გავიცნოთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მორიგი მონაწილე

ყველასათვის საყვარელი,ენერგიული და წარმატებული: მანანა მაჭარაშვილი – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას სათამაშოების ქსელ „დისნეი“ში

-გახლავართ მანანა მაჭარაშვილი, 2008 წლიდან დავიწყე ბიზნეს საქმიანობა, ქ. რუსთავში „ბაბილინას“ ქსელის წარმომადგენელი ვიყავი და სიამოვნებით ვემსახურებოდი ჩვენს პატარებს-ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებს, გვაქვს მრავალფეროვანი არჩევანი, მოგეხსენებათ რომ სწორედ მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა ფერისა და ზომის სათამაშოებს, ასე რომ მათი მხიარული სახეები ჩვენც გვახალისებს. გავუძელით სხვადასხვა სირთულეებს მთელი ამ წლების განმავლობაში, ხოლო დღეს უკვე სიამაყით მინდა გითხრათ, რომ თბილისსა და რუსთავში გაგვაჩნია „დისნეის“ სათამაშოების მაღაზიათა ქსელის 8 ობიექტი, სადაც ძირითადად დასაქმებულია ჩემი ოჯახის წევრები და ნაცნობ-მეგობრები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ და სრულად ვაკმაყოფილებთ ჩვენი მომხმარებლის ინტერესს.

-ჩვენთვის, როგორც ცნობილია თქვენ გყავთ დიდი ოჯახი, მეუღლე, შვილები, ეს ყელაფერი კი ქალისგან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ გვაინტერესებს, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახს და სამსახურს და გექმნებათ თუ არა ამ მხრივ გარკვეული სიძნელეები?..

-აბსოლუტურ ჰარმონიაში ნამდვილად არ არის თავსებადი, რადგან ოჯახი თავისას მოითხოვს და ბიზნესი კიდევ ეს ისეთი სფეროა, რომ ყოველდღიურად მოითხოვს მუხლჩაუხრელ შრომას, თან სათამაშოების ბიზნესი მეტად სათუთია, აქ ყველა სიახლე, ახალი თოჯინა, თუ სათამაშო გასათვალისწინებელია და მიმაჩნია, რომ ჩვენი წარმატება განპირობებულია მომხმარებლის ინტერესის მაქსიმალური ზრუნვით. რაც შეეხება ოჯახს, როგორც უკვე მოგახსენეთ სამწუხაროდ ქალის ხელი აკლდება, თუმცა სხვა გზა არ არის, რადგან რომ არ ვიშრომოთ ოჯახს მატერიალური კეთილდღეობა მოაკლდება. მე ეს საქმე მაშინ დავიწყე, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვები მყავდა გასაზრდელი და ბევრი უძილო ღამეები გამითენებია, თუმცა უფლის მადლით, მეგობრების და ახლობლების დახმარებით საბოლოოდ მაინც დავდექი ფეხზე და დღეს უკვე გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიე, საერთოდ კი იოლად არაფერი მოდის ყველა საქმეს სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა. მარტო კაცი ჭამაშიც ცოდვააო ტყუილად არაა ნათქვამი, ვფიქრობ, რომ უნდა გიყვარდეს და უნდა უყვარდე, გვერდში უნდა გყავდეს შენი საყვარელი ადამიანები და მათი დახმარებით უკვე უფრო უმკლავდები ცხოვრებისეულ სიძნელეებს. მიმაჩნია, რომ ყველაფერი ფუძნდება მხოლოდ სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე და ცალმხრივი არაფერია, რასაც გასცემ იმავეს მიიღებ. 

-ქალბატონო მანანა რამ გადაგაწყეტინათ პროექტში მონაწილეობის მიღება?..

-ძალიან მომეწონა პროექტის იდეა, გეტყვით, რომ ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე დღის რეჟიმი არ იცვლება, არ მსუბუქდება, ამიტომ აღფრთოვანებული ვარ, რომ ასეთი სასიამოვნო განტვირთვის საათი გვეღირსება საქმიან ქალბატონებს და ნამდვილად დაუვიწყარ საღამოს გავატარებთ ამ ღონისძიებაზე. ყოველთვის სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, ასევე მის განვითარებაშიც შევიტან ჩემს წვლილს. 

-თქვენგან წამოვიდა იდეა ქალბატონო მანანა, რომ თვითონ პროექტიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბოთ ბიზნეს ლედების კლუბი, რომელიც გარკვეულ პრობლემებს გადაუჭრის ქართველ მანდილოსნებს. რატომ გაგიჩნდათ ასეთი კლუბის დაარსების იდეა?..

– ვფიქრობ, რომ ნამდვილად საჭიროა მსგავსი კლუბის არსებობა, რადგან ჩვენ, საქმიანი ქალბატონები ერთობლიობაში უფრო მეტი სიკეთის გაკეთებას შევძლებთ, თითო თითო აგურის დადებით იქნებ შევძლოთ და ყველამ ერთად შევამციროთ სიღარიბის ზღვარი, დავაპუროთ მეტი მშიერი ბავშვი, ერთად გავაკეთოთ საქველმოქმედო საქმე, ქველმოქმედება ხომ აკეთილშობილებს ბიზნესს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენს ამ წამოწყებას ბევრი საქმიანი ქალბატონი აუბამს მხარს და შედეგიც არ დააყოვნებს. ქართველებმაც უნდა ვისწავლოთ ანგარების გარეშე მოყვასის დახმარება, როგორც ამას ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აკეთებენ (ისრაელი, თურქეთი, სასომხეთი…) და ამიტომაც მათ თითქმის არ ჰყავთ ღატაკი ადამიანები საზოგადოებაში. ქალური სოლიდარობით ბევრის გაკეთება შეგვიძლია, სირცხვილია, რომ XXI საუკუნეში ჩვენი ხალხი ასე შიმშილობს, ძალიან მეცოდებიან და მათი დახმარების სურვილი მაქვს, თუმცა ერთი ადამიანის მონდომება ბევრს ვერაფერს შეცვლის. ბიზნეს ლედების კლუბს შეუძლია ცოტა შეამსუბუქოს ეს მდგომარეობა ქვეყანაში.

-მადლობას გიხდით საინტერესო საუბრისთვის და ასეთი კარგი ინიციატივისთვის ქალბატონო მანანა, ვფიქრობ რომ ბევრი ქალბატონი დაგვიჭერს მხარს ამ წამოწყებაში და ბევრსაც გაახარებს ეს ამბავი და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..

-ვისაც უნდა წარმატების მიღწევა საკუთარ საქმიანობაში მე ვურჩევდი, რომ ყურადღება მიაქციოს წესრიგს, დისციპლინას, ადამიანი უნდა იყოს მიზანდასახული, საერთოდ ამ ცხოვრებაში მიუღწეველი და დაუძლეველი არაფერია, მთავარია მონდომება, არ უნდა დაიშურო მიზნის მისაწევად ძალისხმევა და მუხლჩაუხრელად უნდა იშრომო და ყველაფერი გამოგივა.

შეგახსენებთ, რომ მანანა მაჭარაშვილი გახლავთ პროექტ- ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ მანანას, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი მანანა არაჩვეულებრივი ადამიანია, ენერგიული, სიცოცხლით სავსე ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.

კომენტარები ფეისბუქიდან