პარლამენტის სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი ეკა ბესელიას მიერ თინა ბოკუჩავას მიმართ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილისგან ოქროს ყელსაბამი საჩუქრად მიიღო. თავის მხრივ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეკა ბესელია სიცრუეში დაადანაშაულა.
მოგვიანებით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა თინა ბოკუჩავას სამკაული აჩუქა. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა შპს “ზარაფხანაში”, პრეზიდენტის დავალებით იყიდეს 1 ცალი კულონი და 1 ცალი ცეპი, რომელიც „ნადვილად გადაეცა პრეზიდენტს სტუმრის თიკა ბოკუჩავს დასასაჩუქრებლად“. დოკუმენტს ხელს აწერენ: ვ. კილაძე, რ. ლაფაჩიშვილი, ვ. ვარდოსანიძე.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის 17 აპრილს, ქართული ოცნების მაშინდელმა დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ განცხადებით, ჩანს, რომ სააკაშვილი სახელმწიფო სახსრებს დიდი ოდენობით უკანონოდ ხარჯავდა.
დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა, რომელიც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, განაცხადა, რომ ეს დოკუმენტები მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც სამართალდამცავმა ორგანოებმა მათ „საიდუმლო“ გრიფი მოხსნეს, ვინაიდან ისინი რაიმე საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავენ.
მისი თქმით, ამ დოკუმენტებს წინა ხელისუფლებამ საიდუმლო გრიფი იმიტომ დაადო, რომ პრეზიდენტის მიერ თავისი ახლობლების, მეგობრების და ოჯახის წევრების პირადი მიზნებისთვის გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია დაემალა.
ათობით დოკუმენტი მოიცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ხელნაწერ ჩანაწერებს ხარჯების შესახებ, რასაც ასევე ახლავს ქვითრები, ანგარიშფაქტურები სასტუმროებიდან და მომსახურების სხვა მომწოდებლებისგან. ამავე დოკუმენტების თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურმა 2012 წლის 10 იანვარს 1599 ლარად იყიდა iPhone 4s16Gb Black, რომელიც ასევე თინა ბოკუჩავასთვის იყო განკუთვნილი.
საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარის მოწმეები ადასტურებენ, რომ თანხები არ იყო დახარჯული ოპერატიული მიზნებისთვის.
მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს. აქედან ერთ-ერთ საქმეზე, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა შეწყალების საქმეზე 5 იანვარს ქართულმა სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.
28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო ასევე ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და მას დაუსწრებლად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით მას ამ ეპიზოდისთვის საბოლოოდ 6 წელი მიესაჯა.
სააკაშვილს, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს 2018 წლის თებერვალში მეუღლის სანდრა რულოვსის სამშობლომ, ნიდერლანდებმა ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს.
წყარო: “რეპორტიორი”