რას უმალავენ ხალხს საინფორმაციო საშუალებები, არც ერთმა საინფორმაციო საშუალებამ არ დააფიქსირა ის ფაქტი. რუსემა ფაქტიურად მოგვაქცია საგარეო კურსისგან სრულ იზოლაციაში.

“ბოლო მონაცემებით, ყირიმსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, უკრაინის სასაზღვრო ზოლთან, რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი და ანალოგიური საბრძოლო მზადყოფნის წინაპირობა გათვალისწინებულია საქართველოს მიმართულებითაც”, – ამის შესახებ “რეზონანსთან” საუბრისას სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.
რუსეთის სამხედრო წვრთნების გააქტიურების მიზეზებზე საუბრისას მაისაია აღნიშნავს, რომ წვრთნების მიზანი ტაქტიკური დესანტის მოგერიება და მტრის მიმართულებით კონტრშეტევების განხორციელებაა.
“ეს არის 49-ე არმიის წვრთნები, რომელიც მიმდინარეობს ოკუპირებული აფხაზეთისა და კრასნოდარის ტერიტორიაზე. რაც რუსეთის ტელევიზიებმა აჩვენეს, ეს იყო ძირითადად ტაქტიკური დესანტისა და სადესანტო მოიერიშე შენაერთების წვრთნები. წვრთნების მიზანი ტაქტიკური დესანტის მოგერიება და შემდგომში მტრის მიმართულებით კონტრშეტევების განორციელებაა.
“წვრთნებში 700-დან 1000 კაცამდე მონაწილეობს, დაახლოებით 100 ერთეულამდე საბრძოლო ტექნიკით, ჩართულია ასევე საბრძოლო ავიაცია და სამხედრო საზღვაო შენაერთებიც.
მაისაიას თქმით, ირანსა და რუსეთს შორის პრაქტიკულად სამხედრო-სამოკავშირეო ხელშეკრულება დაიდო, რის შედეგადაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიეცათ ირანის სამხედრო ბაზების გამოყენების საშუალება. აღსანიშნავია ისიც, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმმა დიდი “საჩუქარი” გაუკეთა თავის სტრატეგიულ მოკავშირეს – სამხედრო-საჰაერო ბაზა “ჰმეიმიმი” რუსუთის სრულ განკარგულებაში გადავიდა და მისი საკუთრება უვადოდ გახდა.
“როგორც ჩანს, რუსეთმა სირიას, ერაყსა და ირანს შორის ალიანსი გააფორმა. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ახალი, ოთხმხრივი ალიანსი რეგიონალურ დონეზე.
“ერაყის მთავრობამ პრაქტიკულად საჰაერო კორიდორი მისცა რუსულ სამხედრო სტრატეგიულ ბომბდამშენებს და პლუს, მათ თანმხლებ – ტაქტიკური ოპერატიული “სუ-34” ტიპის ბომდამშენ მოიერიშეებს.
“გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, ბაღდადში მოქმედებს ამ ქვეყნების ოთხმხრივი საკოორდინაციო ცენტრი, სადაც მონაწილეობენ ასადის, ერაყის, რუსეთისა და ირანის სამხედრო წარმომადგენლები, რომელთაც რუსი გენერალი ხელმძღვანელობს.
“ირანსა და რუსეთს შორის ფაქტობრივად სამხედრო-სამოკავშირეო ხელშეკრულება დაიდო და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიეცათ სამხედრო ბაზების გამოყენების საშუალება. ეს არის სამოკავშირეო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება.
“თავის მხრივ, ირანმა რუსეთისგან საკმაოდ დიდი სარგებელი მიიღო, რუსეთმა მას “ეს-400” ტიპის საზენიტო რაკეტები მისცა. ამით ირანმა სოლიდური სამხედრო შეიარაღება მიიღო, რამაც ამერიკის დიდი რისხვა გამოიწვია.
“ამერიკაში უკვე გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ა.შ. ამერიკელების წყობიდან გამოყვანა იმანაც გამოიწვია, რომ რუსეთი ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას და იმ პოზიციებს, საიდანაც ებრძვიან ასადის რეჟიმს და არა “ისლამურ სახალიფოს”, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთი უკვე პირდაპირ უპირისპირდება ამერიკას. ამის მაგალითი კი სამიოდე კვირის წინ რუსეთის ავიაციის მიერ იმ სამხედრო ბაზის დაბომბვა შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელშიც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები იმყოფებოდნენ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია არ საჯაროვდება, აღნიშნული შეტევის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაზარალდა.
“ინიციატივა რუსეთმა და ირანმა აიღეს საკუთარ ხელში. აფროამერიკული კოალიციის დარტყმები საკმაოდ შესუსტდა და დღეს უკვე გამოჩნდა, რომ დომინანტური ძალა სამწუხაროდ რუსეთი და ირანია.
“საქართველოში არავინ იცის ეს ინფორმაცია, არც ერთმა საინფორმაციო საშუალებამ არ დააფიქსირა ის ფაქტი, რაც დაახლოებით 3 კვირით ადრე მოხდა – რუსეთის ავიაციამ ამერიკული სამხედრო ინსტრუქტორები დაბომბა, რომლებიც სირიის თავისუფალი არმიის ბაზაზე იმყოფებოდნენ.
“თუ არ ვცდები, რამდენიმე ამერიკელმა სამხედრომ ძლივს გაასწრო ამ დაბომბვას და რამდენიმე დაიჭრა კიდეც, თუმცა ამას არ ასაჯაროებენ. რუსეთმა მიზანმიმართულად მოახდინა ამ ბაზის დაბომბვა.
“რის შედეგაც დაპირისპირებამ უკვე პირდაპირი ხასიათი მიიღო. რუსეთმა პრაქტიკულად გაინაღდა საჰაერო სივრცე და დომინანტ ძალად გადაიქცა.
“ირანის ბაზა, რომელიც რუსეთს გადაეცა სამხრეთ-დასავლეთით, სირიის საზღვრიდან სულ რაღაც 700 კილომეტრზე მდებარეობს. მათ თავისუფლად შეუძლიათ განალაგონ ნებისმიერი ოდენობის სამხედრო შენაერთი და ტექნიკა, ყოველგვარი გადაადგილების შეზღუდვის გარეშე”, – გვითხრა მაისაიამ.
რაც შეეხება რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობას, სამხედრო ექსპერტი აღნიშნავს, რომ მათ შორის ურთიერთობა დალაგდა და შეთანხმებაც კი შედგა, რომლის მიხედვითაც რუსეთსა და თურქეთს შორის ის სავაჭრო ურთიერთობა უნდა აღდგეს, რომელიც გასული წლის სექტემბრამდე არსებობდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი და თურქეთი ისევ მოკავშირეები გახდებიან.
“რაც შეეხება თურქეთს, რუსეთმა ფაქტობრივად დე ფაქტო სამოკავშირეო ხელშეკრულებას მიაღწია. ნაკლებად ცნობილი ფაქტია, თუმცა რუსეთსა და თურქეთს შორის დაიდო გარკვეულწილად საიდუმლო მემორანდუმი, რომლის ელემენტებიც გაჟღერდა.
“თურქეთი და რუსეთი საბაზო ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს კოორდინაციას გაუწევენ ტერორისტებთან ბრძოლის საქმეში. ანუ დე ფაქტოდ შეიმუშავეს ანტიტერორისტული საკოორდინაციო ცენტრის საქმიანობა. ეს არის მიმართული “ისლამური სახალიფოს” წინააღმდეგ, მაგრამ ეს არის პრელუდია.
“რუსეთთან ერდოღანი იმაზე მეტ დათმობაზე წავიდა, ვიდრე პუტინი მოელოდა. ეს 2 ქვვეყანა შეთანხმდა, რომ აღადგინონ ის სავაჭრო ურთიერთობა, რომელიც გასული წლის 30 სექტემბრამდე არსებობდა. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი და თურქეთი სავარაუდო მოკავშირეები ხდებიან”, – განაცხადა მაისაიამ.
“რუსეთმა “სამხრეთ ოსეთიდანაც” კარგად მოგვაქცია ალყაში, რადგან თურქეთ-რუსეთს შორის ურთიერთობის გარღვევამ და მომენტებმა, რომლებიც აღვნიშნე, იმ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, როგორშიც 1921 წლის იანვარში ვიყავით. ახლაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა.
“უნდა აღვნიშნო, რომ ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ სწორედ თქვენთან ვსაუბრობდი. ვთქვი, რომ თუ არ ვიაქტიურებდით, საქართველო ასეთ გარემოცვაში მოხვდებოდა და სამწუხაროდ, ეს პროგნოზი ერთი-ერთზე ახდა.
“მე ვაფრთხილებდი ჩვენს მმართველ ძალას, აქ საუბარი მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის, არამედ მთელ პოლიტიკურ სპექტრზეა.
“ჩვენმა პასიურმა საგარეო ქმედებებმა და საგარეო პოლიტიკისადმი უღერღილო დამოკიდებულებამ გამოიწვია ჩვენი სრული იზოლაცია და დღეს ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ ფონზე ვიმყოფებით.
“ისეთი მასშტაბური და რადიკალური ცვლილებები მიმდინარეობს, ეს საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, გვერდზე დაგვრჩეს. ჩვენ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების იქით ვერ ვიხედებით”, – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ.
Nevpost.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან