აზერბაიჯანული მანათი დაეცა 2-ჯერ, რუსული რუბლი 2-ჯერ, თურქული ლირა 3-ჯერ, უკრაინული გრივნა 3-4-ჯერ.

    

“ლარის კურსთან და სებ-ს პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ძალიან ბევრჯერ მაქვს ამ თემაზე დაწერილი.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.
ზოგიერთები ლექციებს გვიკითხავენ რა ახდენს ლარის კურსზე ზეგავლენას. გახსენით ყველაზე პრიმიტიული ვიკი ენციკოპედია და ყველაფერს ამოიკითხავთ დაწყებული სავაჭრო ბალანსიდან, დამთავრებული აჟიოტაჟით.
აჟიოტაჟზე გამახსენდა, მახსოვს, 1-2 წლის წინ, აჟიოტაჟი არ მოქმედებსო თქვა, როცა ლარი ეცემოდა. რამდენიმე თვეში, როცა გამყარება დაიწყო, – აჟიოტაჟის ბრალიაო. ეს ისე…
არ მჯერა იმ ფინანსისტების, რომლებიც ზოგადი, უკვე გაცვეთილი ფრაზებით საუბრობენ, ექსპორტი უნდა გაიზარდოს, საექსპორტო პროდუქცია უნდა შევქმნათ და ა.შ. ახლავე, გადავრთავ მეორე ხაზზე და ექსპორტი გაიზრდება…
ვინმესგან მოისმინეთ კვალიფიციური რეკომენდაციები რა უნდა გაკეთდეს ვარდნის შესაკავებლად?
ერთმა დაწერა 29 მიზეზი. აქედან ნახევარი ლანძღვას ეხება, მთელ ქვეყანას ყველს ეძახის, რუსულად, ქართული ასოებით (ხომ ვერ გავიმეორებ, რასაც წერს და მერე სააგენტოები უსტატუსებენ?!).
მეორე ნახევარში აბსურდულ მიზეზებს ასახელბს:
– ქსენოფობია ყოფილა მიზეზი, კანის ფერის გამო ვიზებზე შეზღუდვებიაო;
– თურმე გადასახადები არ უნდა ავკრიფოთ და ლარი გამყარდება;
– თურმე მიწების გაყიდვის აკრძალვამ მიწების ფასი დააგდო და ა.შ.
მიწები ცალკე თემაა. ერთი, ეროვნებით არაქართველის (არ დავასახელებ საჯაროდ) საბუთები ჩამივარდა ხელში. 2009 წლიდან, სანამ დღევანდელმა პარლამენტმა კონსტიტუციურად მიწების გაყიდვა აკრძალა, ასობით ჰექტარი მიწა, სულ 15-მდე ნაკვეთი აქვს ან შესყიდული, ან არენდით აღებული, საქართველოს სასაზღვრო სოფლებში. რუსეთი ვართ თუ ავსტრალია, მიწები რომ ვყიდოთ? და ეს ადამიანები გარეჯის გამო იფხრიწავენ იოგებს. ამ მთავრობას რა ვუთხარი, პასუხს რომ ვერ გცემენ?!
ვინმემ გაანალიზა რა სურათი მივიღეთ მიწების ქაოთური გაყიდვით? ამბობენ ზურგზე ვერ მოიკიდებენ და ვერ წაიღებენო. ნეტა მოიკიდონ და წაიღონ, მე ჩავუტვირთავ ტომრებში, მაგრამ სხვა საფრთხეა, ზურგზე მოსაკიდებლად არ სჭირდებათ. ესეც ისე, დასაფიქრებლად.
კურსს დავუბრუნდეთ.
პირველი. ბოლო რამდენიმე წელში, აზერბაიჯანილი მანათი დაეცა თითქმის 2-ჯერ, რუსული რუბლი დაეცა 2-ჯერ, თურქული ლირა დაეცა 3-ჯერ, უკრაინული გრივნა დაეცა 3-4-ჯერ. ეს ქვეყნები საქართველოს სავაჭრო პარტნიორებია.
მაგრამ ეს ვარდნა არ იყო მკვეთრი. ის რაც 20 ივნისის შემდეგ განვითარდა, რასაც ემთხვევა ლარის მკვეთრი ვარდნა, ეს სახეზეა.
ჩვენ, საზოგქდოება, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად არ ვდგავართ?!
წლებია ვწერ, ნეგატივზე და დესტრუქციაზე ორიენტირებული საზოგადოება ვერ ვითარდება, ვერ განვითარდება. ეს 5%-იანი ზრდა, ამ გარემოში კიდევ კარგი შედეგია. ეს აქსიომაა. ვერ დამისახელებთ ვერცერთ მაგალითს მსოფლიოში. სამხედრო ხუნტის პირობებში უფრო უკეთესი შედეგებია ხოლმე, ვიდრე იმ გარემოში, როგორშიც ჩვენ ვართ.
ჩვენ გავრილოვის თემა ჯერ ხელისუფლების ჩამოსაქცევად გამოვიყენეთ, შემდეგ, როცა რუსული ტურისტული ემბარგო მივიღეთ, იმის ნაცვლად, რომ ერთობა გამოგვეჩინა გარე გამოწვევის წინააღმდეგ, აჟიოტაჟს ვაგრძელებთ.
დიდი მცდელობა იყო, რომ რუსეთთან საერთოდ შეწყვეტილიყო ვაჭრობა, რაც გაცილებით მძიმე შედეგებს მოიტანდა. საუბრობენ რუსეთის ეკონომიკას ნუ ებმებითო. ამას ამბობენ ისინი, რომლებიც 2008-ში, 2012-ში სასწაულ განცხადებებს აკეთებდნენ რუსეთთან დიალოგის აღდგენაზე, ვაჭრობის და კულტურის მიმართულებით გააქტიურებაზე და ა.შ. დავდებ ამ ვიდეოებს. დავწერე უკვე როგორ შევუშვით WTO-ში, რაც სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას ითვალისწინებდა; როგორ გავუხსენით რუს ტურისტებს საზღვარი და ა.შ. ბნელა?
თქვენი შიდაპოლიტიკური ურთიერთკინკლაობა გვაზიანებს, ჩვენ გვაზიანებს, მე მაზიანებს და ნუ გვთვლით ბრბოდ.
როცა ეკონომიკური მაჩვენბლები მკვეთრად არ გაუარესებულა, ოროსანი ეკონომისტიც მიხვდება, რომ ვალუტის მკვეთრი ვარდნა და ტენდენციის ყოველდღიურ რეჟიმში გაჰრძელება, ყოველთვისაა გამოწვეული რაიმე კონკრეტული მიზეზით.
ჩვენი მცირე სავალუტო ბაზრის პირობებში ეს ზუსტადაც, დიდი ალბათობით უკავშირდება ტურისტულ ემბარგოს.
როცა გასულ წელს ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარზე მეტი შემოვიდა, ამ თანხიდან გამოყავით რუსეთის წილი, გაყავით უხეშად 12 თვეზე, შეგიძლიათ 4 კვარტალზე და გაიგებთ რა მოცულობის დოლარი დააკლდა სავალუტო ბაზარს ამ კონკრეტულ მცირე მონაკვეთში და რა მოლოდინები შექმნა თუნდაც ტურისტული სეზონისთვის.
როცა საუბრობთ, რომ რუსეთის ტურისტები მაინც შემოდიანო, წარმოდგენა არ გაქვთ რამდენს ხარჯავენ ფიზიკური პირები და კორპორატიული ჯგუფები, რომლებზეც იყვნენ ორიენტირებულები ტურისტული კომპანიები.
თითო კორპორატიული ჯგუფის ბიუჯეტი შეადგენდა 10-დან 300 ათას დოლარამდე, პლუს სასტუმროს ხარჯები და პლუს ჯგუფის წევრების მიერ ინდივიდუალურად გაწეული ხარჯები.
ამ სიტუაციაში, როცა რუსეთმა ემბარგო გამოგვიცხადა, ერთმანეთს კი არ უნდა ვჭამდეთ, აჟიოტაჟით ზიანს კი არ უნდა ვაყენებდეთ ეროვნულ ვალუტას, არამედ:

1. ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს, რომ გადავიტანთ ამ გამოწვევას. დაგავიწყდათ 2008 წელს, ომის დაწყების გამო როგორ შეწყვიტა ოპოზიციამ პოლიტიკური ბრძოლა? ემბარგო ომია, ომი, ეკონომიკური ომი!

2. არც ერთი ქართველი არ უნდა წასულიყო დასასვენებლად ქვეყნის გარეთ, მაგრამ გადიან. ჩვენ კი ვაზიარებთ ბრიტანეთის ელჩის და სხვების მოწოდებებს “დაისვენეთ საქართველოშიო”. ჩვენც დავისვენოთ. 1000 გასული ტურისტი 1000 დოლარზე რომ გავამრავლოთ, მილიონი დოლარია.

3. თუკი დოლარები გვაქვს ბალიშებში, ანგარიშებზე, ნაწილობრივ მაინც ბაზარზე უნდა გამოვყაროთ და ლარი ვიყიდოთ. ასე მოიქცნენ თურქები. ესეც ისე, დასაფიქრებლად.

რაც შეეხება სებ-ს პოზიციას და ბოლო განცხადებას.

გუშინ ვინც უსმინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სატელევიზიო კომენტარს, მას, ისევე როგორც მთავრობას, არ აქვს სებ-სთვის მითითებების მიცემის უფლება. თუმცა, მცირე კომენტარში ოთხჯერ ახსენა რომ სებ-ს ზემოქმედებისთვის ყველა ბერკეტი გააჩნიაო.
ახლა ვაპირებდი დაწერას, რომ სებ აგვიანებს ზომების მიღებას, თუმცა ამ წამს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვალ 40 მილიონი დოლარის მოცულობის ინტერვენციას გეგმავს.
ვფიქრობ, აჟიოტაჟის პიკამდე მეტი ინფორმირება იყო საჭირო და ინტერვენციაც ოდნავ ადრე იყო საჭირო. ინტერვენციის ეფექტი იკარგება, ხოლმე როცა მაღალი აჟიოტაჟია და ეს აჟიოტაჟი პანიკას უახლოვდება.
ასეთ ვითარებაში მართლაც ჰაერში გასროლილია ხოლმე ის სავალუტო რეზერვები, რომლებსაც სებ ხარჯავს. დეტალებში არ შევალ.
სებ-ს მოვუწოდებ მეტი აქტიურობისკენ, მეტწილად საზოგადოების და ბიზნესის ინფორმირების, ასევე სხვა ბერკეტების დროული გამოყენების მიმართულებით.
საზოგადოებას, პოლიტიკოსებს, ჩემს კოლეგებს, ყველას მოვუწოდებ სავალუტო ბაზრის და ბიზნესის სიმშვიდეს შეუწყოს ხელი. ესაა საზოგადოებრივი ინტერესი და არა აჟიოტაჟი. ვისაც ხელეწიფება, დაწერეთ კვალიფიციური ანალიზი. ეს სიმშვიდეს არ უშლის ხელს.
მთავრობისთვისაც ვაპირებდი რჩევებს, მაგრამ სხვა დროს იყოს…
ერთი რამ უნდა გვახსოვდეს. ჩვენი ქვეყანა აბობოქრებულ ოკეანეში იალქნებიან ნავში ზის. თუ გვესიამოვნება და გავუძლებთ, შევანჯღრიოთ ხოლმე, ოღონდ შედეგებზეც ვიფიქროთ” – წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე.
progresnevs.ge.