ჯერ საქართველოდან და ახლა უკვე უკრაინიდანაც დევნილი მეომარი, ბატალიონ „დონბასის“ ყოფილი წევრი დავით მარტიაშვილი მიმართვას ავრცელებს, რომელშიც თურქეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მზარდ საფრთხეებზეა საუბარი:
– ხალხო!
ქვეყანა ნაც ქოცების ძიძგილაობით არის დაკავებული და სხვა აღარაფერი აინტერესებს არავის.
მესმის რომ ამ ხელისუფლებისა და მისი უნიათო, კასტრირებული სპეც სამსახურების პირობებში საზოგადოებას არვინ ეტყვის იმ საშიშროების შესახებ, რაც ქვეყნის გაქრობით შეიძლება დასრულდეს, მაგრამ, დავიჯერო – ქვეყანა აღარავის გინდათ?
როდესაც სამშობლოსათვის სისხლს ვღვრიდით, იმ დროს ეს მანქურთები სხვადასხვა ქვეყნების სპეც. სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდნენ და აჰა შედეგი – დაგლიჯილი, დანაწევრებული, გაღატაკებული, უკიდურესად დასუსტებული საქართველო!
თუ ჩვენ ფეისბუქში ბათქა-ბუთქის გარდა რეალურად არ შეგვიძლია შევაჩეროთ ესენი, მაშინ ლოგიკური დასასრული იქნება ქვეყნის გაქრობა, მითუმეტეს, იმ დროს როდესაც მეზობელი მტრულად განწყობილი იმპერიის მადა იზრდება და მადასთან ერთად იზრდება მისი სამხედრო პოტენციალი.
ვინ თქვა ისტორია არ მეორდება?
აჰა შეხედეთ – 300 წლის შემდეგ, სამი დაშლილი და აღდგენილი იმპერია!!!
300 წლის შემდეგ იგივე გეოპოლიტიკური ინტერესები და იგივე პრეტენზიები ამიერკავკასიის მისაერთებლად!
მაგრამ დღეს, ისტორიულად ჩვენი მტერი იმპერიები ერთმანეთთან სამხედო პოლიტიკურ კოალიციას ქმნიან და მოლაპარაკებების გზით ხდება „პრეტენზიული“ ტერიტორიების გადანაწილება.
ჯერ კიდევ 2015 წელს ვწერდი რომ თურქეთმა რაღაცის სანაცვლოდ უარი თქვა ყირიმზე და ის აღიარა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიად.
იმ დროს რამდენიმე ვარიანტი არსებობდა, თუ რა მიიღო ერდოღანმა პუტინისაგან. იყო და რჩება ქურთების პრობლემა, მაგრამ, ყველაზე რეალური და ჩვენთვის საგანგაშო არის ის, რომ ყარსის ხელშეკრულებას ეწურება ვადა და დღეს ერდოღანმა რუსეთის სასარგებლოდ ისეთი გეოპოლიტიკური თამაში წამოიწყო, რომ, თუ ამერიკამ ვერ დაამხო ერდოღანი, დიდი ალბათობით ამ თამაშის საფასური ერდოღანისთვის საქართველო აღმოჩნდება. ერდოღანი საქართველოს გადაყლაპვას უპირებს!
ამ საშიშროებას აძლიერებს ირან-ამერიკის თითქმის საომარი მდგომარეობა. უკვე თვეების საკითხია თურქეთის ნატოდან გასვლა (ფაქტიურად ის უკვე გასულია!) რაც უფრო გააძლიერებს ბრძოლას საქართველოს ტერიტორიაზე, ამერიკასა და ამ სამეულს შორის. თუ ჩვენ არ გვეყოფა გონიერება, ეს პროცესი საქართველოს რუკიდან გაქრობით დასრულდება!
ცოტა ხნის წინ ინგლისმა თურქეთს შვეულმფრენების ძრავების მიწოდება შეუწყვიტა.
ამის საპასუხოდ, თურქეთმა და რუსეთმა სულ ახლახან, შვეულმფრენების ქარხნის ერთობლივად მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმეს და ამ ფაქტიდანაც კარგად ჩანს, რომ პლანეტის გეოპოლიტიკა სწრაფი ტემპით იცვლება და ჩვენ არამც თუ მზად არ ვართ საფრთხეთა ასაცილებლად ან მოსაგერიებლად, არამედ ვერთობით და ნაც-ქოცების ძიძგილაობას შევცქერით.
არადა, ამ ორმა ბოროტმა ძალამ ქვეყანა გაქრობის პირას მიყვანა.
ქვეყანა ხელიდან გვეცლება.
ისტორიას არ ახსოვს ასეთი დაკნინებული საქართველო, გარე მტერმა ვერაფერი რომ ვერ დაგვაკლო, შინა მტერი გვანადგურებს!
რაო? 2020 წლის არჩევნებით გვეშველება? ამ დროს შეიძლება ქვეყანა აღარც გვქონდეს! – წერს დავით მარტიაშვილი.
Tvalsazrisi.