პაატა ბურჭულაძე ივანიშვილის მთავრობის წასვლის დღეს გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას გეგმავს
პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის მთავრობის „წაბრძანების“ შემდეგ, რაც მისი თქმით, ცოტა ხანში უნდა მოხდეს, გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას გეგმავს და გამოდის ინიციატივით, რომ „ის დღე გამოცხადდეს საქართველოში სიკეთის კეთების დღედ“.
აღნიშნულის შესახებ მსოფლიო ბანმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
„ჩემო მეგობრებო, მე ვიცი, რომ ფონდ „იავნანას“ მეგობრები ვართ ასობით ათასი ადამიანი, ნუ შევუშინდებით, ჩვენ ისევ ცხოვრებას დავიწყებთ. ცოტა ხანი დაველოდოთ, როდესაც ეს მთავრობა წაბრძანდება და იმ დღეს მივცეთ გრანდიოზული, დიდი საქველმოქმედო კონცერტი და იმ დღეს ვინც გვეყოლება არჩეული ჩვენ პრეზიდენტი – ჩვენი პრეზიდენტი – მას ვთხოვოთ, რომ ის დღე გამოცხადდეს საქართველოში სიკეთის კეთების დღედ. და მე ველოდები და ეს დღე ალბათ, ძალიან მალე იქნება“, განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
უფრო ადრე იგი „რუსთავი 2“ -ის გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში“ ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და თქვა, რომ იმ პირობებში, როცა ქართულ სახელმწიფოში მისი მსგავსი პიროვნებაც კი არ არის დაცული, წარმოუდგენია რა დღეში შეიძლება აღმოჩნდნენ სხვა, რიგითი მოქალაქეები.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხებული და პოლიტიკიდან წასული მსოფლიო ბანი აცხადებს, რომ ახლა ყველა იმ პოლიტიკური გაერთიანების მხარდამჭერია, ვინც „ოცნების“ წინააღმდეგ გამოდის. მან ბიძინა ივანიშვილთან 2012 წელს გამართული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებაც დაანონსა.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი