუხებლობის გარანტია, რომელიც  მას გენერალურმა პროკურორმა მისცა,  მთელი ეს ზვავი გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. დაიწყება ყველას დაჭერა სხვადასხვა ადგილას.  ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ  შუამდგომლობები, განცხადებები,  რათა ერთდროულად დაიწყოს მასობრივი დაპატიმრებები”, _ განაცხადა პორტნოვმა.

მან ხალხს შეახსენა, რომ უკრაინის სამართალდამცველები ამჟამად იძიებენ სისხლის სამართლის 8 საქმეს, რომლებიც პოროშენკოს წინააღმდეგ არის აღძრული. ამასთანავე, ერთი საქმის დასრულებაც კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უკვე წლეულს, აგვისტოში ექსპრეზიდენტი ციხეში ჩასვან. პორტნოვმა აღნიშნა, რომ მალე აღიძვრება საქმეები კიევის მერის _ ვიტალი კლიჩკოს წინააღმდეგ, რომელმაც ბევრჯერ გადაამეტა თავის უფლებებს.  “კლიჩკოს ელოდება სიურპრიზები. პოროშენკოს საქმიანობის ჩვენ მიერ განხორციელებული არაფორმალური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ დანაშაულის რამდენიმე ეპიზოდი კლიჩკოსაც შეეხება.  იგი ხელს აწერდა შეთანხმებებს კიევის მიწების იჯარით გაცემის შესახებ სესიის  გადაწყვეტილების გარეშე.
 სულ მალე პირველი  განცხადებები კლიჩკოს დანაშაულის შესახებ გაიგზავნება ანტიკორუფციულ  ბიუროსა და გამოძიების სახელმწიფო ბიუროში.  იქ რამდენიმე ასეთი ეპიზოდია”, _ ამბობს იურისტი.

უფრო ადრე პორტნოვის განცხადების საფუძველზე გამოძიების სახელმწიფო ბიურომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე პოროშენკოს მიერ სახელმწიფო ღალატის ფაქტზე. იურისტი მიიჩნევს, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ყოფნის დროს პოროშენკომ უღალატა სახელმწიფოს, როცა ქერჩის სრუტეში უკრაინელი მეზღვაურები გაგზავნა.

მისივე განცხადებით, აღძრულია საქმე პოროშენკოს მიერ ტელეარხ  “პრიამოის” უკანონოდ  მითვისების თაობაზე და, აგრეთვე, იმ  ფაქტის გამო, რომ მან ქარხნის გაყიდვის შედეგად თითქოს ლეგალიზაცია მოახდინა 300 მილიონი დოლარის არაკანონიერი შემოსავლის.
Geworld.ge.