ნოდარ მელაძე მის გათავისუფლებას და რ2-ზე ჟურნალისტების ჩანაცვლებას ელის – (ინტერვიუ)

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს მხოლოდ სიტყვებად მიაჩნია ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას და არხის მეპატრონე ქიბარ ხალვაშის დაპირება, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა უცვლელი დარჩება. მელაძე ვარაუდობს, რომ მას თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, შემდეგ კი ჟურნალისტების გუნდის ჩანაცვლება დაიწყება. საკუთარი მოლოდინები მან “ნეტგაზეთს” გაუზიარა.

გუშინ ნანუკა ჟორჟოლიანმა პაატა სალიას მიმართა ინიციატივით გრძელვადიანი კონტრაქტების დადების შესახებ არხის სახეებთან. ამაზე თუ გქონდათ საუბარი ახალ დირექტორთან?

მე არ მქონია შეხვედრა პაატა სალიასთან.

თქვენი მოსაზრება როგორია ამ ინიციატივაზე? არის ეს არსებული რედაქციის შენარჩუნების წინაპირობა?

მე არ მჯერა, რომ ქიბარ ხალვაში არ შეცვლის “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკას. და ამისთვის არ გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ შეიცვალოს “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა და გააკეთებს ამისთვის ყველაფერს. მოძებნის უამრავ ხერხს და უამრავ საშუალებას, რომ შეცვალოს “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა, იმიტომ, რომ ეს გააკეთა არა ქიბარ ხალვაშმა, არამედ ხელისუფლებამ და გააკეთა იმისთვის, რომ არხზე არ ისმოდეს კრიტიკული აზრი. მოდით, გავუსწოროთ ამ რეალობას თვალი.

თქვენთვის, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსისთვის, რაიმე შეიძლება იყოს გარანტია იმისა, რომ ამ მენეჯმენტის პირობებში თქვენი სარედაქციო პოლიტიკა ხელშეუხებელი იქნება? შეიძლება, ახალი ხელმძღვანელობის რომელიმე ნაბიჯმა ამაში დაგარწმუნოთ?

ერთი არასრული დღეა, ჩვენ ვახერხებთ მაუწყებლობას ისე, რომ “კურიერი” არის ისეთი, როგორიც იყო გუშინ და როგორიც იყო გუშინწინ – ისეთივე კრიტიკული და ისეთივე მწვავე.

სანამ მე ვიქნები საინფორმაციო სამსახურის უფროსი, კურიერი არ იქნება პროსახელისუფლებო საინფორმაციო გამოშვება, სადაც პირველი ახალი ამბავი არის ქვეყნის პირველ პირზე, მეორე ახალი ამბავი – მეორე პირზე და ეთერში დაფრინავენ პეპლები. მე ასეთ კურიერს არ გავაკეთებ.

შესაბამისად, ალბათ დაწერენ ბრძანებას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. შეცვლიან საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, რაც გარკვეულწილად მათ მისცემს საშუალებას, დაიწყონ მცდელობა, გააკონტროლონ საინფორმაციო პოლიტიკა. შემდეგი ფარი ამის დასაცავად არიან ჟურნალისტები. კურიერში არ მუშაობენ ის ჟურნალისტები, რომლებიც ხელს მოაწერენ, რომ გააკეთონ პროსახელისუფლებო საინფორმაციო გამოშვება. ალბათ შემდეგ დაიწყება ჟურნალისტების ჩანაცვლება, რომ მათ მოახერხონ სასურველი საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრა.

გაითვალისწინეთ, რომ არის ზაფხული. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში, შეიძლება მკვეთრი ნაბიჯები არ გადადგან ერთ ან ორ დღეში. უბრალოდ, მოამზადებენ კარგად ამ ყველაფერს, რომ სექტემბერში ჰქონდეთ ინსტრუმენტები საინფორმაციო პოლიტიკის სრულად გასაკონტროლებლად”.

როგორც ვხვდები, ოდნავადაც არ უშვებთ იმას, რომ არსებული რედაქცია ხელშეუხებელი დარჩება…

არ გვჯერა ამის. როგორ უნდა დავიჯეროთ? 4 წელი ჩვენ ვიყავით ომში და საარტილერიო ცეცხლი იყო გახსნილი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მისამართით. შესაბამისად, როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ ისევ ისეთი კრიტიკული ყოფილიყო კურიერი, როგორიც მანამდე; ყოფილიყო ისევ ისეთი გამოძიებები კურიერის ეთერში, რომელზეც მთელი ხელისუფლება იყო გადაწყობილი, ადამიანებს ხსნიდნენ, ათავისუფლებდნენ, აკავებდნენ… ეს ხომ წარმოუდგენელია? რა თქმა უნდა, ამის არც მე და არც გუნდს არ გვჯერა. კი, პაატა სალიამ გააკეთა განცხადება, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ სიტყვები. პაატა სალიასაც, რა თქმა უნდა, არავინ ჩაახედებს იმაში, როგორი უნდა იყოს კურიერი.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზეც გკითხავთ, რომელიც ასევე დავობს “რუსთავი2”-ზე. მისი თქმით, ტელეკომპანიის 80%-ზე უფლებებს 10 მებრძოლ ჟურნალისტს გადასცემს. აღნიშნულზე რა აზრის ხართ?

მე მოვისმინე ეს ეთერში. როგორც ვიცი, ირაკლი ოქრუაშვილი  ჩამოდის თბილისში თავის გეგმასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი მისი გეგმები, თუმცა ის დოკუმენტი, რომელიც წარადგინა მან სასამართლოში და გახდა დავის საგანი, მე მაქვს ამ თემაზე მომზადებული რეპორტაჟი 2 წლის წინ, როცა P.S-ის ჟურნალისტი ვიყავი. იმ დოკუმენტებში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ქიბარ ხალვაში იყო ნომინალური წარმომადგენელი და რეალურად, ირაკლი ოქრუაშვილის სახელით ახორციელებდა ამ ყველაფერს. არხზე მუშაობენ ადამიანები, რომელთაც ახსოვთ პერიოდი, როცა ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა “რუსთავი 2” და მაშინ ყველაფერი კეთდებოდა ირაკლი ოქრუაშვილის სახელით.

იურისტების ნაწილმა ტელეკომპანიის გუნდს პროფკავშირის შექმნა და კოლექტიური ხელშეკრულებების დადება ურჩია. ხომ არ განგიხილავთ ეს საკითხი?

მე არ განმიხილავს და იურისტებმა თუ განიხილეს, არ ვიცი.

 

netgazeti.ge