“ორი მილიარდელის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი” – თადუმაძე მაჭავარიანს

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ კომიტეტზე საკუთარ განათელბასა და დიპლომზე ისაუბრა. თადუმაძემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უმრავლესობის დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა მიმართა და მოუწოდა კომენტარი გაეკეთებინა პროფესიისა და დიპლომის შესახებ, რათა “დიპლომი მითქმა-მოთქმის საგანი არ იყოს”

“მე, 1992-2000 წლებში ის უმაღლესი სასწავლებლები დავამთავრე, რომელიც ლეგალურად კანონმდებლობით საქართველოში არსებობდა და განათლების დამადასტურებელი ის დოკუმენტები მივიღე, რა დოკუმენტებსაც ეს უმაღლესი სასწავლებლები გასცემდა. არც ერთი წუთით არ ვნანობ, რადგან დიპლომი არის არამატერიალური აქტივი და იმის მიხედვით ფასდება, თუ რამდენად შესძლო განათლებამიღებილმა პირმა თავის რეალიზება. არც ერთი დღე მე უმუშევარი არ ვყოფილვარ. ჩემზე, როგორც იურისტზე ყოველთვის იყო მოთხოვნა. ამ ქვეყანაში ორი მილიარდელის ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდელის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი. ამ ქვეყნაში, როგორც ადვოკატი, რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი. ამ დიპლომით შევძელი, რომ საკანონმდებლო ინიციატივებზე მემუშავა მთავრობის ნაწილში და ექვსი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო იმ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში, რომელსაც ან პირადად მე ვწერდი ან მე ვიღებდი მის დაწერაში მონაწილეობას. ამიტომ, არ მესმის, ჩემს განათლებასთან დაკავშირებით რატომ გაჩნდა კითხვები“, – განაცხადა თადუმაძემ ენძელა მაჭავარიანის პასუხად.

ავტორი: გურიის მოამბე